top of page
Logo

იოცნებე ცოტა, მე კი განვაგრძობ!

დღიურის ჩანაწერი: 2025 წლის 3 თებერვალი


დღეს დიდი ხნის ნანატრი „ილინოისის ოცნებები“ გაიმართა — გადახდისუუნარობის ისეთი ვნებიანი ზეიმი, რომელიც კაცს აფიქრებინებს, თითქოს თვითონ გაკოტრებას ვცემდეთ თაყვანს. ამერიკის საუკეთესო გაკოტრების სპეციალისტები უნივერსიტეტს მოაწყდნენ კეთილშობილური მისიით: გაენათლებინათ ახალგაზრდობა, ეპასუხათ კითხვებზე და, თუ ფინანსური კრახის ღმერთებისგან ნამდვილად კურთხეული იყავი, სამსახურიც შემოეთავაზებინათ შენთვის. პირადად მე ღონისძიებაზე, იმედით, ზომიერად დაუთოებული კოსტიუმითა და მძაფრი ეგზისტენციალური შიშით შეიარაღებული გამოვცხადდი.


ერთ-ერთი მოდერატორი რადგან ვიყავი — მადლობა პროფესორ პიგუს ამ პატივისა ტუ ხაფანგისთვის — შესაშური ამოცანა მქონდა, დამეორგანიზებინა, სიტუაცია მეკონტროლებინა და ფიზიკურად ახლოს ვმდგარიყავი რეალური ძალაუფლების მქონე ხალხთან. ჩვენ საფუძვლიანად მოვემზადეთ და ამაღელვებელი იმეილ მიმოწერაც გავაჩაღეთ. „მოვემზადეთში“ იმას კი არ ვგულისხმობ, რომ რაიმე განსაკუთრებული რეპეტიცია გავიარეთ, არამედ იმას, რომ ბევრს ვსაუბრობდით თუ როგორ კარგად ვიყავით მომზადებულები. იმპროვიზაცია, ბოლოს და ბოლოს, ხომ აკადემიის ჯაზია? მახსოვს, იმეილების ჯაჭვში — საგულდაგულოდ შერჩეული ცნობისმოყვარეობის პატარა ციფრულ სალონში — ჩემ მიერ შეთავაზებულ ყველა კითხვას, რბილად რომ ვთქვათ, „კეთილგანწყობილი რედაქტირება“ ხვდა წილად. ორი მათგანი დაუყოვნებლივ სანაგვეზე მოისროლეს, როგორც ზედმეტად პოლიტიკური, რაც, როგორც ჩანს, ცოდვაა კერძო სექტორის წმინდა სათაყვანისმცემლოში. ხომ გესმით, ეს არ იყო დრო და ადგილი პროვოკაციული კითხვების დასასმელად, მაგალითად, როგორ შეიძლება სასამართლო სისტემის გაუმჯობესება. ღმერთმა დაგვიფაროს! ეს იყო სისტემის ზეიმი ზუსტად ისეთის, როგორიც არის — უნაკლო, მარადიული, მოგებაზე ორიენტირებული. ჩემი დანარჩენი დასაჭურისებული კითხვები ზრდილობიანად გადანაწილდა სხვა მოდერატორებზე, „თანამშრომლობისა“ და „საერთო თანამონაწილეობის“ სახელით. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან დემოკრატიული იყო. მეც მინდოდა მნიშვნელოვანი როლი მეთამაშა — იდეალურ შემთხვევაში ისეთი, რომელიც სხვისი სცენაზე დგომისთვის მხოლოდ ტექსტების ჩუმად წერით არ შემოიფარგლებოდა. ალბათ, მიხვდებით, რომ ჩემი ენთუზიაზმი ნოსტალგიით იყო შეზავებული, რადგან პოსტსაბჭოთა ზონიდან ვარ, სადაც ცენზურას იმდენი შინაგანი პატიოსნება მაინც ჰქონდა, რომ უნიფორმით ევლო. ჩავიცვი ჩემი ნაცრისფერი კოსტიუმი, რომელიც ყვიროდა: „დამიქირავეთ, მაგრამ ბევრ ღიმილს ნუ მომთხოვთ“, და მზად ვიყავი სიდიადისთვის.


დილის 8 საათზე გავიღვიძე, რაც სასჯელივით იყო, სანამ ტვინმა არ შემახსენა, რომ დღეს შთამბეჭდავი უნდა ვყოფილიყავი. ამან ნებისმიერ კოფეინზე სწრაფად გამომაფხიზლა. ცა ლურჯი იყო, ქარი — აგრესიული, და ჩემმა გიგანტურმა წითელმა პალტომ კამპუსისკენ მიმავალ გზაზე მოდურ რადიატორად მაქცია. დაცვარული კანის ზედაპირები ბუნების ხერხია, გითხრას, რომ „ისევ ზედმეტად თბილად ჩაგვიცვამს“.


უნივერსიტეტი ჯერ კიდევ ღონისძიებამდელ მშვიდ მდგომარეობაში მეჩვენა, რაც ნიშნავს, რომ იგი ძირითადად ცარიელი, უცნაურად ჩუმი და რაღაცნაირად განმკითხველი იყო. დილით ლექცია მქონდა, რადგან არაფერი ყვირის „დიდი კარიერული შესაძლებლობების დღეს“ ისე, როგორც ვალდებულების პრელუდია. როცა გამოვედი, თვალი მოვკარი თავად პროფესორ პიგუს — ჩვენს უშიშარ ლიდერს — რომელმაც, მოულოდნელად, სრულიად სხვა ოთახში შეუხვია და იმის მერე აღარავის უნახავს. სიმბოლური ჟესტი იყო, ალბათ.


შემდეგ კი დაიწყო ნამდვილი ამბავი. ფოიეში ლანჩის ყუთები იდგა, რომლებიც — როგორც რაციონალურმა ადამიანმა — ერთდროულად საარსებო წყაროდ და ემოციურ მხარდაჭერად მივიჩნიე. ჩემს ემოციური მხარდაჭერის ქათმის ყუთს დავავლე ხელი და აუდიტორიაში შევცურდი, სადაც ჩემი თანაწამყვანი უკვე ამბიონთან იდგა და კომპეტენტურობას ასხივებდა. მის გვერდით იდგა ქალი, რომელმაც ეს ოცნების ნაწილი დაგეგმა. ხალხი ნელ-ნელა შემოდიოდა: სტუდენტები, პროფესორები და იდუმალი პანელისტები, რომლებიც ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს უფრო მეტი სასამართლო დარბაზის შიდა სამზარეულო ჰქონდათ ნანახი, ვიდრე მე — მზის შუქი ამ ზამთარს.


პანელისტები კინემატოგრაფიულ ანსამბლს წარმოადგენდნენ: ორი მოსამართლე (კაცი და ქალი), იურიდიული ფირმის პარტნიორი, რომელსაც უეჭველად კვირის ყოველი დღისთვის სხვა და სხვა ოქროს სამაჯური ჰქონდა გადადებული, და ახალგაზრდა იურისტი, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ჩანს, რამდენიმე განზომილებას მოიცავდა. აღფრთოვანებასა და მსუბუქ გაურკვევლობას შორის ვიყავი გახლეჩილი, თუ როგორ შეიძლება ჩემზე ოდნავ უფროს ადამიანს უკვე ისტორიების ასეთი საბრძოლო ზარდახშა ჰქონოდა. ალბათ, კერძო სექტორში დრო უფრო სწრაფად გადის. განა მასაც ჩემსავით 400-ზე მეტი სასამართლო პროცესი ეკიდა ქამარზე? ეჭვი მეპარება. საერთოდ ქამარი მაინც თუ ქონდა? ძნელი სათქმელია. იქნებ ქამრებზე მაღლა იდგა და იურიდიულ პროფესიაში მხოლოდ თავდაჯერებულობითა და მოსამართლედ დანიშვნის იმედით ლივლივებდა? რამდენჯერმე გამოვიჭირე, როგორ მიყურებდა. იქნებ ეს იყო ჩემი მომენტი — მეთქვა რამე თამამი, მომეპოვებინა კუთვნილი ადგილი ყურადღების ეპიცენტრში, გამეკეთებინა ის, რასაც ძალაუფლების მქონე ხალხი აკეთებს, როცა იმდენად ცნობილები არიან, რომ შედეგების არ ეშინიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი ასეთი ცნობილი. მე უბრალოდ, ოდნავ ოფლიანი მოდერატორი ვიყავი ნაცრისფერ კოსტიუმში, მიკროფონითა და პროფესიული მონატრების ბუნდოვანი გრძნობით შეიარაღებული.


მიუხედავად ჩემი გულმოდგინე მცდელობისა, შემესრუტა გადმოფრქვეული სიბრძნე, ჩემი ნამდვილი ყურადღება სხვაგან იყო — ჩემს მოახლოებულ მომენტთან. მე ხომ, ბოლოს და ბოლოს, მოდერატორი ვიყავი. ბედის ირონიით, ჩემ გვერდით ძალიან მნიშვნელოვანი მოსამართლე იჯდა. ხომ იცით, როგორი — რაღაც მამაცური რომ ჩაიდინა, გადაწყვეტილება რომ გაუუქმეს, უზენაეს სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება რომ მიაღებინა, მაგრამ სხვა მეტი არაფერი. ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი ფორებიდან გამოსხივებული ნერვული ენერგიისა და ქედმაღლობის სუნს გრძნობდა. ეს იყო ცნობილი „ფულტონის საქმე“ — სადაც ჩიკაგომ შტატის ხაზინის შევსება საბრალო ტაქსის მძღოლებისა და კურიერებისთვის ფულის დაცინცვლით სცადა, ალბათ იმიტომ, რომ ჰეჯ-ფონდებისთვის იმავეს გაკეთება ზედმეტად ამბიციურად მოეჩვენათ. მოსამართლემ — ფერიას მსგავსმა ქალმა განმაიარაღებლად სასიამოვნო მანერებით — იშვიათი და არამოდური რამ გააკეთა: მან მამაცური გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, ამას მაშინვე აქტივიზმი უწოდეს, რადგან, როგორც ჩანს, მოსამართლეები უმოძრაო არსებები უნდა იყვნენ. მაგრამ, სინამდვილეში, რატომაც არა? სხვებს ხომ ყველას აქვთ სპორტდარბაზის აბონემენტი.


და აი, დადგა მომენტი. ჩემმა თანაწამყვანმა ჩემი სახელი წარმოთქვა. სამყარო გაჩერდა. წამოვდექი, ადრენალინით გაჟღენთილი და იმ უცნაური შეგრძნებით, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ წამს ინგლისურად საუბარი დამვიწყებოდა. მიკროფონთან მივედი, როგორც კაცი, რომელსაც სთხოვენ, ბომბი მხოლოდ პიროვნული შარმით გააუვნებელყოს. მიკროფონი ავიღე და გოგონას გადავეცი, რომელსაც ღონისძიების ბოლო კითხვის დასმა უნდოდა. მან ილაპარაკა. ხალხმა თავი დააქნია. ღონისძიება დასრულდა. და აი ასე, ჩემი დიადი მომენტი მორჩა — ჩუმად, სუფთად, ყოველგვარი პომპეზური ცერემონიის გარეშე. მჯერა, რომ დამაკმაყოფილებლად გავართვი თავი ამ პარტიულ დავალებას, თუმცა დამაკმაყოფილებლობა ამ ეტაპზე გადამეტებულად ამბიციურ მიზნად მეჩვენება.

Comments


bottom of page