top of page
Search
Writer's pictureAI Law

აშკარა წარმომადგენლობა გარიგებაში (apparent authority)

თუკი კომპანია კლიენტთან ურთიერთობას ამყარებს მესამე პირის მეშვეობით, მაშინ დადებული გარიგების მხარე ხდება კომპანია, თუკი მისმა მოქმედებებმა კლიენტს კეთილსინდისიერად შეუქმნა ამგვარი მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირი არც კომპანიის თანამშრომელია და მასზე არც სპეციალური მინდობილობაა გაცემული.



⚖️ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინება №ას-1145-1065-2017


📌 ფაქტობრივი გარემოებები


მოსარჩელემ საკუთარ სახლში ჩაატარა გადახურვის სამუშაოები, რაშიც მოპასუხეს გადაუხადა შესაბამისი ანაზღაურება. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ნაკლოვანი იყო, რამდენადაც გადახურვაში მაინც აღწევდა ატმოსფერული ნალექი (წვიმა). მოსარჩელემ მოპასუხისგან მოითხოვა ნაკლის აღმოფხვრა, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, მოსარჩელემ თავად გამოასწორა ნაკლი, თავიდან გააკეთა გადახურვა და მოპასუხისგან მოითხოვა ნაკლის გამოსწორებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მოპასუხემ (კომპანია) სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა არ დაუმყარებია. მოპასუხის მითითებით სახელშეკრულებო ურთიერთობა დამყარდა მოსარჩელესა და ფიზიკურ პირს შორის, რომელთანაც, მართალია, მოპასუხე თანამშრომლობს (პერიოდულად იღებს მისგან მომსახურებას ტექნიკური ნახაზების შედგენის, სამუშაოების დაგეგმვის და მათი შესრულების სფეროში), თუმცა მის მაგივრად პასუხს არ აგებს დადებულ ხელშეკრულებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც ძალაში იქნა დატოვებული სააპელაციო სასამართოს მიერაც. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სახელშეკრულებო ურთიერთობა დაამყარა კომპანიასთან (რაც დასტურდებოდა ზედნადებით); ასევე, ფიზიკური პირი, რომელზეც მოპასუხე მიუთითებდა, თანამშრომლობდა მოპასუხე კომპანიასთან და მასალის მოსარჩელისათვის მიწოდება, სწორედ, აღნიშნულმა პირმა განახორციელა მოპასუხისვე კუთვნილი ავტომანქანით. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობა დაამყარა მოპასუხის თანამშრომლის/წარმომადგენლის მეშვეობით.


📌 სასამართლო მსჯელობის შეჯამება


უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ძირითადად დაეთანხმა ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებებს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დამყარდა. აღნიშნულ ურთიერთობაში მოპასუხე წარმოდგენილი იყო სწორედ იმ ფიზიკური პირით, რომელსაც მოპასუხე ხელშეკრულების მხარედ ასახელებდა (მუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მასზე გაცემული მინდობილობა ან უფლებამოსილების მიმნიჭებელი სხვა დოკუმენტი). უზენაესმა სასამართლომ მიუთითა სსკ 104.2 მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხის და მის მიერ დასახელებული ფიზიკური პირის მოქმედებებმა მოსარჩელეს კეთილსინდისიერად აფიქრებინა, რომ მას ურთიერთობა ქონდა კომპანიასთან და არა უშუალოდ სამუშაოების განმახორციელებელ ფიზიკურ პირთან.

6 views0 comments

Comments


bottom of page