top of page
Search
Writer's pictureAI Law

ბავშვის საცხოვრებელი ადგილი

⚠️ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, ისევე, როგორც ბავშვის თაობაზე ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით.

⚠️ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოიცავს, ასევე, ბავშვის უსაფრთხო გარემოში ყოფნის უფლებასაც, რაც გულისხმობს მის დაცვას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობისაგან.

 

👉 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი

👉 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-705-705-2018


🔴 ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელემ (ბავშვების მამა) სარჩელი აღძრა საკუთარი მეუღლის წინააღმდეგ (ბავშვების დედა) და მოითხოვა ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ასევე, მოპასუხე დედისათვის შვილების თავისთან საცხოვრებლად წაყვანისა და წარმომადგენლობის უფლებების შეზღუდვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბავშვებს არ აქვთ დედასთან ურთიერთობის სურვილი, რაც გამოწვეულია დედის მიუღებელი ცხოვრების წესით. კერძოდ, მისი ურთიერთობით არაერთ მამაკაცთან, რაც ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.


მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქორწინების პერიოდში მეუღლეთა შორის არსებობდა კონფლიქტური ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის მოქმედებებით, რომელიც ბავშვების თანდასწრებით მოპასუხეს აყენებდა შეურაცხყოფას და ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მონაწილეობას არ იღებს ბავშვების რჩენაში და თავს არიდებს საალიმენტო ვალდებულებების შესრულებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მამის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

 

🔴 სასამართლოს მსჯელობის შეჯამება

 

საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო (1) ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და (2) მშობლის უფლებების შეზღუდვის კანონიერება.


აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354(1) მუხლისა და საოჯახო სამართალში დამკვიდრებული ინკვიზიურობის პრინციპის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, დაავალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური ფსიქოლოგის გამოყოფა და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის, მათი მშობლებთა ფსიქოლოგიური დამოკიდებულების შესწავლა. საქმეში წარდგენილი იყო ფსიქოლოგთა არაერთი დასკვნები, რომლებმაც გამოიკვლიეს როგორც მამის, ისე დედის საცხოვრებელი გარემო, ბავშვების დღის რეჟიმი და მათი დამოკიდებულება მშობლების მიმართ. ამასთან, ბავშვებთან პირდაპირი გასაუბრება განახორციელეს მოსამართლეებმაც, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. ფსიქოლოგთა დასკვნებითა და ბავშვებთან ჩატარებული გასაუბრებით გამოიკვეთა მათი ნეგატიური დამოკიდებულება დედის მიმართ, კერძოდ, ბავშვებს განსაკუთრებით აწუხებდათ ის გარემოება, რომ დედის ცხოვრებაში გამოჩნდა მათთვის უცხო მამაკაცი, რომლის მიმართაც ქონდათ მიუღებლობის განცდა. თუმცა, ბავშვები დედასთან შეხვედრაზე და მასთან ურთიერთობაზე გადაჭრით უარს არ აცხადებდნენ. ამასთან, ბავშვებს პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნდათ მამის მიმართ.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით კანონმდებლობა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას რომელიმე მშობელს უპირატესობას არ ანიჭებს. გადამწყვეტია მშობლების ერთობლივი ნება, თუმცა, დავის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო და იგი ხელმძღვანელობს ბავშვების საუკეთესო ინტერესებით. ეს, ასევე, გამომდინარეობს 20/11/1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციიდანაც, რომელიც ყველა სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. უზენაესი სასამართლოს მითითებით ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება სამ განზომილებიანია: (1) მატერიალური უფლება - ბავშვს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ბავშვის საუკეთსო ინტერესების შესაბამისად; (2) ძირითადი სამართლებრივი პრინციპი - როდესაც სამართლის ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნას ისეთი განმარტების, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს; და (3) საპროცესო ნორმა - გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ / ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს გადაწყვეტილების შედეგობრივი გავლენა ბავშვზე და სათანადოდ უნდა დაასაბუთოს, თუ რა და რატომ მიიჩნია ბავშვის საუკეთსო ინტერესებად. სასამართლოს განმარტებით კონვენციით დადგენილი ვალდებულება ვრცელდება ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოზე, სასამართლოზე, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებზე, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებული არიან ბავშვებთან.

 

ამავდროულად, კონვენციის მიზანია, შეძლებისდაგვარად, შენარჩუნებულ იქნეს ოჯახის ერთობა. სასამართლოს განმარტებით ოჯახის განცალკევების პრევენცია და ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება ბავშვთა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. ხოლო, თუკი ბავშვი მაინც დაშორდება ერთ-ერთ მშობელს, იგი უფლებამოსილია რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მაგალითად, ეკონომიკური მიზეზები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული გამართლებად ბავშვის მშობლებთან დაშორებისათვის. დაშორება შეიძლება განხილული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ოჯახისათვის აუცილებელი დახმარება ოჯახის შესანარჩუნებლად არ არის საკმარისად ეფექტიანი ბავშვის უგულვებელყოფის ან მიტოვების, ან ბავშვის უსაფრთხოების რისკის პრევენციისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოიცავს, ასევე, ბავშვის უსაფრთხო გარემოში ყოფნის უფლებასაც, რაც გულისხმობს მის დაცვას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, თანატოლთა მხრიდან ზეწოლისაგან, ჩაგვრისაგან, დამამცირებელი მოპყრობისაგან, ასევე სექსუალური, ეკონომიკური და სხვა სახის ექსპლუატაციისაგან, ნარკოტიკებისაგან, შრომისაგან, შეიარაღებული კონფლიქტისაგან და ა.შ.

 

აღნიშნული სტანდარტისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვებისათვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი მათ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრებოდა მამის საცხოვრებელი ადგილი, რომლის მიმართაც ბავშვებს პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნდათ, თუმცა, ამავდროულად, ბავშვებისათვის სასარგებლო იქნებოდა დედასთანაც ქონოდათ პერიოდული ურთიერთობა. ამის გამო, საკსაციო სასამართლომ დედას მიანიჭა ბავშვთან შეუზღუდავი კონტაქტის დამყარების უფლება, მათ შორის, უქმე ან/და სადღესასწაულო დღეებში ბავშვების თავისთან ღამის თევით წაყვანის უფლება. ამავდროულად, საკასაციო სასამართლომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა ბავშვებისათვის სპეციალური ფსიქოლოგის გამოყოფა, რომელიც დაეხმარება მათ დედასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში და სტრესთან გამკლავებაში.

18 views0 comments

Comments


bottom of page