I. ზრუნვის ფუნდამენტური უფლება
1. უპირველესად, კანონმდებელმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, გააჩნიათ თუ არა ბავშვებს ზრუნვის ფუნდამენტური უფლება. ზოგადი პრინციპის თანახმად, ყველამ თავად უნდა ირჩინოს თავი და იზრუნოს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მხოლოდ მას, ვისაც ამის უნარი არ შესწევს, შეიძლება ჰქონდეს დახმარების მოთხოვნის უფლება. თუმცა, მხოლოდ დახმარების საჭიროება, ცხადია, ავტომატურად არ გულისხმობს მისი მიღების უფლებას. უფლება, განსაკუთრებული ხასიათის დაცული ინტერესია, რომელიც, როგორც წესი, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელსაც უნარი შესწევს დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელოს აღნიშნული უფლება. ამ მიდგომის თანახმად, რომელსაც „ნების“ ან „არჩევანის“ თეორიასაც უწოდებენ, უფლება წარმოადგენს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, რომელსაც იცავს და აღასრულებს კანონი. [Archard D., Children, Family and the State (2003) 9; Griffin J., Do Children Have Rights? in Archard D./Macleod C., The Moral and Political Status of Children (2002) ch 2; Freeman M., The Rights and Wrongs of Children (1983), chs 2-3; Alston P./Parker S./Seymour J., Children, Rights and the Law (1992); Fortin J., Children’s Rights and the Developing Law (2nd ed. 2003) ch 1; Guggenheim M., What’s Wrong with Children’s Rights? (2005)]. ამ თვალსაზრისით ბავშვისათვის უფლების მინიჭების დოგმატური დასაბუთება განსაკუთრებით პრობლემატურია, ვინაიდან მას არ გააჩნია სრული ქმედუნარიანობა და დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით გადაწყვეტილების მიღების უნარი. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ავტორი „ნების“ ზოგადი თეორიიდან გამონაკლისსაც უშვებს სპეციალურად ბავშვებისათვის, რომლებიც, მართალია თავად ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად რეალიზაციას, თუმცა ამის გაკეთებაში მათ ეხმარებიან კანონით დადგენილი სრულწლოვანი პირები (როგორც წესი, მშობლები). [Hart H., Bentham on Legal Rights in Simpson A., Oxford Essays in Jurisprudence (1973) 192].
2. „ნების“ თეორიისაგან განსხვავებულია „ინტერესის“ თეორია, რომლის თანახმად უფლებები იქმნება იმ მიზნით, რათა დაიცვას კონკრეტული სიკეთე, ინტერესი. უფლების შექმნა, ამ თვალსაზრისით, კანონის ძალით აიძულებს მესამე პირებს პატივი სცენ და თავი შეიკავონ კონკრეტული დაცული ინტერესის, სიკეთის შელახვისაგან. [Sreenivasan G., A Hybrid Theory of Claim-Rights, 25 Oxford Journal of Legal Studies 257 (2005) 259]. „ინტერესის“ თეორიისათვის უმნიშვნელოა შეუძლია თუ არა უფლების მფლობელს მისი დამოუკიდებლად და პირადი პასუხისმგებლობით განხორციელება. [Campbell T., The Rights of the Minor: As Person, As Child, As Juvenile, As Future Adult, 6 International Journal of Law and the Family 1 (1992), 4–5]. ამ მხრივ გამოსაყოფია ბავშვის სამი ძირითადი ინტერესი: (ა) უპირველეს ყოვლისა, ბავშვს აქვს უფლება მშობლების მხრიდან მიიღოს ისეთი მზრუნველობა, რაც აუცილებელია მისი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისათვის; (ბ) გარდა ამისა, ბავშვს გააჩნია თავისუფალი განვითარების ინტერესი, რათა უზრუნველყოფილ იქნას მისი სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვა და სრულწლოვანების მიღწევისას ბავშვი საზოგადოებრივ ცხოვრებას შეხვდეს მომზადებული; (გ) და მესამე, მნიშვნელოვანია დაცულ იქნას ბავშვის კერძო ავტონომია და ინდივიდუალობა, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა მისდიოს მისთვის სასურველ და მისაღებ ცხოვრების წესს. [Archard D., Children, Family and the State (2003), 9].
3. იმის მიხედვით, თუ რომელ მიდგომას იზიარებს კანონმდებელი, განსხვავებულია ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციების შინაარსი და მათი აღსრულების მექანიზმები. მაგალითად, როგორც წესი, ბავშვის ძირითადი ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების ინტერესი უპირატესი მნიშვნელობისაა, მაშინ, როცა კანონმდებელი უფრო ხშირად აწესებს გამონაკლისებს და ზღუდავს ბავშვის თავისუფალი და ავტონომიური განვითარების ინტერესს. [Arneil B., Becoming versus Being: A Critical Analysis of the Child in Liberal Theory in David A./Macleod C. (2002), 74]. დღეისათვის გაბატონებული მიდგომა ბავშვთა უფლებებს ადამიანის ფუნდამენტურ, კონსტიტუციური მნიშვნელობის უფლებებად აღიარებს. შესაბამისად, ყველა ის რეგულატორული მექანიზმი, რომელიც ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების აღსასრულებლად არსებობს (მაგალითად, ალიმენტის გადახდის ვალდებულება), განიხილება, როგორც ბავშვის ფუნდამენტური უფლების განხორციელების და აღსრულების დამხმარე მექანიზმი. [Harris-Short S./Miles J., Family Law Text, Cases, and Materials (2nd ed. 2011), 559].
4. გარდა ამისა, კანონმდებელმა პასუხი უნდა გასცეს მეორე ფუნდამენტურ კითხვას: თუკი ბავშვს გააჩნია ზრუნვის ფუნდამენტური უფლება, ვინ არის ამ უფლების საპასუხო ვალდებულების მქონე სუბიექტი. ფართოდ აღიარებული მიდგომის თანახმად ბავშვის უფლებას მიიღოს დახმარება იმ დროის განმავლობაში, როცა მას არ შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა, შეესაბამება მშობლის საპასუხო ვალდებულება. ავტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების მშობელზე დაკისრება შეესაბამება საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს, რომლებიც დამატებითი სამართლებრივი კონსტრუქციის გარეშეც ამართლებენ თავის თავს და არ საჭიროებენ განსაკუთრებულ მტკიცებას და დასაბუთებას. [Altman S., A Theory of Child Support, 17 International Journal of Law Policy and the Family 173 (2003) 174; Houlgate L., Ethical Theory and the Family in Meyers D./Kipnis K./Murphy C., Kindred Matters: Rethinking the Philosophy of the Family (1993), 63–69]. ეს მიდგომა, ცხადია, ახალი არ არის. ჯერ კიდევ ცნობილი ინგლისელი სამართლისმცოდნე უილიამ ბლექსტოუნი მიუთითებს საკუთარ ნაშრომში „კომენტარები ინგლისის სამართალზე“ (პირველად გამოქვეყნდა 1765 წელს), რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობა ყველაზე უნივერსალურია სამყაროში. [Morrison W (ed.). Blackstone’s Commentaries on the Laws of England vol I (2001), 343]. ბლექსტოუნის თანახმად, კანონიერ ქორწინებაში დაბადებული შვილების მიმართ მშობლებს გააჩნიათ სამი ძირითად ვალდებულება: მათი შენახვის, მათი დაცვისა და მათი განათლების. [Pollock L., Parent-Child Relations in Kertzer D./Barbagli M., Family Life in Early Modern Times 1500–1789 (2001), 191]. აღნიშნული ვალდებულების საფუძვლად ბლექსტოუნი მიიჩნევდა ბუნებით სამართალს. მისი პოზიციით, ვინაიდან მშობელთა ნებაყოფლობითი მოქმედებით ხდება ბავშვის დაბადება და მისი საზოგადოების წევრად გახდომა, სწორედ მათვე აკისრიათ ბავშვებზე ზრუნვის უპირველესი ვალდებულება. როგორც წესი, იურისტებისა და სასამართლო პრაქტიკისათვის მშობლის ვალდებულების დასაბუთება თავისთავადია და დიდ მტკიცებას არ საჭიროებს. [Goodman M./Oberman I./Wheat P., Rights and Obligations of Child Support, 7 Southwestern University Law Review №36 (1975)]. როგორიც არ უნდა იყოს მშობლებისათვის ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების დაკისრების დოგმატური დასაბუთება, ძირითადი არგუმენტაცია მაინც ემყარება მათ ბუნებრივ პოზიციებს: ვინაიდან ბავშვს გააჩნია ფუნდამენტური ზრუნვის უფლება, ხოლო მშობლები ბუნებრივად იმყოფებიან ბავშვთან განსაკუთრებულ ურთიერთობაში, ამიტომ, სწორედ მშობლებს გააჩნიათ ამ უფლების შესაბამისი ვალდებულება. [MacCormick N., Children’s Rights: A Test-Case for Theories of Right in MacCormick N., Legal Right and Social Democracy: Essays in Legal and Political Philosophy (1982), 163]. თუმცა, ცხადია, არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. შესაძლოა მშობლის ვალდებულების უაპელაციოდ, პრეზიმურებულად ვარაუდი მეტწილად შეესაბამება საზოგადოებაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებს, თუმცა აღნიშნული, თავისთავად, არ წარმოადგენს უფლების დამფუძნებელ არგუმენტს. [Sheldon S., “Sperm bandits”, Birth Control and the Battle of the Sexes, 21 Legal Studies 460 (2001), 480].
5. მას შემდეგ, რაც კანონმდებელი გადაწყვეტს უფლებისა და მისი საპასუხო ვალდებულების სუბიექტის საკითხს, მნიშვნელოვანია დადგინდეს ამ უფლების ძირითადი შინაარსი და ფარგლები. სხვადასხვა მართლწესრიგებში განსხვავებულია როგორც უფლების შინაარსი, ისე მისი აღსრულების ადმინისტრირება. [Finch J., Family Obligations and Social Change (1989), 242]. ოჯახური ვალდებულებები არ არის მსგავსი და მასზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენდერი, ეთნიკურობა, საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. [Maclean M./Eekelaar J., The Obligations and Expectations of Couples Within Families: Three Modes of Interaction, 26 Journal of Social Welfare and Family Law №117 (2004)]. მაგალითად, სულ რამდენიმე საუკუნის წინ დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში ითვლებოდა, რომ ბავშვი თვითმყოფადი უნდა იყოს და ინახავდეს საკუთარ თავს ადრეული ასაკიდანვე. ბავშვების შრომის ასაკი იწყებოდა ჯერ კიდევ შვიდი წლიდან. პრეინდუსტრიულ საზოგადოებებში ბავშვები მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს წარმოადგენდნენ და თანხის შემომტანებადაც ითვლებოდნენ ოჯახში. [Pollock L., Parent-Child Relations in Kertzer D./Barbagli M. (eds), Family Life in Early Modern Times 1500–1789 (2001), 206]. თუმცა, ეს, ძირითადად, ღარიბ ოჯახებს ეხებოდათ. მდიდარ ოჯახებში ბავშვები, ძირითადად კი ბიჭები, მიიჩნეოდნენ ოჯახის საფუძვლად, რომელთა მეშვეობითაც საგვარეულო სიმდიდრე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. [Pottage A., Proprietary Strategies: The Legal Fabric of Aristocratic Settlements, 61 Modern Law Review №162 (1998)]. ყველა ეს განსხვავებული მიდგომა საზოგადოებაში განაპირობებდა განსხვავებული წესების და რეგულაციების დაწესებას. [Eekelaar J., Family Law and Social Control in Eekelaar J./Bell J. (ed), Oxford Essays in Jurisprudence (1987), 136]. მაგალითად, ინგლისურ სამართალში განსხვავებულად წესრიგდებოდა სრულწლოვანების ასაკი იმის მიხედვით, თუ რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა ბავშვი: რაინდის შვილის სრულწლოვანების ასაკი 21 წელი იყო, ხოლო შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენლის - 15. [Holdsworth W., A History of English Law, vol III (3rd ed.1923) 510; Pollock F./Maitland F., The History of English Law (2nd ed. 1898), 438]. ყველა ეს გარემოება ასახავს საზოგადოების მიდგომას ბავშვთა უფლებების მიმართ და, საბოლოო ჯამში, განაპირობებს ამ უფლებების როგორც შინაარსს, ისე მათი პრაქტიკაში რეალიზაციის მექანიზმების არსებობას.
6. ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების ცალკეული ელემენტების მშობლებს შორის გადანაწილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მშობლების განქორწინების შემდეგ, ვინაიდან, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, გაცილებით უფრო რთული და ხარჯიანია ორი ოჯახის ცალ-ცალკე ცხოვრება, ვიდრე მათი ერთად ყოფნისას. როგორც წესი, მშობლების განქორწინების შემდგომ მცირდება იმ მშობლის კეთილდღეობის ინდექსი, რომელთანაც შვილი რჩება და, პირიქით, იზრდება იმ მშობლისა, რომელიც მარტო აგრძელებს ცხოვრებას. [Betson D./Evenhouse E./Reilly S./Smolensky E, Trade-Offs Implicit in Child-Support Guidelines, 11 Journal of Policy Analysis and Management 1 (1992) 4; Weitzman L., The Divorce Revolution: The Unexpected Social and Economic Consequences For Women And Children in America (1985); Kelly S./Harding A., The Financial Impact of Divorce in Australia (2005)]. აღნიშნული ფინანსური პრობლემების დაძლევა და მდგომარეობის გაუმჯობესება ყველაზე კარგად ხდება მაშინ, როცა მარტოხელა მშობელი თავიდან შედის ქორწინებით ურთიერთობაში და ქმნის ახალ ოჯახს. [Eekelaar J., Family Law and Social Control in Eekelaar J./Bell J., Oxford Essays in Jurisprudence (1987) 141; Avellar A./Smock P., The Economic Consequences of the Dissolution of Cohabiting Unions, 67, Journal of Marriage and Family №315 (2005)]. კანონმდებელი სამართლის პოლიტიკის დონეზე აკეთებს არჩევანს თუ რა ფორმით და რა მოცულობით ჩაერიოს საზოგადოება ბავშვის მოვლის კერძო, შიდა ოჯახურ ურთიერთობებში და რა რესურსები გამოყოს მშობლების დასახმარებლად. [Millar J./Warman A., Family Obligations in Europe (1996), 6-12]. მაგალითად, შედარებით ლიბერტარიანული შეხედულებების თანახმად, შვილებზე ზრუნვის ვალდებულება მხოლოდ ოჯახს ეკუთვნის და მასში საზოგადოების მონაწილეობა გაუმართლებელია. [George R., Who should bear the cost of children? Public Affairs Quarterly №1 (1987), 11].
7. გარდა საზოგადოების ჩართულობისა, კანონმდებელს უწევს პასუხი გასცეს კითხვას, რომელ მშობელს რა მოცულობით და რა ფორმით ეკისრება ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება. [Giampetro A., Mathematical Approaches to Calculating Child Support Payments: Stated Objectives, Practical Results and Hidden Policies, 20 Family Law Quarterly №373 (1986–87), 389]. ეს მხოლოდ ფინანსურ ვალდებულებას არ გულისხმობს, ვინაიდან ბავშვზე ზრუნვა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური ეფექტებით. [Betson D./Evenhouse E./Reilly S./Smolensky E., Trade-Offs Implicit in Child-Support Guidelines, 11, Journal of Policy Analysis and Management 1 (1992), 18]. შვილზე ზრუნვის მოვალეობები მშობლებს აიძულებს გააკეთონ განსხვავებული ცხოვრებისეული არჩევანი, იქნება ეს განათლების თუ კარიერული კუთხით, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად ახდენს გავლენას მათ შრომისუნარიანობაზე. [Bradbury R., The Price, Cost, Consumption and Value of Children SPRC Discussion Paper No 132 (2004), 17]. შესაბამისად, მშობლების ვალდებულების განსაზღვრისას კანონმდებელს უწევს მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ ეკონომიკური მხარე, არამედ უფრო ფართო ჭრილში გადაწყვიტოს მშობლების რესურსების განაწილების საკითხი. [Schaeffer N., Principles of Justice in Judgments About Child Support, 69(1) Social Forces №157 (1990), 171]. მაგალითად, თუკი ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების არსებობის მიზანი მხოლოდ ბავშვის არსებითი ინტერესების დაკმაყოფილება წარმოადგენს, მაშინ სარჩოს ოდენობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტია, სწორედ ბავშვის მოთხოვნილებები. მაგრამ, თუკი კანონმდებლის მიზანია დაიცვას ბავშვის უფრო ფართო მოლოდინები და ზრუნვის უფლებას განიხილავს, როგორც ბავშვის ფუნდამენტურ უფლებას, მაშინ სარჩოს ოდენობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, მშობლის შემოსავალსაც. [ Garrison M., Autonomy or Community? An Evaluation of Two Models of Parental Obligation, 86, California Law Review 41 (1998), 57-72]. ამ მიდგომის თანახმად, ბავშვს გააჩნია ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მშობელი მასაც გაუნაწილებს თავიანთი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს.
8. გარდა ამისა, კანონმდებელს უწევს განსაზღვროს ბავშვის საჭიროების ფარგლებიც: რა ითვლება ბავშვისათვის აუცილებლად, შეიძლება მისი გამოხატვა ფიქსირებული თანხით თუ იგი ცვალებადია მშობლის შემოსავლის და მისი სოციალური სტატუსის მიხედვით? ამ უკანასკნელი მიდგომით მდიდარი ბავშვის „საჭიროებები“ უფრო მეტია, ვიდრე ღარიბის. [Schaeffer N., Principles of Justice in Judgments About Child Support, 69(1) Social Forces №157 (1990), 161]. თუკი კანონმდებელი აირჩევს ფიქსირებულ მოდელს, ეს წარმოშობს საფრთხეს კონკრეტულ ინდივიდუალურ საქმეში უსამართლო შედეგის მიღებისა; ხოლო, მეორეს მხრივ, თუკი კანონმდებელი აქცენტს დისკრეციაზე და ზრუნვის პროპორციულ განაწილებაზე გააკეთებს, ამით შემცირდება კანონის წინასწარგანსაზღვრულობის ხარისხი, რაც ავტომატურად ზრდის სამართლის ადმინისტრირების ხარჯს. [Jackson E./Wasoff F./Maclean M./Dobash R., Financial Support on Divorce: The Right Mixture of Rules and Discretion? 7 International Journal of Law and the Family 230 (1993), 233-252]. თუკი კანონმდებელი აღიარებს ბავშვის უფლებას მიიღოს გარკვეული წილი მისი მშობლების შემოსავლიდან, მაშინ, შესაძლებელია, სარჩოს ოდენობა გამოანგარიშებულ იქნას ორი ძირითადი მოდელის მიხედვით: (ა) „შემოსავლების გათანაბრების“ მოდელის თანახმად სარჩოს ოდენობა უნდა დადგინდეს ისე, რომ ორივე ოჯახში (იგულისხმება მშობელთა დაშორების შედეგად შექმნილი ორი ოჯახი) ადამიანის საშუალო შემოსავალი გათანაბრდეს; ან (ბ) „შემოსავლების განაწილების“ მოდელის თანახმად მშობელმა საკუთარი შემოსავლის გარკვეული ნაწილი უნდა მოახმაროს ბავშვზე ზრუნვას. [Schaeffer N., Principles of Justice in Judgments About Child Support, 69(1) Social Forces №157 (1990), 161-162]. პირველი მეთოდი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოიპოვებს საზოგადოების ფართო მხარდაჭერას, ვინაიდან, შესაძლოა, მშობელს დაუკარგოს შემოსავლის გაზრდის ინტერესი. „შემოსავლების განაწილების“ მეთოდი კი, როგორც ემპირიული ანალიზი აჩვენებს, უფრო პოლიტიკურად მისაღებია და კანონმდებლები, სწორედ, ამ მიდგომაზე აკეთებენ არჩევანს.
9. გარდა ამისა, კანონმდებელს უწევს არჩევანის გაკეთება მშობლის რა ქონება და შემოსავალი მიიღოს მხედველობაში სარჩოს ოდენობის გამოსაანგარიშებლად და რა მოცულობით. მაგალითად, მიიღება თუ არა მხედველობაში ორივე მშობლის შემოსავალი, თუ გადამწყვეტია, მხოლოდ იმ მშობლის შემოსავალი, რომელიც ბავშვთან არ ცხოვრობს? [Schaeffer N., Principles of Justice in Judgments About Child Support, 69(1) Social Forces №157 (1990), 160]. უნდა იყოს თუ არა დაწესებული საალიმენტო ვალდებულების ზედა ზღვარი? რა გავლენა აქვს ალიმენტის ოდენობაზე მშობლის თავიდან დაქორწინებას, ან ახალი სარჩენი პირის გაჩენას? ყველა ეს კითხვა პრაქტიკული მნიშვნელობისაა კანონმდებლისათვის ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების შინაარსის დადგენის მომენტში.
II. ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი რეგულაციები
10. მშობლების მხრიდან შვილების რჩენის ვალდებულება უნივერსალურ ხასიათს ატარებს და განმტკიცებულია როგორც სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ კანონმდებლობებში, ისე საერთაშორისო ინსტრუმენტებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის („გაერო“) 1948 წლის 10 დეკემბრის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 25 II მუხლის თანახმად „დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.“ უკვე 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებულ იქნა გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ.“ დღეის მდგომარეობით, კონვენცია არის ბავშვთა უფლებების დაცვის ყველაზე ფართოდ აღიარებული და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. [Bueren V.G., The International Law on the Rights of the Child (1995); Fottrell D., Revisiting Children’s Rights: 10 years of the UN Convention on the Rights of the Child (2000); Alston P./Tobin J., Laying the Foundations for Children’s Rights (2005)]. კონვენცია აქცენტს აკეთებს ბავშვის უფლებებზე და არა მშობლების ვალდებულებებზე ბავშვების მიმართ. [Eekelaar J., The importance of thinking that children have rights, 6 International Journal of Law and the Family №221 (1992), 234]. ამ მხრივ, ზოგიერთი ავტორი გამოთქვამს კრიტიკას კონვენციის ტექსტის ზოგადი და ბუნდოვანი ფორმულირების მიმართ, რაც ქმნის მისი პრაქტიკაში აღსრულების პრობლემას. [Fortin J., Children’s Rights and the Developing Law (2nd ed. 2003) 12, 44]. ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება ნაციონალური სასამართლოების როლი, სწორად განმარტონ კონვენცია და შეეცადონ შიდაკანონმდებლობის ნორმების ინტერპრეტაციისას კონვენციით აღებული ვალდებულებებიც იქონიონ მხედველობაში.
11. კონვენცია ოჯახს განიხილავს საზოგადოების ყველაზე ფუნდამენტურ შემადგენელ კომპონენტად და ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულებას, უპირველესად, მშობლებს აკისრებს. კონვენციის 27 II მუხლის თანახმად „მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.“ სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მშობელს ამ ვალდებულების შესრულებაში, თუმცა, მშობელთან შედარებით, სახელმწიფოს დამხმარე როლი აკისრია. [Harris-Short S., Miles J., Family Law: Text, Cases and Materials (2011), 351-352; Harris N., Social security and the UN Convention on the Rights of the Child in Great Britain, 7 Journal of Social Security Law №9 (2000)]. კონვენციაში გათვალისწინებულია ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა ბავშვის სიცოცხლის (მუხლი 6), ჯანმრთელობის (მუხლი 24) და განათლების (მუხლი 28) უფლებები. ზოგადად, კონვენცია ბავშვს განიხილავს, როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრს, რომელიც არ შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ობიექტი და ვინმეს (თუნდაც მშობლების) საკუთრება. [სუსგ №ას-861-2019, 03/10/2019, სუსგ №ას-1141-1061-2017, 17/10/2017]. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. [სუსგ №ას-1008-944-2012, 24/09/2012].
12. 1966 წლის 16 დეკემბრის გაეროს საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 23-ე მუხლში აღიარებს, რომ „ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს, დაცული იქნას საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ.“ ხოლო, 23 IV მუხლის ბოლო წინადადებაში ადგენს, რომ „განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.“
13. მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები დაცულია, ასევე, ევროსაბჭოს 1950 წლის 4 ნოემბრის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-8 მუხლით. კერძოდ, კონვენციის 8 I მუხლის თანახმად „ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა.“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით კონვენციის 8 I მუხლში მითითებული „ოჯახური ცხოვრება“, ასევე, მოიცავს მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს. სასამართლო საკუთარ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს აღნიშნული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებს. ევროსასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის [Krasicki v. Poland, no. 17254/11, §83, 15 April 2014] და ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს როგორც მშობლის, ისე სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი. [Gnahore v. France, n. 40031/98, §59, ECHR 2000-IX]. ზოგიერთ შემთხვევაში, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, ბავშვის ინტერესები გადაწონის კიდეც მშობლების ინტერესებს. [Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, §66, ECHR 2003-VIII]. კონვენციის 8 I მუხლიდან გამომდინარე, მშობელს გააჩნია ზოგადი და უნივერსალური ვალდებულება არ განახორციელოს ისეთი მოქმედებები, რომელმაც, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და ნორმალურ განვითარებას. [Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, §169, ECHR 2000-VIII; P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, §177, ECHR 2002-VI]. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით მშობელთა მხრიდან შვილებზე ზრუნვის დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. [სუსგ №ას-1433-1353-2017, 09/02/2018, სუსგ №ას-1112-1047-2015, 04/03/2016].
14. გარდა აღნიშნულისა, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მიღებულია არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იცავენ ბავშვთა უფლებებს (შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვების მონაწილეობის აკრძალვა, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის აკრძალვა, ბავშვთა შრომითი უფლებების დაცვა, ბავშვთა სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და სპეციალური სასამართლოები და სხვ.).
Comments