⚠️ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ფაქტობრივი ზიანი და მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას. ზიანში არ მოიაზრება უფლების დროებითი შეზღუდვა, რაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია.
⚠️ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება იმ პროპორციით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
⚠️ ფულადი ვალდებულების დარღვევისას ივარაუდება, რომ კრედიტორს მიადგა ზიანი და იგი განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს.
👉 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199(3) მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი
👉 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-115-2020
🔴 ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 114,260 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მიიღო სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას, ხოლო იპოთეკის საგანი მიექცა აღსასრულებლად. მოპასუხემ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი სასამართლოში გაასაჩივრა და საბოლოო გადაწყვეტილებით სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხის ოდენობა შემცირდა.
აღნიშნული დავის დასრულების შემდგომ მოსარჩელემ ახალი სარჩელი აღძრა მოპასუხის (მსესხებელი) წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის 20,000 აშშ დოლარის დაკისრება. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით სასამართლოს განჩინებით სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, თითქმის, ორი წლის განმავლობაში იყო შეჩერებული, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო ძირი თანხის დროულად მიღება, რითიც მას მიადგა ფინანსური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა 20,000 აშშ დოლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება იყო გაუმართლებელი, რაც სსსკ 199-ე მუხლის საფუძველზე ითვალისწინებდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით. მასვე ეკისრება დამდგარი ზიანის და მისი ოდენობის დამტკიცების ტვირთი. ზიანში უფლების დროებით შეზღუდვა არ იგულისხმება, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულებაც სწორედ უფლების დროებით შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და ა.შ). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება გულისხმობს უფლების დაუშვებელ ხელყოფას, როგორიცაა მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება. წინამდებარე შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძველი იყო სსკ 411-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისათვის. კრედიტორის ძირითადი საქმიანობა ფულადი სახსრების განკარგვით შემოსავლის მიღება იყო, მოვალისთვის წინასწარ განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო სესხად აღებული თანხის ვადაში დაუბრუნებლობისას მოპასუხისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
🔴 სასამართლოს მსჯელობის შეჯამება
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. სასამართლოს უმთავრესი განსახილველი საკითხი იყო სსსკ 199(3) მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით აღნიშნული მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების საფუძველი უნდა ვეძიოთ სამოქალაქო მატერიალური კანონმდებლობის ნორმებში. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა გამოწვეული, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის განხილვის წესებს ადგენს და ამ მიზნის ფარგლებში მხარეთა შორის საპროცესოსამართლებრივ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ხოლო მათი მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სსსკ 199(3) მუხლი ზიანის არსს კი არ განსაზღვრავს, არამედ იგი იმას ადგენს, თუ რა შემთხვევებში სარგებლობს მოპასუხე უფლებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ასეთ დროს, ზიანში მოიაზრება მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ზიანი არ გულისხმობს უფლების დროებით შეზღუდვას. მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გვაროვნული ნივთი - ფული, ხოლო კრედიტორის სამეწარმეო საქმიანობა სასყიდლიანი კრედიტის გაცემაა, სსკ 411-ე მუხლის წინაპირობების არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა, რამდენადაც ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას. შესაბამისად, არსებობს ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
თუმცა, უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრას, ვინაიდან მოპასუხის თავდაპირველი მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ ნაწილობრივ უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურებაც (დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად). სასამართლოს განმარტებით სარჩელის ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგით დასრულდა, მოპასუხისათვის ზიანის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კანონიერადაა ცნობილი.
Comments