top of page
Search
Writer's pictureAI Law

საალიმენტო ვალდებულებები

Updated: Oct 28, 2023

📌 შესავალი


საოჯახო სამართალი სამოქალაქო ურთიერთობების მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს. სამოქალაქო კოდექსი (სსკ), რომელიც ჯამში ექვსი წიგნისაგან შედგება, საოჯახო სამართლებრივ საკითხებს უთმობს მეხუთე წიგნს [მუხლები 1106-1305]. პრაქტიკაში საოჯახო სამართლებრივი საქმეებიდან ყველაზე გავრცელებულია მეუღლეთა განქორწინების დავები, მეორე ადგილს კი ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ დავები იკავებს.


ბავშვების მიმართ მშობლების მოვალეობებს ეხება სსკ 1197-1222-ე მუხლები. საერთო სასამართლოების, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით გამოკვეთილია აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების ძირითადი კონტურები. უპირველესი პრიორიტეტი არის ბავშვის უფლებების დაცვა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. სასამართლოები მნიშვნელოვან განმარტებებს აკეთებენ საალიმენტო ვალდებულების შინაარსთან, მის ფარგლებთან და ვალდებულების სუბიექტებთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორ ნაწილდება ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს შორის მათი განქორწინების შემდგომ? რას გულისხმობს რჩენის ვალდებულება: შემოიფარგლება იგი მხოლოდ პირველადი საჭიროების საგნებით, თუ, ასევე, გულისხმობს ბავშვის კულტურული და სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას? მშობლის შემოსავლის რა ნაწილი უნდა მოხმარდეს ბავშვზე ზრუნვას და რა გარემოებები უნდა მიიღოს სასამართლომ მხედველობაში ალიმენტის ოდენობის გამოთვლისას? რა გავლენა აქვს ალიმენტის ოდენობაზე მშობლის ხელახალ ქორწინებას, ან ახალი სარჩენი პირის გაჩენას? ყველა ეს კითხვა რელევანტური ხდება საალიმენტო დავებში.


წინამდებარე პრაქტიკის ანალიზი აერთიანებს ბავშვის მიმართ ალიმენტის გადახდევინების დავებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს.


📌 ზრუნვის ვალდებულების მქონე სუბიექტი


👉 შვილებზე ზრუნვის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს.

👉 მშობლის უფლება-მოვალეობები შვილის მიმართ წარმოიშობა ბავშვის დაბადებიდან და არა იმ მომენტიდან, როცა მამობა სასამართლო წესით იქნა დადგენილი. უმნიშვნელოა, თუ როდის შეიტყო პირმა, რომ კონკრეტული ბავშვის მშობელია.

👉 ბავშვთან ერთად ცხოვრება პრეზუმირებულად გულიხსმობს, რომ მშობელი გაიღებს ბავშვის რჩენისათვის აუცილებელ ხარჯებს. ალიმენტის გადახდა ეკისრება იმ მშობელს, რომელიც არ ცხოვრობს ბავშვთან.


სსკ 1212-ე მუხლის თანახმად „მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.“ ალიმენტის გადახდის ვალდებულება, ეკისრება მშობელს. შესაბამისად, დავის შემთხვევაში აუცილებელია დადგენილ იქნეს ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე არის მშობელი. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული ფაქტის დადგენის დროს.რამდენიმე საქმეში საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოუწია ამ საკითხზე მსჯელობა. კერძოდ, მოპასუხე მშობელი მიუთითებდა, რომ მისთვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ მას შვილი ყავდა, შესაბამისად, მოპასუხე შეუძლებლად მიიჩნევდა მამობის ფაქტის დადგენამდე პერიოდისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულების დაკისრებას. აღნიშნულს უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სსკ 1212-ე მუხლით მშობლების უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველია შვილის წარმომავლობა და არა ამ წარმომავლობის ფაქტის დამოწმება. მშობლის უფლება-მოვალეობები შვილის მიმართ წარმოიშობა ბავშვის დაბადებიდან და არა იმ მომენტიდან, როცა მამობა სასამართლო წესით იქნა დადგენილი.[1]


ამასთან, შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა.[2] მართალია, უმეტეს შემთხვევაში, ისე ხდება, რომ შვილის სასარგებლოდ საალიმენტო ვალდებულების დაკისრებას ითხოვს დედა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზრუნვის ვალდებულება მხოლოდ მამაზე ვრცელდება.[3] აღნიშნული პრინციპი მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ალიმენტის ოდენობის გამოსაანგარიშებლად: სასამართლოები მხედველობაში იღებენ იმ გარემოებას, რომ ბავშვზე ზრუნვის მოვალეობა თანაბრად აკისრია ორივე მშობელს და ამის მიხედვით განსაზღვრავენ ალიმენტის სამართლიან და გონივრულ ოდენობას.[4] თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ამ საკითხის პრაქტიკული ასპექტი. როგორც წესი, ალიმენტის გადახდის ვალდებულება დღის წესრიგში, სწორედ, განქორწინებისას დგება. დავის შემთხვევაში მოსარჩელეარის არასრულწლოვანი, თუმცა მის ინტერესებს დავაში წარმოადგენს მასთან ერთად მცხოვრები მშობელი. თუკი მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ და ბავშვი დროის ძირითად ნაწილს დედასთან ატარებს, ავტომატურად ხდება ისე, რომ დედა ყოველდღიურად გაიღებს ბავშვზე ზრუნვისათვის აუცილებელ ხარჯებს. ასეთ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი ბავშვთან ერთად მცხოვრებმა მშობელმა დამატებით ამტკიცოს ხარჯების გაღება: თავად ერთად ცხოვრება ქმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მშობელი ზრუნავს ბავშვზე და გასწევს აუცილებელ ხარჯებს.[5] მეორე მხარეს კი ეკისრება პიროვნული ზრუნვის ნაკლებობის კომპენსირება ფულადი თანამონაწილეობით. აქედან გამომდინარე, სასამართლო პრაქტიკით ალიმენტის გადახდა ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს.[6]


📌 საალიმენტო ვალდებულებების უპირობო ხასიათი


👉 ბავშვის მიმართ მშობლის საალიმენტო უპირობო ხასიათისაა.

👉 მშობლის შემოსავლის არარსებობა არ ათავისუფლებს მას ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან. ასეთ შემთხვევაში მშობელს ეკისრება ალიმენტის გადახდა საარსებო მინიმუმის ოდენობით.


სსკ 1212-ე მუხლის ფორმულირების მიხედვით, არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის გადახდის წინაპირობას წარმოადგენს შვილის მატერიალური საჭიროება („რომლებიც დახმარებას საჭიროებენ“), ანუ ის ფაქტი, რომ არასრულწლოვანი რეალურად საჭიროებდეს ამ დახმარებას. თუმცასასამართლო პრაქტიკა განსხვავებულ განმარტებებს აკეთებს. შვილის რეალური საჭიროება მხედველობაში იქნება მიღებული ალიმენტის ოდენობის გამოსაანგარიშებლად, თუმცა თავად ალიმენტის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და არ შეიძლება უკუგდებული იქნას იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვანმა (მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა) ვერ დაადასტურა საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლის რეალურ შემოსავალს, თავად შემოსავლის არარსებობა არ განაპირობებს საალიმენტო ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას. საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკით იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია მყარი ფინანსური მდგომარეობა და არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან.[7] ამ თვალსაზრისით შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაადა თუკი მშობელი შრომისუნარიანია, მას ყოველთვის გააჩნია შვილის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის ვალდებულება.[8] შესაბამისად, ალიმენტვალდებული მშობლის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი. ერთ-ერთ საქმეზე საქართვველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სტაბილური შემოსავლის არარსებობის პირობებშიც კი, ალიმენტის მინიმალური ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 150 ლარით.[9] ზოგადად, ალიმენტის ოდენობის დადგენისას სასამართლოები ხელმძღვანელობენ ქვეყანაში არსებული საარსებო ზღვრული მინიმუმის სტანდარტით. ეს განპირობებულია იმით, რომ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.[10] საარსებო მინიმუმის დასადგენად საერთო სასამართლოები ხელმძღვანელობენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი ოფიციალური მონაცემებით.[11]


📌 მშობლის შემოსავალი


👉 ალიმენტის ოდენობის დასადგენად სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლის შემოსავალს. მშობლის შემოსავალი გულისხმობს ყველა სახის ფაქტობრივ შემოსავალს, არა მხოლოდ შრომით ანაზღაურებას.

👉 შემოსავლების დადგენა მნიშვნელოვანია, უშუალოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში.


სსკ 1214-ე მუხლი არის ალიმენტის ოდენობის გამოსაანგარიშებლად საერთო სასამართლოების მიერ სახელმძღვანელო უმთავრესი სტანდარტი.[12] აღნიშნული მუხლის თანახმად ალიმენტის ოდენობა უნდა დადგინდეს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. გათვალისწინებულ უნდა იქნას როგორც ბავშვის, ისე მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობა. სასამართლოს უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის შვილის საჭიროებები და მისი საუკეთესო ინტერესები. შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი წესის თანახმად ბავშვის საუკეთესო ინტერესები გადაწონის ყველა სხვა ინტერესს, იქნება ეს მშობლის თუ მესამე პირთა ინტერესები. კანონმდებლობა საალიმენტო ვალდებულების ზედა ზღვარს არ ითვალისწინებს და მისი ოდენობა, დავის შემთხვევაში, სასამართლოს დისკრეციაზეა დამოკიდებული.[13]


მშობლის შემოსავალი არის ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი. პრაქტიკაში, ძირითადად, აქცენტი კეთდება ალიმენტის გადახდის ვალდებულების მქონე მშობელზე და არა იმ მშობელზე, რომელიც ბავშვთან ერთად ცხოვრობს. სასამართლოები ფაქტობრივ გარემოებად ადგენენ, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულების მქონე პირს აქვს შემოსავალი.[14] შემოსავლის პირველი და უმთავრესი წყაროარის შრომითი საქმიანობა. გადამწყვეტია ხელფასის ოდენობა, პრემიების, დამატებითი საათებისა და ა. შ. ჩათვლით. მოსარჩელე მოპასუხის შემოსავლის დადასტურების მიზნით ხშირად ითხოვს შემოსავლების სამსახურის ცნობას, რომელშიც მიეთითება პირის სახელფასო შემოსავალი თვის/წლის ჭრილში.[15] თუმცა, თავად შემოსავლების არსებობა არ უდრის დასაქმებას. სსკ 1214-ე მუხლში მითითებული „რეალური მატერიალური მდგომარეობა“ ფართოდ განიმარტება და არ გულისხმობს, მხოლოდ, პირის შემოსავალს, რომელიც მას გააჩნია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.[16] სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს ხელფასისა და დამატებითი ანაზღაურების ყველა სახეს, იქნება ის ძირითადი, თუ შეთავსებითი სამუშაო.[17] მაგალითად, სასამართლოები ისეთ გარემოებასაც იღებენ მხედველობაში, როგორიცაა მოპასუხის ინდ. მეწარმეობა, ფაქტი, რომ მას გააჩნია სავაჭრო ობიექტი, აქვს საკუთარი ბიზნესი, მხარის პროფესიული საქმიანობა და სხვ.[18] ერთ-ერთ საქმეში შემოსავლების დასადასტურებლად სასამართლომ საკმარისად ჩათვალა იმ ფაქტის დადგენა, რომ მოპასუხე ავტომანქანებით ვაჭრობდა, ჰქონდა ხის საამქრო, ასევე, იყო მუსიკოსიდა შეკვეთებით იღებდა შემოსავლებს, ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მოპასუხე ცხოვრობდა სოფელში დედასა და დასთან ერთად, სადაც ქონდა მიწის ნაკვეთი, მოყავდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ჰყავდა საქონელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდდა ბაზარში.[19] ხანდახან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საქმეში წარდგენილი არ იყოს მტკიცებულება მოსარჩელის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, თუმცა დადგენილი იყოს თავად მისი დასაქმების ფაქტი: აღნიშნულიც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული.[20]


მნიშვნელოვანია დრო, თუ როდის უნდა უფიქსირდებოდეს მშობელს შემოსავალი. საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ კუთხით განმარტავს, რომ შემოსავლების დადგენა მნიშვნელოვანია, უშუალოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში. შესაბამისად, თუნდაც პირს წარსულში (მაგ. სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტში) არ ქონოდა შემოსავალი, თუკი დადასტურდება, რომ საქმის მიმდინარეობისას მას გაუჩნდა შემოსავალი, სასამართლო იხელმძღვანელებს განახლებული ინფორმაციით.[21] აღნიშნულ მიდგომას ადასტურებს, ასევე, სსკ 1221-ე მუხლიც, რომელიც ითვალიწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ან გადიდების შესაძლებლობას მშობლების მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში.


📌 მესამე პირთა მიმართ არსებული ვალდებულებები


👉 ალიმენტის ოდენობის დასადგენად სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

👉 ალიმენტის ოდენობის დასადგენად სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლის ვალდებულებებს მესამე პირების მიმართ.


სასამართლომ ალიმენტის ოდენობის დადგენისას მხედველობაში უნდა მიიღოს მშობლის ოჯახური მდგომარეობაც, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობებს. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია რა მოცულობის ვალდებულებები აკისრია მოპასუხე მშობელს სხვა პირების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, ასევე მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ.[22] მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა და ოჯახური მდგომარეობა, ყველა ეს გარემოება, შეიძლება, გავლენას ახდენდეს მშობლის მხრიდან საალიმენტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე და, ამდენად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ალიმენტის ოდენობის დადგენისას.[23] მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ ალიმენტის გამოანგარიშებისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე იყვნენ მისი მშობლები, მათ შორის მამა, ჯანმრთელობის პრობლემებით, ასევე, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან.[24] სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული მშობლის, ისევე, როგორც მესამე პირთა ინტერესები.[25] ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ მშობელმა ვერ შეძლოს მისი გადახდა.საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი და ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა.[26]


📌 ბავშვის საჭიროებები


👉 ალიმენტის ოდენობის დასადგენად სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა საჭიროებებს.

👉 ბავშვის საჭიროებებად ითვლება არა მხოლოდ პირველადი ხარჯები (როგორებიცაა კვებისა და ტანსაცმლის ხარჯები), არამედ, ასევე, ყველა სხვა ხარჯი, რომელიც გაიღება ბავშვის ნორმალური სოციალური ცხოვრების ფარგლებში.

👉 მშობლების განქორწინებამ არ უნდა გამოიწვიოს ბავშვის ცხოვრების პირობების გაუარესება.


სასამართლო ალიმენტის განსაზღვრისას, ფინანსურ მდგომარეობასთან ერთად, მხედველობაში იღებს ბავშვის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა საჭიროებებს.[27] თუკი ბავშვს გააჩნია ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, საჭიროებს მკურნალობას და სპეციალურ რეჟიმს, რომელიც იწვევს მისი ხარჯების გაზრდას, სასამართლო აღნიშნულ გარემოებასაც მიიღებს მხედველობაში.[28] მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს ასევე მიღებული ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და, გარდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნებისა, საჭიროებს დამატებით სახსრებს მკურნალობისათვის, მედიკამენტებისა და ექიმების მომსახურებისათვის.[29] აღნიშნული უნდა განვასხვავოთ სსკ 1215-ე მუხლისაგან, რომელიც აწესებს მშობლის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობას. აღნიშნული მუხლის მიზანია ალიმენტვალდებული პირის ერთჯერადი და საგამონაკლისო დავალდებულება დააფინანსოს განსაკუთრებული გარემოებებით გამოწვეული საჭიროებები. ამგვარი საჭიროებები, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, ან კონკრეტული შემთხვევით.


ბავშვის აუცილებელ ხარჯებად ითვლება არა მხოლოდ პირველადი ხარჯები (როგორებიცაა კვებისა და ტანსაცმლის ხარჯები), არამედ, ასევე, ყველა სხვა ხარჯი, რომელიც გაიღება ბავშვის ნორმალური სოციალური ცხოვრების ფარგლებში. ამ მხრივ სასამართლოები ყურადღებას ამახვილებენ ბავშვის ფიზიკურ, სოციალურ, გონებრივ, ემოციური და სულიერ მოთხოვნებზე.[30] ეს შეიძლება მოიცავდეს სხვა და სხვა სასწავლო პროგრამების საფასურს, სპორტული და კულტურული ხასიათის აქტივობებში მონაწილეობის საფასურს და ა.შ. ამასთან, ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და, შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.[31] ამ თვალსაზრისით, საალიმენტო ვალდებულება თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ უკვე წარმოშობილ, არამედ ისეთ სამომავლო ხარჯებსაც, რომლებიც, მართალია, სამომავლოდ უნდა წარმოიშვან, თუმცა წარმოადგენენ ცხოვრების ბუნებრივ ნაწილს.


მნიშვნელოვანია მშობელთა ერთობლივი ცხოვრების დასრულებამ, რომელიც, როგორც წესი, თავისთავად მტკივნეულია ბავშვისათვის, დამატებით ზიანის მიყენება არ გამოიწვიოს და არ გააუარესოს მისი საცხოვრებელი პირობები. ამ მხრივ საერთო სასამართლოების დადგენილი სტანდარტით ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.[32]


📌 დამატებითი ხარჯები


👉 მშობელს შეიძლება დაეკისროს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა.

👉 დამატებით ხარჯებში მონაწილეობისათვის აუცილებელია მშობელს დაკისრებული ქონდეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა.

👉 დამატებით ხარჯებში მონაწილეობა ვრცელდება, მხოლოდ, არასრულწლოვან შვილზე.


სსკ 1215-ე მუხლი წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას, რომელიც გამოიყენება, მხოლოდ, კონკრეტულ შემთხვევაში და მას არ აქვს ალიმენტის მსგავსი განგრძობადი ხასიათი. ალიმენტისგან განსხვავებით, რომელიც მშობლის უპირობო მოვალეობაა და არ მოითხოვს შვილის სპეციალურ საჭიროებას, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება წარმოიშობა განსაკუთრებულ შემთხვევებში. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ „საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება.“[33]


ნორმა განსაკუთრებულ შემთხვევებად განიხილავს ავადმყოფობას, დასახიჩრებას და სხვა მსგავს მოვლენებს (Ejusdem Generis). შესაბამისად, დამატებით ხარჯებად 1215-ე მუხლის მიზნებისათვის არ ითვლება, მაგალითად, სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენის ხარჯები.[34] მუხლის გამოყენების წინაპირობებთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დამატებით ხარჯებში მონაწილეობისათვის აუცილებელია მშობელს დაკისრებული ქონდეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა. განმარტებას დაეთანხმა საქართველოს უზენაესი სასამართლოც.[35] შესაბამისად, მშობელს არ დაეკისრება შვილის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება, თუნდაც ამის წინაპირობები სახეზე იყოს, თუკი მას, ამავდროულად, არ ეკისრება ალიმენტის გადახდა.


1215-ე მუხლით დამატებით ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება დადგენილია, მხოლოდ, არასრულწლოვანი შვილის მიმართ.[36] შესაბამისად, ალიმენტისაგან განსხვავებით დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია სრულწლოვან შრომისუუნარო შვილს. მუხლით შესაძლებელია მხარეს დაევალოს სამომავლოდ გასაწევი ხარჯების წინასწარ დაფარვა, ან უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.[37] მხარემ, რომელიც ითხოვს დამატებით ხარჯებში მონაწილეობას უნდა დაადასტუროს ამგვარი ხარჯების საჭიროება ან მათი ფაქტობრივი გაწევა.[38] განსაკუთრებული საჭიროების დადასტურების გარეშე, მხოლოდ მოპასუხე მშობლის გაზრდილ ხელფასზე მითითებით არ არსებობს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის და თანხის ერთჯერადად გადახდის საფუძველი.[39] ამასთან, მართალია დამატებით ხარჯებში მონაწილეობა ალიმენტთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის ოდენობასაც, ვინაიდან თუკი ალიმენტის ოდენობა ფარავს განსაკუთრებულ ხარჯებს, აღარ არსებობს მშობლისათვის დამატებითი თანხის დაკისრების საჭიროება.[40]


დამატებით ხარჯებში მონაწილეობა დადგენილ უნდა იქნას მყარი თნხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან.[41] მართალია, დამატებით ხარჯებში მონაწილეობას ერთჯერადი ხასიათი გააჩნია, თუმცა, ეს არ ნიშნავს აუცილებლად მხოლოდ ერთ გადახდას - საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია, დამატებით ხარჯებში მონაწილეობა მშობელს დაეკისროს გარკვეული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით.[42] თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამას მოითხოვს, შესაძლებელია დამატებით ხარჯებში მონაწილეობას მიეცეს საალიმენტო გადასახადის სახე და იგი განისაზღვროს ყოველთვიურად, თუმცა, არაუმეტეს ბავშვის სრულწლოვანებამდე მიღწევამდე.[43]


📌 ალიმენტის მოთხოვნის ვადა


👉 ალიმენტი მოითხოვება სამომავლო პერიოდისათვის.

👉 წარსული პერიოდისათვის ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მაშინ, თუკი მშობელმა თავი აარიდა მის გადახდას.


ალიმენტი, ზოგადი წესის თანახმად მოითხოვება, მხოლოდ, სამომავლოპერიოდისათვის. წარსული დროისათვის, ალიმენტის მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი მის გადასახდელად მიღებულ იქნა ზომები, თუმცა ვალდებულმა პირმა თავი აარიდა ალიმენტის გადახდას. წარსული პერიოდისათვის ალიმენტი მოითხოვება, მხოლოდ, იმ ვალებისათვის, რომლებიც წარმოშობილია სამ წელზე ადრე სარჩელის წაყენებამდე. ზომების მიღებაში, ძირითადად, იგულისხმება მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის მოთხოვნის წაყენება. ამის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს - მან უნდა დაადასტუროს როგორც მოთხოვნის წაყენების ფაქტი, ისე დრო. მტკიცებულებად შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც წერილობითი დოკუმენტი (მაგ. შეტყობინება ალიმენტის მოთხოვნის თაობაზე),[44] ისე მოწმეთა ჩვენებაც. ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითა, რომ მოწმეთა ჩვენებებით შესაძლებელია იმ ფაქტის დადგენა, რომ ალიმენტი მოთხოვნილ იქნა სარჩელის შეტანამდეც.[45] სასამართლო წარსულ პერიოდზე ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას დააკმაყოფილებს იმ მომენტიდან, როცა მოსარჩელე დაადასტურებს მოპასუხისათვის მოთხოვნის წარდგენას.[46]


ამავე დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის ფორმულირებას. მართალია, კანონმდებელი ალიმენტის გადახდას სარჩელის აღძვრის მომენტს უკავშირებს, თუმცა, დავის განხილვისას სასამართლო ვერ გაცდება მოთხოვნის ფარგლებს. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა: „მართალია სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა, ხოლო საკასაციო სასამართლოში წარდგენილ საკასაციო საჩივარში მოსარჩელეს არ მიუთითებია სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის იმგვარად დაკმაყოფილების თაობაზე, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება მომხდარიყო არა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრება უნდა მოხდეს მხოლოდ მომავალი დროისათვის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან.[47]


📌 ალიმენტის ოდენობის ცვლილება ან მისგან გათავისუფლება


👉 მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას შესაძლებელია გადაიხედოს ალიმენტის ოდენობა.

👉 ალიმენტისგან გათავისუფლება დასაშვებია თუკი მისი გადაუხდელობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.


როგორც ალიმენტის ოდენობის დადგენისას, ისე მისი ოდენობის ცვლილებისას და ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ვალდებული პირის ეკონომიკური მდგომარეობით, ისევე, როგორც სარჩენი პირის საჭიროებებით. ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელე (მამა) ითხოვდა როგორც ალიმენტის ოდენობის შემცირებას, ისე, ნაწილობრივ, მისი გადახდისაგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ მის კმაყოფაზე მყოფი ოჯახის სხვა წევრი (მამა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საჭიროებდა ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას საზღვარგარეთ, რაშიც მოსარჩელემ მნიშვნელოვანი თანხები გაიღო, იძულებული გახდა ეკისრა სასესხო ვალდებულებები და ისე დაეფარა წარმოშობილი ხარჯები. სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია აღნიშნული და მოსარჩელე, ნაწილობრივ, გაათავისუფლა საალიმენტო ვალდებულებებისაგან.[48]


ზოგადად, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება და სხვ.[49] ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ალიმენტის გადამხდელის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების დავებშიც სასამართლო სარგებლობს ფართო დისკრეციით: აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ იმისთვის, რათა სასამართლომ მის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული შესაძლებლობა გამოიყენოს, აუცილებელია, რომ არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: (1) სახეზე უნდა იყოს პირის ავადმყოფობა, ან სხვა საპატიო მიზეზი; (2) ალიმენტის გადამხდელს უნდა ერიცხებოდეს საალიმენტო დავალიანება; და (3) პირველ ორ წინაპირობას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.[50]


ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ალიმენტის გადახდისაგან გაათავისუფლა მშობელი იმ დასაბუთებით, რომ მას შეზღუდული ქონდა შრომითი საქმიანობა, გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარი და საჭიროებდა გარეშე მომვლელს, იგი ვერ უზრუნველყოფდა არათუ შვილის რჩენას, არამედ საკუთარი თავის რჩენასაც კი.[51] ამავე დროს, თუკი პირი გათავისუფლდა ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან, ეს არ ნიშნავს მის სამუდამო და უპირობო გათავისუფლებას. თუკი აღმოიფხვრება ის გარემოებები, რაც ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდა (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება), სარჩენი პირი უფლებამოსილია თავიდან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის განსაზღვრა.[52]

_____

[1] სუსგ №ას-2-2-2011, 31/05/2011, სუსგ №ას-263-251-2017, 23/06/2017. [2] სუსგ №ას-319-319-2018, 15/05/2018, სუსგ №ას-861-2019, 03/10/2019, სუსგ №ას-1290-1210-2017, 30/01/2018, სუსგ №ას-1173-1128-2016, 30/06/2017, სუსგ №ას-1251-1194-2013, 06/06/2014. [3] სუსგ №ას-332-2019, 02/08/2019. [4] სუსგ №ას-876-2019, 26/07/2019. [5] სუსგ №ას-1355-2019, 25/02/2020. [6] სუსგ №ას-1355-2019, 25/02/2020. [7] სუსგ №ას-319-319-2018, 15/05/2018, სუსგ №ას-495-469-2015, 01/07/2015, სუსგ №ას-505-505-2018, 05/07/2018, სუსგ №ას-1141-1061-2017, 17/10/2017, უსგ №ას-861-2019, 03/10/2019, სუსგ №ას-1290-1210-2017, 30/01/2018. [8] სუსგ №ას-148-2020, 20/05/2020, სუსგ №ას-319-319-2018, 15/05/2018, სუსგ №ას-976-2019, 30/09/2019, სუსგ №ას-1122-1069-2013, 10/02/2014, სუსგ №ას-143-136-2013, 11/03/2013, სუსგ №ას-1141-1061-2017, 17/10/2017, სუსგ №ას-131-131-2018, 19/07/2018. [9] სუსგ №ას-131-131-2018, 19/07/2018. [10] სუსგ №ას-143-136-2013, 11/03/2013, სუსგ №ას-495-469-2015, 01/07/2015, სუსგ №ას-505-505-2018, 05/07/2018, სუსგ №ას-1122-1069-2013, 10/02/2014, სუსგ №ას-1339-2018, 02/11/2018, სუსგ №ას-1194-1154-2016, 31/03/2017. [11] სუსგ №ას-1355-2019, 25/02/2020. [12] სუსგ №ას-148-2020, 20/05/2020, სუსგ №ას-319-319-2018, 15/05/2018, სუსგ №ას-332-2019, 02/08/2019, სუსგ №ას-495-469-2015, 01/07/2015, სუსგ №ას-541-509-2012, 30/04/2012, სუსგ №ას-861-2019, 03/10/2019, სუსგ №ას-976-2019, 30/09/2019, სუსგ №ას-1524-2018, 12/11/2018, სუსგ №ას-1290-1210-2017, 30/01/2018, სუსგ №ას-1275-1514-05, 30/03/2006. [13] სუსგ №ას-58-49-2011, 27/06/2011. [14] სუსგ №ას-2-2-2011, 31/05/2011. [15] სუსგ №ას-1339-2018, 02/11/2018. [16] სუსგ №ას-319-319-2018, 15/05/2018. [17] სუსგ №ას-1275-1514-05, 30/03/2006, სუსგ №ას-675-641-2013, 10/02/2015. [18] სუსგ №ას-1194-1154-2016, 31/03/2017. [19] სუსგ №ას-58-49-2011, 27/06/2011. [20] სუსგ №ას-675-641-2013, 10/02/2015. [21] სუსგ №ას-675-641-2013, 10/02/2015. [22] სუსგ №ას-1122-1069-2013, 10/02/2014, სუსგ №ას-131-131-2018, 19/07/2018, სუსგ №ას-143-136-2013, 11/03/2013, სუსგ №ას-58-49-2011, 27/06/2011. [23] სუსგ №ას-143-136-2013, 11/03/2013, სუსგ №ას-840-798-2013, 24/01/2014. [24] სუსგ №ას-148-2020, 20/05/2020. [25] სუსგ №ას-58-49-2011, 27/06/2011. [26] სუსგ №ას-619-619-2018, 12/09/2018. [27] სუსგ №ას-1610-1511-2012, 04/02/2013, სუსგ №ას-1128-1075-2013, 10/02/2014, სუსგ №ას-58-49-2011, 27/06/2011, სუსგ №ას-675-641-2013, 10/02/2015, სუსგ №ას-2-2-2011, 31/05/2011, სუსგ №ას-58-49-2011, 27/06/2011. [28] სუსგ №ას-675-641-2013, 10/02/2015, სუსგ №ას-2-2-2011, 31/05/2011. [29] სუსგ №ას-58-49-2011, 27/06/2011. [30] სუსგ №ას-319-319-2018, 15/05/2018. [31] სუსგ №ას-1339-2018, 02/11/2018. [32] სუსგ №ას-148-2020, 20/05/2020, სუსგ №ას-319-319-2018, 15/05/2018, სუსგ №ას-332-2019, 02/08/2019, სუსგ №ას-495-469-2015, 01/07/2015, სუსგ №ას-541-509-2012, 30/04/2012, სუსგ №ას-840-798-2013, 24/01/2014, სუსგ №ას-861-2019, 03/10/2019, სუსგ №ას-1122-1069-2013, 10/02/2014, სუსგ №ას-1173-1128-2016, 30/06/2017. [33] სუსგ №ას-180-507-09, 25/06/2009. [34] სუსგ №3კ-647-03, 10/07/2003. [35] სუსგ №ას-763-714-2010, 02/12/2010. [36] სუსგ №3კ-773-02, 09/07/2002. [37] სუსგ №ას-180-507-09, 25/06/2009. [38] სუსგ №3კ-773-02, 09/07/2002. [39] სუსგ №ას-1299-1226-2012, 24/12/2012. [40] სუსგ №ას-605-579-2016, 17/02/2017. [41] სუსგ №ას-180-507-09, 25/06/2009. [42] სუსგ №ას-180-507-09, 25/06/2009. [43] სუსგ №ას-733-733-2018, 11/07/2018. [44] სუსგ №ას-675-641-2013, 10/02/2015. [45] სუსგ №ას-2-2-2011, 31/05/2011. [46] სუსგ №ას-675-641-2013, 10/02/2015. [47] სუსგ №ა-1400-გან-5-2018, 27/03/2018. [48] სუსგ №ას-621-2019, 11/07/2019. [49] სუსგ №ას-303-290-2015, 13/05/2015, სუსგ №ას-1191-1121-2015, 22/01/2016. [50] სუსგ №ას-284-2019, 27/06/2019. [51] სუსგ №ას-711-1041-07, 19/03/2008. [52] სუსგ №ას-711-1041-07, 19/03/2008.

7 views0 comments

Comments


bottom of page