🚫 ბათილია ხელშეკრულების პირობა, რომლითაც მხარე ვალდებულებას კისრულობს განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობას საჭიროებს.
⚖️ უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება №ას-1154-1109-2016
📌 ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება. დამქირავებელმა სრულად არ გადაიხადა დათქმული ქირა, რის გამოც მესაკუთრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქირის დავალიანების ანაზღაურება. თავის მხრივ, მოპასუხე დამქირავებელმა შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვა უკვე გადახდილი ქირის და სარემონტო სამუშაოებზე გაწეული თანხის დაბრუნება. მოპასუხე მიუთითებდა ფართის ნაკლზე, მათ შორის კი იმაზე, რომ გამქირავებელმა ვერ უზრუნველყო სარეკლამო ბანერის განსათავსებლად აუცილებელი ნებართვის მოპოვება, რაც ხელშეკრულების თანახმად გამქირავებლის ვალდებულებას წარმოადგენდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამქირავებლის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა; ხოლო, დამქირავებლის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მხოლოდ, სარემონტო ხარჯების ნაწილში და უარი თქვა გადახდილი ქირის დაბრუნებაზე. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა მიღებული გადაწვეტილება და მოპასუხეს მთლიანად უარი უთხრა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა სამუშაოების საჭიროება მესაკუთრისათვის, არ იყო დადასტურებული სამუშაოების შესაბამისობა მესაკუთრის ინტერესსა და ნებასთან.
📌 სასამართლო მსჯელობის შეჯამება
უზენაესმა სასამართლომ არსებითად იმსჯელა საკასაციო საჩივარზე, თუმცა არ დააკმაყოფილა იგი. საყურადღებოა სასამართლოს პოზიცია გარე რეკლამის განთავსების ნებართვის კუთხით. მოპასუხე აპელირებდა იმაზე, რომ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოპოვების ვალდებულება ხელშეკრულებით იკისრა გამქირავებელმა. აღნიშნულთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას გასცემს ადმინისტრაციული ორგანო (მერიის არქიტექტურის სამსახური). ასევე, აღნიშნული რეკლამის განსათავსებლად საჭიროა გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური ნებართვის მქონე პირის თანხმობა. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების ამგვარი პირობა ბათილია სსკ 91-ე მუხლის შესაბამისად („ბათილია პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს ან ზნეობის ნორმებს, ანდა შეუძლებელია მისი შესრულება“), რამდენადაც მისი შესრულება შეუძლებელია მხარისათვის. სამწუხაროდ, სასამართლომ არ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, იყო ეს პირობითი გარიგება თუ, მხოლოდ, ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა.
📌 კომენტარი
პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა მხარე ხელშეკრულებით კისრულობს რაიმე ისეთი ვალდებულების შესრულებას, რომელიც დამოკიდებულია მესამე პირის ნებაზე. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ამხანაგობის წევრი ვალდებულებად იღებს გაზრდილი სამშენებლო კოეფიციენტის მოპოვებას (№2/17577-15, №2ბ/2793-19), ან მხარე კისრულობს სხვა ტიპის სარეგისტრაციო წარმოების წარმატებით დასრულებას. უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების შემდეგ მხარეებს ორი კუთხით მოუწევთ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა: (ა) შესაძლოა, მხარეები ფიქრობენ, რომ დათქმა არის ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა, რომელიც ხელშეკრულებას არ აქცევს პირობაზე დამოკიდებულ გარიგებად. განსხვავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან უკანონო პირობაზე დამოკიდებული გარიგება მთლიანად ბათილია (სსკ 91-ე მუხლი), ხოლო ხელშეკრულება მისი ბათილი პირობის გარეშეც შეიძლება არსებობდეს (სსკ 62-ე მუხლი); (ბ) მხარეები ყველა ხელშეკრულებაში იღებენ რაიმე ისეთ ვალდებულებას, რომლის შესრულებაც სრულად მათზე დამოკიდებული არ არის და მოითხოვს მესამე პირთა ჩართულობას. მაგალითად, გამყიდველი მყიდველს პირდება, რომ გაზაფხულზე მოიპოვებს თევზჭერის ლიცენზიას და მიაწოდებს მყიდველს შეთანხმებული რაოდენობის თევზს. ამგვარი შეთანხმებები პრაქტიკაში ფართოდაა გავრცელებული. უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებით, ამ ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
Comments