top of page
Logo

იერსახეები

დღიურის ჩანაწერი: 2025 წლის 8 აპრილი

           

კოვიდმა და პანდემიის გლობალურმა გავრცელებამ ჩვენს ყოფაში სეისმური ძვრები გამოიწვია. ვინ იცის, იქნებ ეს მხოლოდ გენერალური რეპეტიცია იყო — მსოფლიოს დისტანციური მართვის ერთგვარი წვრთნა გლობალური ომებით გამოწვეულ ფიზიკურ ნგრევამდე? თუმცა, ამ ქაოსიდან ერთი ახალი „ღვთაება“ აღზევდა: Zoom.


რეალური შეხვედრები ვირტუალურმა სივრცემ შთანთქა. ჩვენი ყოველდღიურობა უცბად იქცა გროტესკულ კომედიად, რომელმაც ყველაფერი წალეკა: უშარვლო დირექტორები, ჩართული მიკროფონებიდან გაპარული უხერხული ფრაზები და კადრში მოულოდნელად შემოჭრილი ბავშვები თუ შინაური ცხოველები. ამ ციფრული თეატრის „ხიბლი“ მეც ვიწვნიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებისა და სემინარების ჩატარებისას. ეს უფრო სიცარიელესთან გამართულ მონოლოგს ჰგავდა; სტუდენტები კამერებს იშვიათად რთავდნენ და შავი ეკრანების ამარა მტოვებდნენ — ღმერთმა უწყის, რა ქაოსი ტრიალებდა იმ ჩამქრალი კვადრატების მიღმა.


სწორედ ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში და ველოსიპედის პედლების ბრუნვას ერწყმოდა, როცა უნივერსიტეტისკენ მიმავალმა ქუჩაში ნაცნობი სილუეტი დავლანდე. პროფესორი პიგუ!


გზაჯვარედინს კვეთდა — ჯინსსა და სვიტერში გამოწყობილი, თმააწეწილი, ცხვირზე ჩამოცურებული სქელი სათვალით. ტუჩებს აცმაცუნებდა, რაც უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ სასადილოდან ახალი გამოსული გახლდათ. მისთვის მისასალმებლად სვლა არ შემინელებია; მწვანეზე გადადიოდა და მთელი ყურადღება გზაზე ჰქონდა გადატანილი. თანაც, ჩვენი გზები მოგვიანებით, უნივერსიტეტის აუდიტორიაში მაინც გადაიკვეთებოდა. იქ კი გარემო უკვე მკაცრი იქნებოდა, წესრიგი — აღდგენილი, ხოლო ფორმალობა — დაბრუნებული.

Comments


bottom of page