top of page
Search
Writer's pictureAI Law

ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება და ვალის პატიება

Updated: Oct 28, 2023

👉 ვალის პატიება ორმხრივი გარიგებაა, რომელშიც არაორაზროვნად უნდა იქნას დაფიქსირებული მხარეთა ნება ვალის პატიების თაობაზე. ვალის პატიების ვარაუდი დაუშვებელია. 👉 ერთ-ერთი სოლიდარული თავდების მიერ ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება, რასაც მოყვება კრედიტორის/მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნის პროპორციული შემცირება, არ წარმოადგენს ვალის პატიებას სსკ 450-ე მუხლის შესაბამისად, თუკი შეთანხმებაში სხვა რამ არ იქნება მითითებული.


📔 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 450(3) და 465-ე მუხლები ⚖️ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1087-1018-2012


📌 ფაქტობრივი გარემოებები


მხარეებს შორის დაიდო ორი ლიზინგის ხელშეკრულება, რომელთა უზრუნველსაყოფადაც შეთანხმდა სოლიდარული თავდებობა. სოლიდარული თავდებები საქმეში ჩართულები იყვნენ თანამოპასუხეებად. ორივე ხელშეკრულება მოპასუხემ დაარღვია, ვინაიდან არ გადაიხადა გრაფიკით გათვალისწინებული ლიზინგის საფასური. გარდა ამისა, მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მიუხედავად საფასურის გადახდისა, მოპასუხემ მოსარჩელეს შეთანხმებული ნასყიდობის საგანი არ მიაწოდა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეთაგან სოლიდარულად მოითხოვა ლიზინგის საფასურის და პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე, გადახდილი ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნება. დავის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სოლიდარულმა თავდებმა მოსარჩელის მოთხოვნა 23,000 აშშ დოლარით დააკმაყოფილა (გადასცა მას ამ ღირებულების ქონება) რის გამოც მოსარჩელემ მოთხოვნა პროპორციულად შეამცირა, ხოლო ამ კონკრეტული თავდების მიმართ მოთხოვნაზე სრულად უარი განაცხადა.


მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. სალიზინგო საფასურის ნაწილში მათ მიუთითეს, რომ მოთხოვნა უნდა გაქვითულიყო უკვე განხორციელებული გადახდებისა და ლიზინგის საგნის საფასურში. ხოლო, პირგასამტეხლოს ნაწილში მათ მიუთითეს ხანდაზმულობაზე. ნასყიდობის ფასის უკან დაბრუნების ნაწილში კი თავდებებმა განაცხადეს, რომ მათთვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა და, შესაბამისად, არც მისი თავდებობა უკისრიათ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სალიზინგო საფასურის, პირგასამტეხლოს ნაწილისა და ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნების ნაწილში. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს, მხოლოდ, თავდებმა პირებმა, რაც დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან კრედიტორმა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე გაათავისუფლა ვალდებულებისგან და მის მიმართ უარი განაცხადა მოთხოვნაზე, ამიტომ სსკ 450(3) მუხლის თანახმად ვალდებულებისგან გათავისუფლდა ყველა დანარჩენი თავდებიც.


📌 სასამართლოს მსჯელობის შეჯამება


კასატორი კომპანია აპელირებდა სოლიდარული თავდების მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე (სსკ 379-ე მუხლი) და მიუთითებდა, რომ ეს არ უნდა იქნას განმარტებული, როგორც ვალის პატიება, რაც სსკ 450(3) მუხლის გამოყენების წინაპირობაა. კასატორის პოზიციით ადგილი ქონდა ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას, რაც ვალდებულების სრულად შეწყვეტას ვერ გამოიწვევდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა ერთ-ერთი თავდების მიერ ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება (23,000 აშშ დოლარის ნაწილში) და ამის გამო მოთხოვნის პროპორციული შემცირება რამდენად ათავისუფლებდა სხვა სოლიდარულ თავდებებს ვალდებულებისაგან.


უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ ადგილი არ ქონია ვალის პატიებას სსკ 450(3) მუხლის თანახმად და, შესაბამისად, სოლიდარული თავდებები ვერ გათავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისაგან. სასამართლომ განმარტა, რომ ვალის პატიება ორმხრივი გარიგებაა, რომელშიც გარკვევით უნდა აისახოს მხარეთა ნება ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე. გარიგებაში მხარეთა ნება მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე (სსკ 448-ე მუხლი) არაორაზროვნად უნდა იქნას დაფიქსირებული. სასამართლოს შეფასებით ვალის პატიების ვარაუდი დაუშვებელია. ხოლო, ვინაიდან საქმეში წარდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას ვალის პატიების თაობაზე, ამიტომ იგი არ შეიძლება ამგვარად იქნას შეფასებული. ასეთ შემთხვევაში მხარეთა მორიგება უნდა განიმარტოს სსკ 465-ე მუხლის კონტექსტში, რომლის თანახმადაც კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

17 views0 comments

Comments


bottom of page