⚠️ მშენებლობის ნებართვა არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელიც ნებართვის მფლობელს უფლებას აძლევს მესამე პირებს მოსთხოვოს მშენებლობის განხორციელებაში ხელისშემშლელი მოქმედებების აღკვეთა.
👉 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლი
👉საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-199-893-03
🔴 ფაქტობრივი გარემოებები
1977 წელს მოსარჩელემ შეიძინა ქ. თბილისში მდებარე 435 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი ეზოსთან ერთად. შეძენილ უძრავ ქონებაზე განთავსებული იყო ძველი ნაგებობა, რომელიც მოსარჩელეს სურდა, რომ დაენგრია და მის ნაცვლად აეგო ახალი ნაგებობა. ამისათვის მოსარჩელემ 1997 წელს მოიპოვა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა. თუმცა, მოსარჩელემ ვერ შეძლო მშენებლობის წარმოება იმ მიზეზით, რომ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მოპასუხის მფლობელობაში არსებული ჯიხური. მოპასუხე კი ჯიხურის გადაადგილებაზე უარს აცხადებდა. მოსარჩელემ რამდენჯერმე სცადა ჯიხურის გადატანა, თუმცა უშედეგოდ. ამის თაობაზე 1997 და 2001 წლებში ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა და ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის თავმჯდომარემ მიმართეს პოლიციას, თუმცა ამ მიმართვას შედეგი არ მოყოლია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი კუთვნილი ფართის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპასუხისათვის ჯიხურის გადატანის დავალდებულება.
პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას, თავდაპირველად, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, თუმცა მოპასუხის საჩივრის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა. ამის შემდგომ, სასამართლომ იმსჯელა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ფიზიკური პირი უნდა შეცვლილი ქ. თბილისის მერიის მოსაკრებლების სამსახურით, ვინაიდან სადავო ჯიხური იმყოფებოდა მერიის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა მოპასუხემ, თუმცა ამას არ დაეთანხმა მოსარჩელე, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
სააპელაციო ინსტანციამ გააუქმა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კვლავ, უარი განაცხადა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს არასათანადო მოპასუხის თაობაზე გაკეთებული განმარტების ნაწილში, თუმცა, ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ჯიხური მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი ფართის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ სსკ 172-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ მოსარჩელეს ხელი ეშლებოდა არა თავისი საკუთრებით სარგებლობაში, არამედ მშენებლობის დაწყებაში, რათა ტროტუარი გამოეყენებინა დროებით სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის. თუმცა ტროტუარით, რომელზეც მდებარეობს ჯიხური, დროებითი სარგებლობის უფლება მოსარჩელეს არ გააჩნდა და მისი განსაკუთრებული უფლება ტროტუარზე არ დგინდებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
🔴 სასამართლოს მსჯელობის შეჯამება
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს დაავალა ჯიხურის გადატანა.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ჯიხური ხელს უშლიდა მოსარჩელეს სამუშაოების წარმოებაში. კერძოდ, სამშენებლო პროექტის თანახმად ქუჩის მხრიდან ქანობის მისაღებად უნდა მოჭრილიყო მიწა 3 მეტრზე, ხოლო ჯიხური კი მდებარეობდა სახლის კედლიდან 1.7 მეტრზე, ამიტომ ქვაბულის დამუშავების დროს იგი შეიძლებოდა დანგრეულიყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით,
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯიხურის აღება აუცილებელი იყო არა ტროტუარის გასათავისუფლებლად სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის, არამედ იმისთვის, რომ სამუშაოების დროს ჯიხური არ დანგრეულიყო. ამასთან, მოსარჩელეს გააჩნდა სათანადო ნებართვა და პროექტი მშენებლობის განსახორციელებლად, ხოლო, სადავო ჯიხური ტროტუარზე განთავსებული იყო უნებართვოდ. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლაც არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სსკ 172(2) მუხლის თანახმად „თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა, თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.“ ხოლო, სსკ 152-ე მუხლის თანახმად „არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.“ საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელემ სათანადო წესის დაცვით მიიღო რა თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის უფლება, ამით მიიღო არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება ქონდა მოპასუხისგან მოეთხოვა თავისი მიწის ნაკვეთის წინ ტროტუარზე უნებართვოდ ჩადგმული ჯიხურის აღება, ვინაიდან იგი ხელს უშლიდა მოსარჩელეს კანონით დაცული უფლების, პირადი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის წარმოებაში. აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ხელი არ ეშლებოდა თვისი საკუთრებით სარგებლობაში, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა საკუთრებაა, ხოლო მშენებლობის განხორციელებაზე ხელშეშლა ამ საკუთრების ხელყოფაა და მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოიხატებოდა უნებართვოდ ჩადგმული ჯიხურის აღებაში.
Komentarze