დაცვა ბნელი ხელოვნებისგან
- Gocha Okreshidze
- Dec 14, 2024
- 2 min read
დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 14 დეკემბერი
დღეს, ბოლოს და ბოლოს, „კვლევისა და ანალიზის გაღრმავებული კურსის“ სახიფათო საგანს შევეჭიდე. უფრო სწორად, ვცადე. ხომ იცით, ის გლამურული, ერთწლიანი ტრენინგი, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვძებნოთ სამართლებრივი წყაროები Westlaw-ში, LexisNexis-ში, HeinOnline-სა და, სავარაუდოდ, მტვრიანი იურიდიული ჟურნალების ბნელ ჯურღმულებში, რომლებისთვისაც ცივი ომის შემდეგ ხელი არავის უხლია. კვლევის სათანადო უნარების გარეშე წესიერი ანალიზის დაწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია – ეს იგივეა, პურის გამოცხობა სცადოთ ფქვილის გარეშე, ან უარესი, ფქვილით, მაგრამ სიცოცხლის ხალისის გარეშე.
ეს საკითხი პროფესორ პიგუსთან ყოველკვირეულ შეხვედრაზე წამოვჭერი. ჩემდა გასაკვირად, იდეა მოეწონა და მითხრა, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეო. ეს გამამხნევებელი იყო, ოღონდ ისე, როგორც ყოველგვარი უფლებამოსილებისგან დაცლილი ადამიანის ნათქვამი — „დიახ, შენ ამას შეძლებ“ — გაგამხნევებდა. წამით გავიფიქრე, ხომ არ ვთხოვო-მეთქი, ჩემ მაგივრად დალაპარაკებოდა იმ კურსის პროფესორს, მაგრამ გადავიფიქრე. ბოლოს და ბოლოს, დეკანთან შეხვედრა უკვე ჩანიშნული მქონდა და რატომ უნდა გამეშვა პირდაპირი უარის მიღების შესაძლებლობა?
დეკანს რომ შევხვდი, სხვა თემებით დავიწყეთ. აინტერესებდა, რამდენად კმაყოფილი ვიყავი პროგრამით, პროფესორთან შეხვედრებით, როგორ გავდიოდით მასალებს, რამდენი დრო მრჩებოდა ლექციამდე და ა.შ. ყველა ის კითხვა, რომლებზეც პასუხი აშკარად უკვე იცოდა – ალბათ, ყოველწლიური რიტუალის ნაწილი, როცა სტუდენტს ზრდილობიანად ახსენებენ, რომ მას აკვირდებიან. მითხრა, რომ ეს „სავალდებულო“ შეხვედრა იყო JSD-ის ყველა სტუდენტისთვის, რაც, რატომღაც, ნაკლებად დამამშვიდებლად ჟღერს, ვიდრე უნდა ჟღერდეს, და გამომიცხადა, რომ მომავალ სემესტრში ქალაქში არ იქნებოდა, ამიტომ „მხარდაჭერას ვერ გამიწევდა“. ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ საკმარისზე მეტი „მხარდაჭერა“ მივიღე ბოლო დროს. სხვებს ეს შეიძლება სჭირდებათ; მე კი იმ ფაზაში ვარ, რომ ყველას ვაგრძნობინებ: „გთხოვთ, მართვის სადავეები მე მომანდოთ“.
შესაფერის მომენტს დაველოდე და ბოლოს ვკითხე: „კიდევ ერთი რამ მინდოდა მეკითხა კვლევისა და ანალიზის გაღრმავებული კურსის შესახებ. შემიძლია ავიღო ეს კურსი?“
მისი რეაქცია ჩემს მეხსიერებაში დაციკლული გიფივით ჩაიბეჭდა. თავი ოდნავ ასწია, მზერა ზემოთ და მარჯვნივ გაექცა, თითქოს ჭერის ფილებზე ღვთაებრივ მინიშნებას ეძებდა, და მერე თქვა: „არა, ამ კურსს ვერ აიღებთ“. თავი ვიგრძენი, როგორც სტუმარმა, რომელიც მასპინძელს ჩაკეტილი სხვენის ოთახის დათვალიერებას სთხოვს და რომელსაც ზრდილობიანი ღიმილით პასუხობენ, რომ ეს გაუგებარი მიზეზების გამო აკრძალულია. მერე, ალბათ, საკუთარი „არას“ პირდაპირობა რომ შეემსუბუქებინა, დაამატა, რომ ეს „ექსპერიმენტული“ კურსი იყო და პროფესორს თუ მივმართავდი, იქნებ განეხილათ კიდეც ჩემი კანდიდატურა.
წამოვედი და მაშინვე მის ასისტენტს მივწერე, რომელიც ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა. ვიკითხე, ვინ იყვნენ პროფესორები და როგორ დავკავშირებოდი მათ. პასუხად მივიღე, რომ კურსი „ექსპერიმენტული“ იყო. კიდევ ერთხელ. მე რატომ არ შემიძლია ექსპერიმენტში მონაწილეობა? ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს — შემთხვევით კანონების პოვნის უკეთესი გზა აღმოვაჩინო?
კურსების სიიდან, მხოლოდ სათაურებზე დაყრდნობით, ეჭვმიტანილთა წრე ორამდე დავიყვანე. ორივეს მივწერე. პირველმა პროფესორმა შემატყობინა, რომ მისი კურსი, სინამდვილეში, ბოლო სემესტრის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც ადვოკატთა გამოცდისთვის ემზადებოდნენ, ასე რომ, იმასთან ახლოსაც არ იყო, რაც მჭირდებოდა. წამით გავიფიქრე, ხომ არ ამეღო მაინც — ადვოკატის ლიცენზია ჩემს CV-ში კარგად გამოჩნდებოდა — მაგრამ ყოყმანმა მძლია.
მეორე პროფესორი ნამდვილად ჩემი სამიზნე აღმოჩნდა. მან განმიმარტა, რომ კურსი სულაც არ იყო „ექსპერიმენტული“, არამედ „ექსპერიენციული“. გული დამწყდა; მე ბუნსენის სანთურები და, შესაძლოა, კონტროლირებადი აფეთქება წარმომედგინა. ამის ნაცვლად, ის რეალური იურიდიული პრაქტიკის იმიტაციისთვის ყოფილა შექმნილი. პირველი რამდენიმე ლექცია — სასამართლო პრაქტიკის, კანონმდებლობის, რეგულაციების განხილვა — ჩემთვის რელევანტური იქნებოდა და შემეძლო დავსწრებოდი. მაგრამ ამის შემდეგ, გამაფრთხილა, რომ კურსი ჩემი დროის ფუჭ ხარჯვაში გადაიზრდებოდა. დამარწმუნა (როგორც ყველა ამას აკეთებს), რომ ის კვლევაში „ჩემს მხარდასაჭერად“ იყო მომართული და ამის დასამტკიცებლად, იანვარში შეხვედრის დაგეგმვა შემომთავაზა, ჩემი იდეების განსახილველად.
მე კი სულ რაღაც „სამართლებრივი კვლევის გაღრმავებული კურსის“ გავლა მინდოდა. ან, სულ მცირე, მასალებზე რომ მქონოდა წვდომა. როგორც ჩანს, ორივე მეტისმეტად „ზედმეტი“ აღმოჩნდა ამჟამინდელი სისტემისთვის.




Comments