top of page
Search
Writer's pictureAssoc. Prof. Dr. Giorgi Rusiashvili

სამოქალაქო კოდექსის 716-ე მუხლი: სხვისი საქმეების გაძღოლის ურთიერთობა

სკ-ის 716-ე მუხლი წარმოადგენს არა მხოლოდ პირდაპირ აპელირებას იმ შემთხვევებზე, რომლებიც გერმანიაში ერთიანდება „სხვისი საქმეების გაძღოლის” კრებსითი ცნების ქვეშ, არამედ, დეტალური წაკითხვისას, ნათელი ხდება, რომ ეს ასევე არის სპეციალური რეგულაცია ამ შემთხვევებისათვის და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნორმა სკ-ში პირდაპირ გსკ-იდან მოხვდა თუ ავსტრიის ზოგადი სამოქალაქო კოდექსის გავლენით.


სკ-ის 716-ე მუხლით მოწესრიგებულ შემთხვევასაც დამვალებლის სფეროს მიკუთვნებული საქმის გაძღოლის კონცეპტი უდევს საფუძვლად: მართალია, ამ შემთხვევაში დავალებული უკვე აღარ მოქმედებს დამვალებლის სახელით გარე ურთიერთობაში, თუმცა ასრულებს დამვალებლის მიერ შესასრულებელ საქმეს და ეს ჩანს უპირველესად მოცემულ ნორმაში „დამვალებლის ხარჯზე მოქმედების” ხსენებიდან. კერძოდ: ჩვეულებრივი, სტანდარტული მომსახურების ტიპის დავალების შესრულებისას დავალებული არ მოქმედებს დამვალებლის „ხარჯზე”. გარდა ამისა, სკ-ის 716-ე მუხლში ნახსენები „დავალებულის ხარჯზე” მოქმედება ვერ იქნება გაგებული იმგვარად, რომ აქ დამვალებლის მხრიდან დავალებულისათვის ამ უკანასკნელის საქმიანობიდან წარმომდგარი დანახარჯების ანაზღაურება იგულისხმება, რადგან ეს დანახარჯების ანაზღაურების ვალდებულება ცალკეა გაწერილი სკ-ის 717-ე მუხლში დათანაბრად ვრცელდება ყველა ტიპის დავალების ხელშეკრულებაზე. 716-ში კანონმდებლის მხრიდან ამის გამეორების და ცალკე გამოყოფის აუცილებლობა არ არსებობდა.


დავალებულის „ხარჯზე მოქმედება”, მართალია, მოიცავს დავალების სასყიდლიანობას, მაგრამ არ არის მისი იდენტური, არ ამოიწურება მხოლოდ სასყიდლიანობის ხაზგასმით და უფრო ფართოა, რადგან სასყიდელი აღნიშნავს მხოლოდ ექვივალენტურობას, იმას, რომ დამვალებელი გასცემს საპირისპირო შესრულებას დავალებულის მიერ დავალების შესრულების სანაცვლოდ, თუმცა ეს არ არის მის ხარჯზე მოქმედება. დამლაგებელი, რომელიც ალაგებს შემკვეთის სახლს, არ მოქმედებს მის ხარჯზე, არამედ უბრალოდ იღებს სასყიდელს გაწეული შრომისთვის. დამვალებლის „ხარჯზე” მოქმედება გულისხმობს გარკვეული გადაკვეთის წერტილის არსებობას დამვალებლისა და დავალებულის სფეროებს შორის, როდესაც დავალებულის მიერ განხორციელებული აქტივობა ამ უკანასკნელის სფეროსაც განეკუთვნება. მაგალითად, იმით, რომ გარე ურთიერთობაში ეს უკანასკნელია მასზე დელეგირებული საქმის „ბატონპატრონი”, ის დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა შიდა ურთიერთობის ძალით მისი გადაწყვეტილებების შედეგებს იმკის დამვალებელი, ზუსტად ისე, როგორც მოიმკიდა საკუთარი წარმატებული თუ წარუმატებელი აქტივობის შედეგს. ზუსტად ეს შეესატყვისება გერმანულ თუ ავსტრიულ კონცეპტს სხვისი საქმეების გაძღოლისა, როდესაც ექვივალენტურობის ინტერესის მიღმა მდებარე რისკი გამომდინარეობს ერთი პირის ქმედებებიდან, თუმცა მის შედეგებს ატარებს მეორე პირი (დამვალებელი). ამიტომაც, სკ-ის 716-ე მუხლში გაწერილი „დამვალებლის ხარჯზე” მოქმედების ქვეშ მოიაზრება: ამ დამვალებლის რისკის სფეროში შეჭრა, როდესაც ჯეროვანი შესრულების მიღმა მყოფი შედეგები (რისკი) განპირობებულია ერთი პირის (დავალებულის) ქმედებით, თუმცა ეხება და რეალიზდება მეორე პირის (დამვალებლის) სფეროში. მაგალითად, ოპერის მომღერალი ან დამლაგებელი, მართალია, იღებს სასყიდელს მისთვის დაკისრებული მოქმედების შესრულებისათვის და ვალდებულია ჯეროვნად შეასრულოს ეს მოქმედება, მაგრამ ამ ჯეროვანი შესრულების შედეგებსა და რისკებს უკვე თავად დამვალებელი მართავს და განაგებს. თუ ოპერის მომღერალი ჯეროვნად შეასრულებს არიას, იმ რისკის რეალიზება, რომ ოპერაში მსმენელი მაინც არ მოვა, დამკვეთის სამართავია და მის ქმედებებზეა დამოკიდებული. ამიტომაც, არც ოპერის მომღერალი და არც დამლაგებელი ან რომელიმე სხვა „სუფთა ტიპის” მომსახურების გამწევი პირი არ მოქმედებს დამვალებლის რისკით, ანუ, მის „ხარჯზე”. ამის საპირისპიროდ, როდესაც ერთი პირი მეორეს გადააბარებს საკუთარი აქტივების მართვას, ამ უკანასკნელის ჯეროვანი შესრულების მიღმა მდებარე ზოგადი ცხოვრებისეული რისკი ერთი პირის (დამვალებლის) ქმედებებიდან გამომდინარეობს, მაგრამ მეორე პირის სფეროში რეალიზდება – დავალებულის სწორმა ნაბიჯებმა, საბოლოო ჯამში, მაინც შეიძლება აზარალოს დამვალებელი, იმ ფაქტორების გამო, რომელიც წინასწარ გათვლას არ ექვემდებარება. ანუ, დავალებული ამ შემთხვევაში სხვისი რისკით, ანუ სხვის „ხარჯზე”, მოქმედებს, რაც ერთმანეთისაგან განასხვავებს „სუფთა” მომსახურების ტიპის ურთიერთობას „საკუთარი საქმის სხვისათვის გადაბარების” („სხვისი საქმეების გაძღოლის”) ურთიერთობისაგან. ზოგადად, როგორც ეს სკ-ის 709-ე-723-ე მუხლების ცნებითი აპარატიდან და სისტემატიკიდან იკითხება, ქართველმა კანონმდებელმა, 709-ე, 716-ე მუხლებში სიტყვა „ხარჯზე” სწორედ დამვალებლის რისკის აღსანიშნავად გამოიყენა.


ამგვარად, როგორცქართულ (სკ-ის 716-ე მუხლი), ისე ავსტრიულ (1002-ე პარაგრაფი) და გერმანულ (675 I პარაგრაფი) რეგულაციებს საერთო აქვს ის, რომ სამივე ეხება სხვისი საქმეების გაძღოლის შემთხვევას. ავსტრიაში ეს განპირობებულია ექსპლიციტური აპელირებით „გარე ურთიერთობაში” მარწმუნებლის სახელით მოქმედებაზე, გერმანიაში „სხვისი საქმის გაძღოლის” ცნების პირდაპირ ხსენებით მოცემულ ნორმაში, ხოლო საქართველოში, სკ-ის 716-ე მუხლში ამ ტიპის დავალებისათვის „დამვალებლის ხარჯზე” მოქმედების კონსტიტუტიურ ნიშნად დაფიქსირებით. ამ ერთსულოვან კონცეპტუალურ მოცემულობაში ყველაზე მართებული ჩანს, რომ ქართულმა სამართალმა, დეტალებთან (კონკრეტულ წინაპირობებთან დაკავშირებით) გერმანული დოქტრინის მიერ გათელილი გზა გაიზიაროს, რადგან, მიუხედავად კოდიფიკაციების ქრონოლოგიისა და დავალების ხელშეკრულების შემთხვევაში რეცეფციის ზუსტი ხაზისა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს იმ არქეტიპულ მართლწესრიგს, სადაც ყველა ეს პრობლემატიკა მაქსიმალურად სიღრმისეულად არის დამუშავებული, საიდანაც ავსტრიული მართლწესრიგი თავად იღებს ინსპირაციას და ნებისმიერი სხვა შვილობილი მართლწესრიგიც (როგორიცაა ქართული) ვალდებულია იგივე გააკეთოს, თუ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული მიზეზები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შეიმჩნევა.


გარდაამისა, სკ-ის 716-ე მუხლს ავსტრიულ თუ შვეიცარიულ კანონებში ანალოგი არ მოეპოვება და, სავარაუდოდ, სწორედ გერმანული 675-ე პარაგრაფის გავლენით (უფრო სწორად იმ გერმანული კანონპროექტის გავლენით, რომელიც ამ ტიპის რეგულაციას შეიცავდა), რადგან, როგორც ცნობილია, სკ-ის შემქმნელი ქართულ-გერმანული კომისია Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts-დან იღებდა ინსპირაციას, რის გამოც მთელი რიგი ნორმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც გერმანიაში ისინი მხოლოდ კანონპროექტის სახეს ატარებდა. სამწუხაროდ, ქართულ-გერმანულ კომისიას სამოქალაქო კოდექსის შექმნის მასალები და დოკუმენტაცია არ დაუტოვებია, რის გამოც რეცეფციის უფრო დეტალური ხაზის გამოკვლევა შეუძლებელია.


ამგვარად, სკ-ის 716-ე მუხლის წაკითხვას სწორედ გერმანული Geschäftsbesorgung-ის კონცეპტი უნდა დაედოს საფუძვლად და მას ალტერნატივა ვერ ექნება.


რაცშეეხება, ამ რეგულაციით პირდაპირ მოწესრიგებულ შემთხვევას, როდესაც დავალებულის მიერ დამვალებლის ხარჯზე საკუთარი სახელით შეძენილი ან დამვალებლის მიერ გადაცემული ქონება კრედიტორებთან ურთიერთობაში დამვალებლის ქონებად ითვლება, ეს ეხება კონსტელაციას, როდესაც დავალების მიზანი ამ ქონების რაიმე ფორმით დამვალებლის ხელში მოხვედრა იყო და არა იმ კონსტელაციას, როდესაც დამვალებელი გარკვეულ სიკეთეებს მოიპოვებს „გზადაგზა” ამ დავალების შესრულებისას და მათზე რაიმე უფლების მოპოვების მიმართ დამვალებელს არანაირი ინტერესი არ აქვს. მაგალითად, კრედიტორებთან ურთიერთობაში დამვალებლის საკუთრებად არ ითვლება მატარებლის ბილეთი, რომელიც დავალებულმა შეიძინა დამვალებლის საქმეების გაძღოლის მიზნით რეგიონში გამგზავრებისათვის ან როდესაც პირი ფულს აძლევს ბროკერს იმისათვის, რათა ამ უკანასკნელმა მომგებიანად დააბანდოს აქციებში წლების განმავლობაში – იყიდოს იმ მომენტში მომგებიანი აქციები, შემდეგ გაყიდოს და მოგებულით ახალი აქციები შეიძინოს – და, საბოლოოდ, ისევ გაზრდილი თანხადაუბრუნოს, აქ დამვალებელი, რა თქმა უნდა, არ მოიპოვებს შუალედში შეძენილ აქციათა პაკეტზე საკუთრებას.


გარდაამისა, სკ-ის 716-ე მუხლი, რომელთანაც ყველაზე ახლო მდგომი რეგულაცია უცხოური მართლწესრიგებიდან გერმანიის სავაჭრო კოდექსის 392 II პარაგრაფია, არეგულირებს მხოლოდ იმ პირებს შორის ურთიერთობას, რომლებიც იქ არიან ნახსენები (დამვალებელი და დავალებულის კრედიტორები), მხოლოდ ამ ნაწილში აქვს „გასანივთოებული” ეფექტი და არა ზოგადად ყველა სხვა პირს შორის. თავად დამვალებელსა და დავალებულს შორის ურთიერთობაში ეს ქონება ამ უკანასკნელის საკუთრებად რჩება მათი ცალკე სანივთო აქტით გადაცემამდე (სკ-ის 715 I მუხლიდან გამომდინარე ვალდებულება) და ასევე თავად დამვალებელსა და მის კრედიტორებს შორის ურთიერთობაში ეს ქონება, რა თქმა უნდა, არ ითვლება დამვალებლის საკუთრებად. ამ ქონებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულება არ ეკისრება დამვალებელს და ა. შ.


15 views0 comments

Comentários


bottom of page