ჰოსპიტალი
- Gocha Okreshidze
- Jun 9, 2025
- 23 min read
* * *
სულიკოს ცხოვრებაში პრობლემამ სრულიად მოულოდნელად იჩინა თავი.
– „მდგომარეობა გამოუვალია,“ – განუცხადა მას კოსტიუმიანმა ქალმა და ჩაის ფინჯანი, რომელსაც ცხელი ორთქლი ასდიოდა, ტუჩებთან ახლოს მიიტანა. – „კაცი უცხოელია. ის სულიკოს ეძებს. საქმეში უეჭველად ოჯახიც ჩაერევა. როდესაც ხელისუფლებას შეატყობინებენ – და ამას აუცილებლად გააკეთებენ, თუკი საკითხი სასამართლო წესით არ მოგვარდება – პასუხისმგებლობას ვეღარსად გაექცევით.“
საქმე ის იყო, რომ წინა ღამით ვიღაცამ სულიკოს სახლის შესასვლელი კარის ქვეშ სასამართლო უწყება შეაცურა. როგორც ირკვეოდა, უცნობი უცხოელი კაცი, რომლისგანაც სულიკო დაორსულდა, სასამართლოში უჩიოდა იმის გამო, რომ მან აბორტი გაიკეთა. „როგორ შეიძლებოდა საქმე აქამდე მისულიყო?“ — უკვირდა სულიკოს, ვინაიდან თავადაც დანამდვილებით ვერ იხსენებდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შვილის მამა. თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ბრალდება წაყენებული იყო. მანაც სასწრაფოდ საოჯახო საბჭო მოიწვია.
შეკრება მათი სახლის ვიწრო მისაღებ ოთახში გაიმართა. მას ესწრებოდნენ ნათესავები, რამდენიმე პირქუში მეზობელი და დაჭმუჭნულკოსტიუმიანი ქალი, რომელიც ვექილის ავტორიტეტული ტონით საუბრობდა. სულიკო – გამხდარი ახალგაზრდა ქალი, რომლის ნერვული ენერგიაც თითქოს მის ხშირ, ხუჭუჭა თმებში იყრიდა თავს – ოთახის შუაგულში იჯდა და თავს კედელზე მისრესილ მწერად გრძნობდა. როგორც ჩანს, საქმის სიმწვავე მთლად კარგად არც კი ესმოდა, ვინაიდან დაბნეული აცეცებდა თვალებს და გულში ფიქრობდა: „რა უფლება აქვს იმ უცხოელ კაცს, შვილის გაჩენა დამაძალოს? სხეული ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამ.“ თუმცა ხმამაღლა ბევრი რამის თქმა ვერ მოახერხა.
– „პასუხისმგებლობას?“ – წვრილი, მთრთოლვარე ხმით იკითხა სულიკომ, როგორც კი კოსტიუმიანმა ქალმა საუბარი დაასრულა.
– „ფინანსურ, მორალურ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას,“ – ამჯერად საუბარში უფროსი მამიდა ჩაერია, რომელიც აშკარად ვექილის პოზიციას იზიარებდა. – „ძებნას გამოგიცხადებენ. მარტო კომპენსაცია გაგაკოტრებს, თავის არიდება კი... თავის არიდება ციხით დაგვირგვინდება. დიახ, ციხე ამ ყველაფრის ერთადერთი ლოგიკური დასასრულია.“
ამ დროს სულიკოს მამამ, ბაბუამ და რამდენიმე მეზობელმა კაცმა, რომლებიც ცხვირსახოცებით ხელში თავდახრილები ისხდნენ და დროდადრო თვალებიდან ცრემლებს იწმენდნენ, ხმამაღლა ტირილი და მოთქმა ატეხეს. თუმცა სიტყვა „ციხე“ ჰაერში გამოეკიდა, როგორც მძიმე და ყინულივით ცივი მახვილი, რომელიც არავინ იცოდა, როდის ჩამოვარდებოდა და სულიკოს კისერს გააგდებინებდა. საკვირველი ის იყო, რომ სულიკოს დაცვა არავის უცდია. არავის შეუთავაზებია, თუნდაც სამედიცინო ექსპერტიზა მოეთხოვათ – ხომ შეიძლებოდა, ის უცხოელი კაცი საერთოდაც არ ყოფილიყო ბიოლოგიური მამა? არც რაიმე სამართლებრივი კონტრზომების მიღება ურჩევიათ. საოჯახო საბჭომ უბრძოლველად, თავისთავად მოცემულობად მიიღო ის ფაქტი, რომ სულიკო კატასტროფულ შარში იყო გახვეული და სასჯელის მექანიზმიც უკვე ამოქმედებულიყო.
სულიკოს მკერდში მწვავე პანიკამ გაიდგა ფესვები. ციხეში ის ვერ წავიდოდა. ვერც იმ კაცს და ვერც მის უსახო, ჰიპოთეტურ ოჯახს დაუდგებოდა პირისპირ. შესაბამისად, გაქრობა სჭირდებოდა – არა მხოლოდ ბინიდან, არამედ საზოგადოებრივი ვალდებულებების მთელი სისტემიდან. დასამალად საიმედო თავშესაფარი უნდა მოეძებნა; ისეთი დაწესებულება, სადაც პოლიცია და განრისხებული ნათესავები შეღწევას ვერ შეძლებდნენ.
ამ გადაწყვეტილებას მთელი ოჯახი დუმილითა და მხრების აჩეჩვით დაეთანხმა.
* * *
მეორე დილითვე სულიკომ ადრიანად გაიღვიძა. კარადიდან ერთი ძველი, ყვითელი ზურგჩანთა გამოიღო, შიგნით ტანსაცმელი და პირადი ნივთები ჩაალაგა და სახლიდან, ყველას დაუმშვიდობებლად, გავიდა. ქალაქის ქუჩებში მიაბიჯებდა და პარანოიდული ფიქრი, რომ უცხოელი კაცი ყოველი გამვლელი ტრამვაიდან უთვალთვალებდა, გულისცემას უჩქარებდა. ის მანამდე არ გაჩერებულა, სანამ ქალაქის ცენტრალური ჰოსპიტალის უშველებელ, რუხ, მონოლითურ შენობას არ მიადგა.
ჰოსპიტალი უფრო ავადმყოფობის ბიუროკრატიულ ციხესიმაგრეს ჰგავდა, ვიდრე განკურნების ადგილს. შიგნით ამიაკისა და მოხარშული კომბოსტოს მძაფრი სუნი იდგა. ერთფეროვანი, მოზუზუნე განათება არც ჩრდილებს ტოვებდა და არც სითბოს ასხივებდა. სულიკო სარეგისტრაციო დახლს მიუახლოვდა; მის მიღმა მჯდომი ბიჭი თითქოს იატაკზე დაგებული ფერმკრთალი ლინოლეუმისგან იყო გამოთლილი, ისე უხილავად ერწყმოდა გარემოს.
– „ჰოსპიტალიზაციას ვითხოვ!“ – განაცხადა სულიკომ.
ბიჭს ჟურნალიდან თვალი არ აუწევია, ისე იკითხა:
– „დაავადების ბუნება?“
– „აშლილობა,“ – განუმარტა სულიკომ და შუშის ტიხარს მიეყრდნო. – „ზოგადი, სრული ნერვული აშლილობა. გარე სამყაროსთან შეგუება მიჭირს. საკუთარი თავისთვის საფრთხეს წარმოვადგენ.“
იგი წინააღმდეგობას ელოდა – ფსიქოლოგიური ტესტების კასკადსა და სკეპტიკოსი ექიმების დაკითხვებს, რომლებიც მისი აკანკალებული ფასადის მიღმა სიმართლეს მარტივად ამოიცნობდნენ. ამის ნაცვლად, ხელებში ექვსი იდენტური ფორმისგან შემდგარი საბუთების დასტა მიაჩეჩეს და სულიკომაც მათი შევსება დაიწყო. ჯვარს უსვამდა იმ უჯრებს, სადაც მწვავე გადაღლას, უკონტროლო შფოთვასა და რეალობის აღქმის უუნარობას ადასტურებდა.
როდესაც, როგორც იქნა, გასასინჯ ოთახში შეიყვანეს, დაღლილმა ექიმმა, რომელსაც თვალების ქვეშ დიდი ტომრები ჩამოსწოლოდა, თავი ძლივს ასწია, რათა მისთვის შეეხედა. ექიმმა სულიკოს პულსი გაუსინჯა და ქაღალდები სწრაფად გადაიკითხა.
– „ყველაფერი გასაგებია, აშლილობაა, თუმცა არა მწვავე,“ – ჩაიბურტყუნა მან, ფორმას ბოლოში ხელი მოაწერა და ბეჭედი დაარტყა. – „თქვენ აკმაყოფილებთ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნებს. მეოთხე პალატა!“
სულიკომ ტრიუმფალური შვება იგრძნო. ყველაფერი რა მარტივი აღმოჩნდა! სანამ მორიგე ექიმს მეოთხე პალატისკენ მიმავალ გრძელ, ჩაბნელებულ დერეფანში მიჰყვებოდა, გონებაში ითვლიდა, რომ აქ რამდენიმე კვირას, ან იქნებ ერთ თვესაც დარჩებოდა – ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საკმარისი იქნებოდა, რათა უცხოელ კაცს მისი ძებნა შეეწყვიტა და ციხის საფრთხეც დროის მდინარებაში ჩაკარგულიყო.
აქ ის უსაფრთხოდ იყო.
* * *
პალატის მძიმე, ორფრთიანი კარი სულიკოს ზურგს უკან ყრუ ხმაურით დაიკეტა და დერეფნის მოზუზუნე ექო თან გაიყოლა. მეოთხე პალატა სულაც არ ჰგავდა განკურნების ადგილს; ის უფრო მარტოსული ადამიანების უზარმაზარ, ცივ საცავს წარმოადგენდა. ოთახის მახრჩობელა გეომეტრია სულიკოს მაშინვე თვალში ეცა – მაღალჭერიან, კაშკაშა შუქით განათებულ დარბაზში ჟანგიანი რკინის საწოლები უსასრულო რიგებად იყო ჩამწკრივებული. მათ შორის მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ ადამიანი ფეხს ძლივს ჩადგამდა. აქ არ არსებობდა არავითარი ტიხარი, არც ერთი ფარდა ან თუნდაც ოდნავ ჩაბნელებული კუთხე. ეს იყო ტერიტორია, სადაც პირადი სივრცის ცნება ფიზიკურად არ არსებობდა.
თუმცა შიშველ კედლებზე მეტად სულიკო იმ ფაქტმა დააბნია, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა. დარბაზში სამარისებური სიჩუმე იყო, ათობით მზერა კი ერთ წერტილში, უშუალოდ მასზე იყო ფოკუსირებული.
ყველა ეს მზერა კაცს ეკუთვნოდა.
პალატაში სხვადასხვა ასაკისა და შესახედაობის კაცები იყვნენ – ზოგი საბანში გახვეული გაუნძრევლად იწვა, ზოგი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო, ზოგი კი უბრალოდ სიცარიელეს მისჩერებოდა. ამ უზარმაზარ სივრცეში ქალის ჭაჭანება არ იყო. სულიკომ ინსტინქტურად უკან დაიხია, კარის სახელურს დაუწყო ხელებით ძებნა, მაგრამ ამ დროს განყოფილების მორიგე ექიმმა, რომელმაც ის აქ შემოიყვანა, მკლავში ხელი მაგრად ჩაავლო.
– „აქვე დაგველოდეთ!“ – ჩასჩურჩულა ექიმმა ოდნავ ნერვიული ტონით.
სულიკო ადგილზე გაიყინა. ექიმი კი მას მოსცილდა და ოთახის ყველაზე შორეული, შედარებით ბნელი კუთხისკენ გაემართა. იქ, ორ გადაბმულ საწოლზე, უზარმაზარი აღნაგობის კაცი იწვა. მას ჰოსპიტალის სტანდარტული თეთრეულის ნაცვლად რაღაც მუქი, ხავერდისმაგვარი მოსასხამი ეხურა და ოთახს ისე გადაჰყურებდა, როგორც მონარქი – თავის სამფლობელოს. ექიმი მასთან მივიდა, ოდნავ, თითქმის მოწიწებით დაიხარა და ჩურჩული დაიწყო. ეს „მთავარი პაციენტი“ იყო, რომელიც პალატის ყველაზე გავლენიანი და ძველი ბინადარი გახლდათ.
სულიკო სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა ამ სცენას. ექიმი თითქოს თავს იმართლებდაო, ახალი პაციენტის შემოყვანის აუცილებლობას უხსნიდა, მთავარი პაციენტი კი მას დინჯად უსმენდა. ბოლოს უზარმაზარმა კაცმა ძლივს შესამჩნევად, მაგრამ მტკიცედ დაუქნია თავი. ექიმს სახეზე აშკარა შვება დაეტყო. მან სწრაფი ნაბიჯით დატოვა პალატა ისე, რომ სულიკოსკენ აღარც კი გაუხედავს.
როგორც კი კარი დაიხურა, მთავარი პაციენტის გვერდით მდგომი საწოლიდან მაღალი, ძვალმსხვილი და მკაცრსახიანი კაცი წამოდგა, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი. მან დინჯი, მწყობრი ნაბიჯებით გაიარა რიგებს შორის, სულიკოს მიუახლოვდა და უსიტყვოდ, მხოლოდ თვალების მოძრაობით ანიშნა, უკან გამომყევიო. სულიკომ ყვითელი ზურგჩანთა მკერდზე მიიხუტა და მორჩილად გაჰყვა. კაცმა ის ოთახის შუაგულში, რიგის ბოლოში მდგარ ერთ–ერთ საწოლთან მიიყვანა და თითით ანიშნა – აქ დაჯექიო.
სულიკო საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. სწორედ ამ დროს კუთხიდან ხავერდოვანი, მაგრამ მთელ ოთახში ექოსავით მჟღერი ხმა გაისმა.
– „ბიჭებო,“ – დაიწყო მთავარმა პაციენტმა და ოდნავ წამოიწია. მისი ხმა ისეთი იყო, თითქოს ყოველი სიტყვა წინასწარ ჰქონდა აწონილი. – „როგორც ხედავთ, ახალი სტუმარი გვყავს. მეოთხე პალატა ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. მივიღოთ ის ისე, როგორც ჩვენს დიდ ოჯახს შეეფერება!“
– „ოჰ, გეთანხმებით, გეთანხმებით, როგორ კარგად ჩამოაყალიბეთ! გაუმარჯოს ახალმოსულს!“ – გაისმა ოთახის მეორე ბოლოდან წვრილი, გამყივანი ხმა. ყველამ ტანდაბალი, ჯუჯა კაცისკენ გაიხედა, რომელიც საწოლზე ფეხებით შემდგარიყო, რათა უკეთ დაენახათ. ის ხელებს ნერვიულად ისრესდა და მთავარ პაციენტს ანთებული თვალებით შესციცინებდა.
მთელი პალატა ერთხმად მიესალმა სულიკოს. მან კი ყვითელ ზურგჩანთას თითები უფრო მაგრად მოუჭირა. ოთახში არსებული აბსოლუტურად ყველა თვალი ახლა მხოლოდ მასზე იყო ფოკუსირებული. ეს არ იყო ცნობისმოყვარე მზერა. ეს გახლდათ გამჭოლი, კოლექტიური ყურადღება, რომლითაც დახურული, მკაცრი წესების მქონე საზოგადოება თავის ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხო სხეულს სწავლობდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ პალატის კარი მოულოდნელად ფართოდ გაიღო. ოთახში საშუალო ასაკის ქალი შემოვიდა, რომელიც ექიმს სრულიად არ ჰგავდა. ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა და საყელო ზედმეტად მკაცრად ჰქონდა შეკრული.
ეს იყო ჰოსპიტალის დირექტორი.
იგი პალატის შუაგულში გაჩერდა, ხელები ზურგს უკან მჭიდროდ შეკრა და რამდენიმე წამით ყველას გადახედა, თითქოს აუდიტორიას ზომავდა.
– „ჩემო მეგობრებო!“ – დაიწყო მან ხმამაღალი, სასცენო ტონით, – „ადამიანის გონება ყველაზე რთული ინსტრუმენტია სამყაროში.“
კაცები მშვიდად უსმენდნენ. ზოგს საერთოდ არც კი შეუხედავს მისთვის.
– „ზოგჯერ ჩვენ გვგონია, რომ ცხოვრება გვეჯახება,“ – განაგრძო მან, – „მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ შესაძლებლობაა. შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავში ჩავიხედოთ.“
მან პაუზა გააკეთა.
– „ჩვენი ჰოსპიტალი სწორედ ამისთვის არსებობს.“
შემდეგ მან კმაყოფილი სახით დააქნია თავი და პალატიდან გავიდა.
* * *
ასე იწყებოდა სულიკოს ახალი, აბსურდული ყოველდღიურობა – ცხოვრება, რომელიც დაუნდობელ, კოლექტიურ ცნობისმოყვარეობასა და შემაწუხებელ, ყოვლისმომცველ ყურადღებაში გადიოდა. მთელი პალატა, მთავარი პაციენტის უჩინარი დირიჟორობით, გამუდმებით მასზე იყო ფოკუსირებული. საკმარისი იყო, სულიკო თავის მოჭრიჭინე საწოლზე ჩამომჯდარიყო, რომ მეზობლად მყოფი კაცები მაშინვე მისკენ ტრიალდებოდნენ. ზოგი უტიფრად აშტერდებოდა, ზოგიც ვითომ შემთხვევით, საწოლს მისკენ აჩოჩებდა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო. მის ყოველ მოძრაობას ჩურჩული და ხითხითი ახლდა თან. თუ შეიშმუშნებოდა, რომელიმე მაშინვე გადასძახებდა მეორეს: „ნახეთ ერთი, როგორ ნერვიულობს ჩვენი გოგო!“; თუ ჩაახველებდა, ვითომ მზრუნველად, მაგრამ აშკარად დამცინავი ღიმილით ეკითხებოდნენ, ზურგზე ხომ არ შესცივდა ან წყალი ხომ არ უნდოდა. სულიკო თავს ისე გრძნობდა, როგორც უცხო, ეგზოტიკური მწერი მიკროსკოპის ქვეშ.
თუმცა მთავარი პაციენტი მაინც ყველაზე მეტად აბნევდა. ის სულიკოს პირდაპირ არასდროს მიმართავდა. ამის ნაცვლად, ოთახს ესაუბრებოდა. მისი მჭახე, მგრგვინავი ხმა მაღალ ჭერს აწყდებოდა და, იქიდან ასხლეტილი, პირდაპირ სულიკოს დაეცემოდა ხოლმე თავზე.
– „რა საინტერესოა ეს ჩვენი თანამედროვე სამყარო, ჩემო ბიჭებო,“ – იტყოდა ხოლმე მთავარი პაციენტი ტკბილი, მაგრამ ირონიით გაჟღენთილი ტონით და თავის ფრჩხილებს დახედავდა. – „ქალები ისეთი ფაქიზები და მგრძნობიარეები გახდნენ... საკმარისია ცხოვრებამ პატარა პასუხისმგებლობა დააკისროთ, რომ მაშინვე უსაფრთხო ადგილს ეძებენ ხოლმე. ხომ ასეა? ურჩევნიათ გიჟებად მოაჩვენონ თავი, დასნეულებულთა თავშესაფარშიც კი შემოძვრნენ და ავადმყოფის საწოლი დაიკავონ, ვიდრე ერთ ჩვეულებრივ, უმწეო კაცს თვალებში ჩახედონ და ბოდიში მოუხადონ.“
ასეთ სიტყვებზე სულიკოს ცივი ოფლი ასხამდა ხოლმე. სუნთქვა ეკვროდა და მზერა საკუთარი მუხლებისკენ გაურბოდა. დანარჩენი კაცები კი ამ დროს ერთმანეთს უქნევდნენ თავებს და სულიკოს ეშმაკური, გამომცდელი თვალებით აკვირდებოდნენ. მის სამედიცინო ბარათში არც უცხოელ კაცზე ეწერა რამე და, მით უმეტეს, არც გაკეთებულ აბორტზე. და მაინც, მთავარი პაციენტი ისეთი სნაიპერული სიზუსტით არტყამდა მიზანში, თითქოს სულიკოს აზრებს კითხულობდა. ნათელმხილველი იყო? როგორღაც მისი ცხოვრების დეტალები ჩაიგდო ხელში? თუ უბრალოდ, იმდენად ბოროტი იყო, რომ კაცური ინსტინქტით ზუსტად გრძნობდა, რა აშინებდათ ქალებს ყველაზე მეტად?
სულიკო მუხლებზე ხელებს იჭერდა, მის თავზე კი ნათურები აგრესიულ, ერთფეროვან ზუზუნს განაგრძობდნენ. გარე სამყაროსგან დასამალად გამოქცეული, ახლა უცნაურ, მახრჩობელა ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მართალია, არავინ ესხმოდა თავს, არავინ ეუხეშებოდა, მაგრამ ეს გამუდმებული დაკვირვება, ირონიული ღიმილები და ორაზროვანი რეპლიკები ნელ–ნელა აცლიდა ენერგიას. სულიკო აბსოლუტურად დეზორიენტირებული იყო – მან უბრალოდ არ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო ან რა პოზიცია დაეკავებინა ამ აბსურდულ პატრიარქატში.
* * *
დრო მიედინებოდა. ჰოსპიტალის მექანიზმი კი საათივით, უცვლელი გრაფიკით მუშაობდა. ერთ დღეს პალატის კარი გაიღო და ოთახში ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომელი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა — თხელი საქაღალდე ეჭირა ხელში და ოთახს ისეთი ინტერესით ათვალიერებდა, თითქოს მუზეუმში შესულიყო.
იგი ნელა მიუახლოვდა სულიკოს საწოლს, გაიღიმა და ზედმეტად მეგობრული ტონით ჰკითხა:
– „თქვენ ხართ ახალი პაციენტი, არა?“
სულიკომ თავი დაუქნია.
კაცმა საქაღალდე გადაშალა, თითქოს რაღაცას ამოწმებდა.
– „საინტერესოა,“ – თქვა მან ნახევრად ჩურჩულით. – „ზოგჯერ სრულიად ჯანმრთელი ადამიანები ყველაზე ადრე ხვდებიან ხოლმე, რომ ცხოვრება საშიშია.“
მან თვალი მოავლო პალატას, მერე ისევ სულიკოს შეხედა.
– „თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი უბრალოდ... წინასწარ იკავებს ადგილს.“
მან მხრები აიჩეჩა.
– „თქვენ ხომ იცით — ზოგს ავადმყოფობა მართლა სჭირდება.“
კაცმა საქაღალდე დაკეცა და მშვიდად გავიდა.
სულიკოს უცნაური შეგრძნება დარჩა, თითქოს კაცი რაღაც ხუმრობას ამბობდა, რომლის აზრიც მხოლოდ მას ესმოდა.
* * *
სულიკოსთვის პაციენტებისა და ჰოსპიტალის თანამშრომლების საუბარი მეტწილად ბუნდოვანი და აუხსნელი იყო, თუმცა სამაგიეროდ მან მალევე შეამჩნია, რომ მეოთხე პალატას საკუთარი, ფარული რუტინა ჰქონდა, რომელიც ოფიციალურ წესრიგს თითქმის მთლიანად ანაცვლებდა. ყოველ დილით ექთანი ორფრთიან კარში ლითონის ურიკას შემოაგორებდა და პაციენტებს ფერადი აბებით სავსე პატარა ქაღალდის ჭიქებს ურიგებდა. იგი უემოციო, დაჟინებული მზერით აკვირდებოდა, როგორ ყლაპავდნენ კაცები წამლებს, მაგრამ საკმარისი იყო, პალატიდან გასულიყო, რომ იქ სხვა, ჩრდილოვანი ცხოვრება იწყებოდა.
გასაოცარი სინქრონულობით კაცები პირში დამალულ კაფსულებს ხელისგულებზე გადმოაფურთხებდნენ და უხმო პროცესიად ქცეულნი, კუთხის საწოლისკენ მიემართებოდნენ. იქ მთავარი პაციენტი იწვა – ბალიშებზე მიყრდნობილი, თითქოს რაღაც გროტესკული კერპი ყოფილიყოს, რომელიც მორჩილი მრევლისგან შესაწირს იღებდა. სათითაოდ, ყველა კაცი მას აბარებდა თავის კუთვნილ მედიკამენტს.
– „ადმინისტრაცია ჩვენი გრძნობების დაჩლუნგებას ცდილობს,“ – აცხადებდა მთავარი პაციენტი და აბებს ტუმბოზე შემოდგმულ დიდ, მუქი მინის ქილაში ყრიდა, – „ეს ქიმიური ბორკილები მხოლოდ თქვენს დასამორჩილებლადაა გამოგონილი. ისინი არ გჭირდებათ. მე თავად ვარ თქვენი წამალი.“
საბოლოოდ კი, დღის განმავლობაში შეგროვებული წამლები განყოფილების გამგეს გაჰქონდა.
თავისი მოჭრიალე საწოლიდან მოცქირალი სულიკოსთვის მიმდინარე სცენები არა უბრალოდ აბსურდული, არამედ სასიკვდილო საფრთხის მატარებელიც იყო. ის ხედავდა, როგორ თმობდნენ აკანკალებული, თვალებჩაცვენილი კაცები იმ ერთადერთ მაშველ რგოლს, რომელიც მათ სიცოცხლესა და რეალობასთან აკავშირებდათ. რა თქმა უნდა, კარგად ესმოდა, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.
– „გადარჩენა ხომ წესრიგსა და პროტოკოლშია?“ – ფიქრობდა სულიკო. ჰოსპიტალს ამისთვის საგანგებო მექანიზმიც გააჩნდა – საპირფარეშოსთან კედელზე ეკიდა ჟანგიანი ლითონის ყუთი წარწერით: „პაციენტთა საჩივრებისა და შეფასების პროტოკოლი“. სულიკოს სჯეროდა, რომ მეოთხე პალატის სიგიჟის მიღმა ლოგიკა და ბიუროკრატიული წესრიგი ჯერ კიდევ არსებობდა. ამიტომ, ერთ დღესაც, ყუთიდან შესაბამისი ფორმა აიღო და ზედმიწევნით აღწერა წამლების კონფისკაციის ყოველდღიური პროცესი. მან ფურცელი ყუთში იმ იმედით ჩააგდო, რომ ადმინისტრაცია დროულად ჩაერეოდა და ამ უმწეო, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს გარდაუვალი საფრთხისგან იხსნიდა. თუმცა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში პალატაში მახრჩობელა სიჩუმე იდგა, ადმინისტრაციიდან კი არავინ გამოჩენილა.
* * *
მალევე, მკურნალობის შეწყვეტის შედეგმა ვულკანივით იფეთქა. საშინელი დარტყმა პატარა, სუსტმა კაცმა მიიღო, რომელიც სულიკოსგან ორიოდე საწოლის მოშორებით იწვა – სწორედ იმ კაცმა, რომელსაც მთავარი პაციენტი ყველაზე მეტად ჩაგრავდა და წამლებთან ერთად საჭმლის დათმობასაც აიძულებდა. შუაღამისას მას ძლიერი კრუნჩხვები დაეწყო. მისი სხეული საწოლის რკინის კარკასზე არაბუნებრივად იგრიხებოდა, კანს კი მომაკვდავის ნახევრად გამჭვირვალე, რუხი ფერი დასდებოდა. მისი სუნთქვა სველ, მექანიკურ ხრიალად იქცა, რომელიც ჩაბნელებულ ოთახში შემზარავად ისმოდა. ის კვდებოდა!
როდესაც საერთო პანიკის ხმამ, როგორც იქნა, ღამის ცვლის ექიმების ყურამდეც მიაღწია, პალატა დამაბრმავებელი სინათლითა და ქაოსით აივსო. სანიტრები რეანიმაციული ეტლით შემოცვივდნენ და კაცის გადასარჩენად სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა გააჩაღეს. პირველადი პროცედურების შემდეგ მისი უგონო სხეული დერეფანში გაიყვანეს და რეანიმაციისკენ გააქანეს, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო.
იმავე საღამოს პალატაში კიდევ ერთი სტუმარი გამოჩნდა. დირექტორი დაბრუნდა. იგი კართან გაჩერდა და დაღვრემილი სახე მიიღო.
– „ჩემო მეგობრებო! სამწუხარო ამბავი მოხდა,“ – თქვა მან.
რამდენიმე წამი დუმდა.
– „მაგრამ ადამიანური სისუსტე ყოველთვის გვასწავლის რაღაცას.“
მან ხელი ჰაერში შეარხია.
– „ჩვენ აქ მხოლოდ სხეულებს კი არ ვმკურნალობთ, არამედ ცხოვრების გაგებასაც.“
მთავარმა პაციენტმა მას მშვიდად შეხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. დირექტორმა თავი დაუქნია ოთახს და წავიდა.
სულიკომ მთელი დღე საწოლზე წამომჯდარმა გაატარა, გული გამალებით უცემდა და პირი უშრებოდა. „ახლა მაინც ხომ გამოიძიებენ! ახლა ხომ მაინც წაიკითხავენ ჩემს წერილს და მიხვდებიან, რომ საფრთხე რეალური იყო!“ – ფიქრობდა თავისთვის.
მაგრამ როდესაც მეორე დილით მძიმე კარი გაიღო და პალატაში განყოფილების გამგე შემოვიდა, სულიკოსკენ არც კი გაუხედავს; პირდაპირ მთავარი პაციენტის კუთხისკენ გაემართა. კაცების ჩუმი, ნერვიული ბუტბუტი კარგა ხანს გაგრძელდა. სულიკო აკვირდებოდა, როგორ მოუსვენრად ინაცვლებდა ფეხებს განყოფილების გამგე, მთავარი პაციენტი კი, მძიმე ხელების დინჯი და ავტორიტეტული მოძრაობით, რაღაცას დაჟინებით უმტკიცებდა.
საუბრის დასრულების შემდეგ განყოფილების გამგე პალატისკენ შემობრუნდა და იქ მყოფთ მიმართა:
– „გუშინ ღამით მომხდარი სამწუხარო ინციდენტი,“ – დაიწყო მან ხმით, რომელიც სამედიცინო პროფესიონალიზმზე მეტად მძვინვარებას ასხივებდა, – „მწვავე ატმოსფერული შეუთავსებლობის შედეგი იყო. პაციენტმა ვერ შეძლო პალატის კოლექტიურ სამკურნალო აურასთან სინქრონიზება. ამას დაემატა უჭმელობა და ზოგადი სისუსტეც. ამიტომ მისი საწოლი დეზინფიცირდება.“
წამლების კონფისკაცია არავის უხსენებია.
შემდეგ კი მთავარი პაციენტის მზერამ სულიკოს მიაგნო. ეს იყო ცივი, მოზომილი, ადამიანის სრულ განადგურებაზე გათვლილი მზერა. მას არ უყვირია, არც ჯაშუშობაში დაუდანაშაულებია იგი; მან უბრალოდ გადაწყვიტა, სულიკო ჰოსპიტალის ცხოვრებიდან სამუდამოდ წაეშალა. პალატაში უხმო ბრძანება გაიცა!
იმ წამიდან სულიკო სისტემურად გარიყეს. როდესაც კაცები ოთახის პერიმეტრზე თავიანთ ყოველდღიურ სეირნობას აწყობდნენ, ისინი ცოცხალ კედელს ქმნიდნენ და სულიკოს აიძულებდნენ, ცივ რადიატორს აკვროდა. როდესაც ჩაის ურიკა შემოჰქონდათ, მისი სახელი სიიდან მისტიურად ქრებოდა. თუ ვინმესთან გასაუბრებას შეეცდებოდა, კაცები ერთხმად იწყებდნენ რაღაც დისონანსური, ზუზუნა მელოდიის ღიღინს, რითაც მის ხმას მთლიანად ახშობდნენ.
სულიკო ჰოსპიტალის ყველა აქტივობიდან გამოთიშეს და იგი ორმოცდაათი კაცით სავსე ოთახში უხილავ მოჩვენებად აქციეს. როგორც აღმოჩნდა, ადმინისტრაციამ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არათუ არ დაუფასა, არამედ იგი პალატის ჯალათებს მიუგდო საჯიჯგნად. სრულიად ჯანმრთელი ქალი ფსიქოლოგიურ ციხეში, გამოუვალ ხაფანგში აღმოჩნდა.
* * *
პაციენტის სიკვდილის ამბავმა პალატის ცხოვრება ერთი დღით შეარხია. შემდეგ ყველაფერი ძველ კალაპოტში დაბრუნდა და, ერთ დღესაც, ჰოსპიტალში საყოველთაო შეჯიბრი დაიწყო. დირექტივა რუხ კოსტიუმში გამოწყობილმა, მკაცრი გამომეტყველების მქონე ადმინისტრატორმა აცნობა პალატის ბინადრებს. იგი მეოთხე პალატის შუაგულში დადგა, ოფიციალური უწყება გაშალა და უემოციო, მონოტონური ხმით დაიწყო:
– „ცენტრალური ადმინისტრაციის ბრძანებით, მიმდინარე კვირის ბოლოდან დეპარტამენტთაშორისი ერთიანობის ინიციატივა ამოქმედდება. მათ შორის, ერთობის წახალისებისა და პაციენტთა დაქვეითებული გონებრივი შესაძლებლობების სტიმულირების მიზნით, დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჭადრაკო ტურნირი. თითოეული პალატიდან შერჩეული წარმომადგენლების მონაწილეობა სავალდებულოა!“
რკინის საწოლების რიგებში ჩუმმა ჩურჩულმა სიოსავით ჩაიქროლა. კაცებმა ერთმანეთს მოუთმენელი, შეფიცულთათვის დამახასიათებელი მზერა გაუცვალეს. მთავარი პაციენტი, რომელიც იქამდე ბალიშზე იყო მიყრდნობილი და თავის უზარმაზარ სხეულს პერიოდულად პოზიციას უცვლიდა, საწოლზე ახლა ისეთი სახით წამომჯდარიყო, თითქოს გონებაში უკვე ალაგებდა დამანგრეველ კომბინაციებს.
– „კითხვები ხომ არ გაქვთ?“ – დაასრულა ადმინისტრატორმა მონოლოგი.
მარგინალიზებულმა და რადიატორთან მიყუჟულმა სულიკომ ხელი მორცხვად ასწია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მან პირველად სცადა ხმა ამოეღო. ადმინისტრატორმა ისე მოჭუტა თვალები, თითქოს სუფთა იატაკზე ლაქა შენიშნაო და სიტყვის მიცემის ნიშნად თავი დაუქნია.
– „პროცედურული შეკითხვა მაქვს,“ – თქვა სულიკომ უმოქმედობისგან ჩახლეჩილი ხმით, – „ტურნირი სქესის მიხედვით გაიყოფა?“
ადმინისტრატორმა თვალები დაახამხამა.
– „გაიყოფა? ინსტრუქციაში სადმე გაყოფის თაობაზე მოისმინეთ? იგი ერთიან სტრუქტურას ითვალისწინებს. ყველა პაციენტი ერთად თამაშობს.“
– „სქესის მიხედვით გაყოფაში ნეტა რას გულისხმობს?“ – გამომცდელად იკითხა ჯუჯამ და დანარჩენ კაცებს გადახედა.
– „მე უბრალოდ მაინტერესებდა, ქალები და კაცები ერთად ითამაშებდნენ თუ არა,“ – ძლივს ამოღერღა შეშინებულმა სულიკომ, მაგრამ მერე თითქოს ჭკუიდან შეიშალაო, ისე განაგრძო საუბარი და ისეთი სიტყვები ამოუვიდა პირიდან, რაც არათუ გამიზნულად არ გაუკეთებია, თავადაც უკვირდა, ასეთი სისულელე რამ ჩაადენინა: – „დაბალანსებული კონკურენციისთვის, თამაშები ქალებსა და კაცებს შორის ცალ–ცალკე უნდა გაიმართოს. ეს გონებრივი არქიტექტურის უბრალო საკითხია. კაცებს ხომ, თავიანთი ტემპერამენტის ბუნებიდან გამომდინარე, ჭადრაკის თამაში ნაკლებად ეხერხებათ?“
ბოლო რამდენიმე სიტყვა ჩუმად და დიდი პაუზებით წარმოთქვა, ვინაიდან უკვე კარგად ესმოდა, რამხელა შეცდომა დაუშვა.
სიჩუმე, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვა, უბრალო სიჩუმე არ ყოფილა; ეს იყო ვაკუუმი, რომელმაც ოთახიდან მთელი ჟანგბადი ამოტუმბა. ეს იყო ოკეანის მიქცევა, რომელიც დიდი ცუნამის წინ სანაპიროს წყლის მასებისგან ათავისუფლებს. ეს იყო სიმშვიდე შტორმის წინ. და შემდეგ ეს სიმშვიდე ერთიანად აფეთქდა და ვაკუუმიც დაიმსხვრა.
პალატა ბოროტმა, კაკოფონიურმა ისტერიკამ მოიცვა. კაცებმა თხელი საბნები გადაყარეს, ყვიროდნენ და ოთახის მეორე ბოლოდან სალანძღავ სიტყვებს ისროდნენ: „იდიოტო, გონებაჩლუნგო, გაიძვერა, საზიზღარო მატლო, პარაზიტო, კაცთა თავშესაფარში დამალულო ერთუჯრედიანო არსებავ, შესაბრალისო!“ სულიკოს თავთან კედელს პლასტმასის ჭიქაც შეასკდა და ასხლეტილი ნამსხვრევები ყველა მიმართულებით გაიფანტა. შეშინებული სულიკო გაფართოებულ თვალებს გამალებით აცეცებდა და ხელებს სახის წინ იფარებდა, რითიც მისკენ ნასროლ საგნებზე მეტად ისრებივით გამოტყორცნილი სიტყვების დაბლოკვას ცდილობდა. დაბნეული ადმინისტრატორი კი ერთ ადგილზე გაქვავებული იდგა და ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა.
„სიჩუმე!“ – ცოტა ხნის შემდეგ დაიგრგვინა მთავარმა პაციენტმა.
ყვირილი მყისიერად შეწყდა, თუმცა კაცები კვლავ ქშინავდნენ და სულიკოს დაუფარავი შხამით უბღვერდნენ. მთავარმა პაციენტმა თავისი მძიმე, შემზარავი მზერა სულიკოსკენ მიმართა და ტუჩები მოჭიმა:
„სულელი ხარ, ხმას რომ იღებ,“ – ხმადაბლა დაიწყო მან, მაგრამ ეს ხმა ოთახში არაბუნებრივად, ექოსავით გაისმა, – „ფიქრობ, შეგიძლია შეურაცხყოფა მოგვაყენო და მერე მშვიდად განაგრძო აქ ცხოვრება? პალატა თავად ირჩევს ჩემპიონებს, პატარა გოგოვ! გარწმუნებ, პირადად ვიზრუნებ, რომ შენი სახელი სიაში არასდროს მოხვდეს. ზუსტად იქ დარჩები, სადაც შენი ადგილია – კუთხეში – და ჩვენს ტრიუმფს შორიდან უყურებ.“
კაცთა რისხვა კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ პალატა კვლავ პასიური აგრესიისა და დაძაბულობის ჩვეულ ჟღერადობას დაუბრუნდა. შეჯიბრზე აღარ უსაუბრიათ და სულიკოსაც მასში მონაწილეობის იმედი მთლიანად გაუქრა. თუმცა ჭადრაკის შეჯიბრს ვინ დაეძებდა, სულიკო ღვთის მადლობელი იყო, რომ საერთოდ უვნებელი გადაურჩა მასზე შეტევას.
* * *
მომდევნო დღეებში მოვლენები მთლად ისე არ განვითარდა, როგორც ყველას წარმოედგინა. მთავარმა პაციენტმა, თავისი ლოკალური ტირანიით, სათანადოდ ვერ შეაფასა ცენტრალური ადმინისტრაციის ხისტი, უგრძნობი მანქანა. როდესაც შესაფერისი მომენტი დადგა, მან კაცი პაციენტების სია ადმინისტრატორს გადასცა, სულიკო კი დემონსტრაციულად გამოტოვა. მაგრამ რამდენიმე საათში პალატაში მეორე ადმინისტრატორი გამოჩნდა, რომელსაც ხელში უშუალოდ სულიკოს სახელზე გამოწერილი, ბეჭედდარტყმული უწყება ეჭირა. სულიკოს თავდაპირველ სარეგისტრაციო დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ ის მეოთხე პალატაში ერთადერთი ქალი გახლდათ, რითაც ჰოსპიტალის ბიუროკრატიული წესდების სიღრმეში ჩამალული მრავალფეროვნების აბსურდული კვოტა დაკმაყოფილდა. ამიტომ მისი ტურნირში მონაწილეობა გარდაუვალი იყო. მთავარი პაციენტის ძალაუფლება საკანცელარიო ფორმალობამ გვერდზე გასწია.
როდესაც შეჯიბრის ნანატრი დღე დადგა, დიდი საკონფერენციო დარბაზი – ეს უზარმაზარი, ცილინდრული ფორმის სივრცე, რომელსაც ზემოდან სადამკვირვებლო აივნების იარუსები დაჰყურებდა – ხალხით გაივსო. მთელი ჰოსპიტალი იქ იყო შეკრებილი – იდენტურ ხალათებში გამოწყობილი ასობით პაციენტი მოაჯირებს მიყრდნობოდა, მათ ფერმკრთალ სახეებს კი ზემოდან ჩამომდინარე თეთრი შუქი ანათებდა.
სულიკო დაფასთან მდგომ მაგიდას მიუჯდა. მეოთხე პალატის კაცები ყველაზე დაბალ აივანზე შეჯგუფებულიყვნენ, სახეები ისტერიკისგან და სიბრაზისგან დამანჭვოდათ. ისინი წყევლას ბუტბუტებდნენ, ფრჩხილებს ლითონის მოაჯირებში არჭობდნენ და მის მყისიერ, დამამცირებელ მარცხს ელოდნენ.
მაგრამ მათთვის მოულოდნელად სულიკოს არ წაუგია. ის ცივი, რობოტული სიზუსტით თამაშობდა. მხედრებსა და კუებს ვნებით კი არ ამოძრავებდა, არამედ მექანიკის იმ გარდაუვალი ლოგიკით, რომელიც მოწინააღმდეგეს გამოუვალ ხაფანგში ამწყვდევდა. მან პულმონოლოგიური პალატის აკანკალებული პაციენტი ცხრა სვლაში დაამარცხა. პენსიონერი პროფესორის სტრატეგია კი თხუთმეტ სვლაში გაანადგურა. მის წინ მოწინააღმდეგე მოწინააღმდეგეს ენაცვლებოდა, და სულიკოც მათ სათითაოდ აცამტვერებდა.
როდესაც ფინალური მატჩი დასრულდა – ქირურგიული ფრთის ახოვან პაციენტთან სწრაფი შამათით – ზედა იარუსებიდან უცნაურმა, ექოდ ქცეულმა აპლოდისმენტებმა იფეთქა. სულიკო ფეხზე წამოდგა, როგორც მთელი ჰოსპიტალის უდავო ჩემპიონი.
მეოთხე პალატის კაცები სრულიად დადუმებულიყვნენ. მათ სახეებზე ისტერიკა გამქრალიყო და რისხვაც ფერმკრთალი, დამამცირებელი მარცხის განცდით შეცვლილიყო. მთავარი პაციენტი მათ შორის გაშეშებული იდგა და ყბები ისე მაგრად შეეკუმშა, თითქოს კბილები სრულად ჩამტვრეოდა.
როდესაც იმ საღამოს სულიკო მეოთხე პალატაში დაბრუნდა და მის ზურგს უკან მძიმე კარი ჩაიკეტა, ატმოსფერო ფუნდამენტურად შეცვლილიყო. კაცებს მისთვის ალყა აღარ შემოურტყამთ. აღარ უსისინიათ. სანამ ის ნელი ნაბიჯით მიდიოდა თავისი საწოლისკენ და ხელში გამარჯვებულის იაფფასიანი მედალი ეჭირა, კაცები გზას უთმობდნენ და მწარე, მდუღარე სიჩუმეში საკუთარი საწოლებისკენ იხევდნენ.
* * *
ჭადრაკის ტურნირის დასრულება ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როცა, წესით, სულიკო ჰოსპიტალიდან უკვე უნდა გაეწერათ. კაცებმა, რომლებისთვისაც მისი უხმო, მძიმე სილუეტი უკვე აუტანელი გამხდარიყო, დრო არ დაკარგეს. მათ უზარმაზარი, აბსურდული დეტალებით გაძეძგილი ანგარიში შეადგინეს, სადაც სულიკო აღწერილი იყო არა როგორც ჩვეულებრივი პაციენტი, არამედ როგორც რაღაც უხილავი ვირუსი, რომელიც განყოფილების ფსიქოლოგიურ ეკოსისტემას ანადგურებდა. ფურცლების ამ დასტით ისინი პირდაპირ ადმინისტრაციას მიადგნენ, აბსოლუტურად დარწმუნებულები, რომ საღამოსთვის სულიკოს, თავის ყვითელ ზურგჩანთასთან ერთად ქუჩაში მოისროდნენ.
მაგრამ ჰოსპიტალის მექანიზმი ჩვეულებრივი, მიწიერი ლოგიკით არასდროს მუშაობდა. საჩივარმა ზედა სართულების ლაბირინთებში შეაღწია, სადაც უხილავი კონსილიუმი – რუხ კოსტიუმებში გამოწყობილი ქალები, რომლებსაც პაციენტი თვალითაც არასდროს ენახათ – საათობით სწავლობდა ყოველ მძიმესა და წერტილს. მათმა დასკვნამ პალატის მოლოდინები თავდაყირა დააყენა.
როცა განყოფილების გამგე პალატაში შემოვიდა, სახეზე ბრაზისგან ნერვი უთამაშებდა. მან სულიკოს საწოლის წინ ადგილი დაიკავა, ყელი ჩაიწმინდა და ქაღალდს მიშტერებულმა, მშრალი, ოფიციალური ტონით ამოიკითხა:
– „სამედიცინო საბჭოს დადგენილებით, პაციენტის უკიდურესი იზოლაცია და ის დესტრუქციული გავლენა, რომელსაც იგი კოლექტიურ თერაპიაზე ახდენს, მიუთითებს პათოლოგიის ღრმა, შეუქცევად ფაზაზე. ამ ეტაპზე პაციენტის გაწერა სისტემის კრახად შეფასდება. შესაბამისად, მისი იზოლაციის ვადა ავტომატურად ხანგრძლივდება ერთი წლით.“
პალატაში ჰაერი გაიყინა. ერთი წელი. კაცები გაოგნებულები, თვალდაჭყეტილები მიშტერებოდნენ გამგეს.
სულიკო ამ დროს საწოლის ცივ საზურგეს მიყრდნობილი დაბნეული აკვირდებოდა განყოფილების გამგის ხელში აკანკალებულ ფურცელს. მართალია, თავდაპირველად აქ მხოლოდ რამდენიმე კვირით დასამალად მოვიდა, მაგრამ ჰოსპიტალის ამ აბსურდულმა ლოგიკამ თითქოს უხილავი დინებასავით გაიტაცა. მას გაქცევა ან შეწინააღმდეგება აზრადაც არ მოსვლია. თითქოს ეს ამბავი მას კი არა, ვიღაც სხვას გადახდა და ის მხოლოდ მაყურებელი იყო.
* * *
რადგან ჰოსპიტალის ბიუროკრატიული მანქანის იმედი გადაეწურათ და სულიკოს ოფიციალური გზით გაგდება დღის წესრიგიდან მოიხსნა, მეოთხე პალატის კაცებმა სტრატეგია შეცვალეს. დაიწყო ფსიქოლოგიური ტერორის დაუნდობელი კამპანია. მათ სულიკოს გარშემო არსებული ყოველი კვადრატული მეტრი უხილავ იარაღად აქციეს.
პალატიდან სიმშვიდე სრულად გაქრა. ახლა, ყოველთვის, როცა სულიკო საპირფარეშოსკენ გაემართებოდა ან დერეფანში, დაორთქლილ ფანჯარასთან ჩამოჯდებოდა, მას თეატრალური წარმოდგენების მომწყობი, ხმამაღალი გუნდი დაჰყვებოდა კვალდაკვალ. კაცები ვითომ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მაგრამ მათი სიტყვები პირდაპირ სულიკოს კეფას მიემართებოდა.
– „ოჰ, რა სუფთა აურა გვქონდა, სულ ცოტა ხნის წინ,“ – შესჩივლებდა ერთი კაცი ჭერს და დემონსტრაციულად ამოიოხრებდა.
– „გახსოვთ ის ჰარმონია? როცა მხოლოდ ჩვენ ვიყავით?“ – აჰყვებოდა მეორე.
– „ამ განკურნების ტაძარში ზოგიერთის შემოშვება კატასტროფული საკანცელარიო შეცდომა იყო,“ – პასუხობდა მესამე, რომლის ხმიდანაც პირდაპირ შხამი წვეთავდა, – „სადაც კი ფეხს დადგამენ, ყველაფერს აოხრებენ.“
თუმცა, როგორც ჩანდა, ორკესტრირებულ აგრესიაში მხოლოდ პალატის პაციენტები არ მონაწილეობდნენ.
ერთ საღამოს, როცა პალატაში დაძაბული სიჩუმე იდგა, კარი ჩუმად გაიღო და ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომელი კაცი შემოვიდა. თითქოს შემთხვევით შემოიარაო. ხელში რამდენიმე ფურცელი ეჭირა.
მან ოთახს სწრაფად მოავლო თვალი და მაგიდასთან შეჩერდა.
– „ბოდიში, რომ ხელს გიშლით,“ – თქვა მან მსუბუქი ღიმილით, – „უბრალოდ სტატისტიკურ მონაცემებს ვამოწმებ.“
მან ერთ წამს შეხედა სულიკოს, მერე დანარჩენებს მიუბრუნდა.
– „ზოგჯერ უცნაური რამ ხდება,“ – განაგრძო მან, – „პაციენტის მდგომარეობა არც მძიმეა, არც კრიტიკული... მაგრამ ის მაინც იკავებს საწოლს.“
მან ფურცლები დაკეცა.
– „და მაინც არ რცხვენია.“
კაცი მშვიდად გავიდა. მაგიდასთან რამდენიმე წამი არავინ იღებდა ხმას. ამ დროს სულიკო ფანჯრის მინაზე თითით უაზრო ფიგურებს ხატავდა.
მაგრამ ეს მხოლოდ პრელუდია იყო. ნამდვილი ომი ყოველთვის საერთო მაგიდასთან, სავახშმოდ დაჯდომისას იწყებოდა. როგორც კი სულიკო თავის ადგილს დაიკავებდა, კაცები მაშინვე ხმამაღლა იწყებდნენ თვითშემეცნების ეთიკაზე საუბარს.
– „თუ გარემო ასეთი აშკარად ტოქსიკურია...“ – იტყოდა მთავარი პაციენტი და მოხარშულ კარტოფილს დანას ჩაქუჩივით დაჰკრავდა ხოლმე. მძიმე დანის თეფშზე დაჯახების მკვეთრი ხმა მაგიდის შეზანზარებას ერწყმოდა. ჭურჭელი წკრიალებდა.
– „...და თუ ეკოსისტემა ადამიანს ასე ღიად გარიყავს, წესით, მას იმდენი ელემენტარული ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, რომ მიხვდეს – აქ ზედმეტია. ცივილიზებული არსება უბრალოდ ბარგს ჩაალაგებდა და წავიდოდა. ძალით გაგდება მხოლოდ პარაზიტებს სჭირდებათ!“
მაგიდასთან მსხდომი დანარჩენი კაცები სუნთქვაშეკრულები დაჟინებით მიაშტერდებოდნენ სულიკოს, ელოდნენ, როდის აევსებოდა მოთმინების ფიალა, როდის იფეთქებდა ან, სულ მცირე, როდის დააგდებდა ჩანგალს და დატოვებდა ოთახს.
ამ დროს სულიკო მშვიდად, რიტმულად ღეჭავდა პურს. მისი სახე აბსოლუტურად შეუვალ, ქვის ნიღაბს ჰგავდა. თითქოს ეს შხამიანი მონოლოგები და დანის მუქარისშემცველი ბრახუნი სადღაც სხვა კონტინენტზე ხდებოდა. აშკარა იყო, რომ იგი ვერაფერს ხვდებოდა, ამიტომ ბარგი არ ჩაულაგებია და ჰოსპიტალი არ დაუტოვებია.
* * *
ერთ დღესაც დირექტორი პალატას კიდევ ერთხელ ეწვია. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს მისი უკანასკნელი ვიზიტი იყო. ამჯერად ის ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს დარჩა.
– „ჩემო მეგობრებო! ჰარმონია,“ – დაიწყო მან, – „ნებისმიერი კოლექტიური სივრცის საფუძველია.“
სიტყვა „კოლექტიური“ კი განსაკუთრებული სიამოვნებით წარმოთქვა.
– „როდესაც ადამიანები ერთ სივრცეში ცხოვრობენ, აუცილებელია ურთიერთპატივისცემა.“
მთავარმა პაციენტმა თავი ოდნავ დახარა და თითქოს ინტერესით უსმენდა.
– „ზოგჯერ,“ – დაამატა დირექტორმა, – „ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ მას განსაკუთრებული გავლენა აქვს.“
მან ოთახს გადახედა.
– „მაგრამ ჰოსპიტალში საბოლოო სიტყვა ყოველთვის წესრიგს ეკუთვნის.“
რამდენიმე წამით ოთახში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ დირექტორმა ღიმილით დახურა საქაღალდე და წავიდა.
* * *
დილის საუზმეზე, დაფქვილი შვრიის ფაფით სავსე ჯამების ფონზე, მთავარმა პაციენტმა კოვზი ნელა დადო და თავის „მარჯვენა ხელს“ – მაღალ კაცს, რომელიც წლების განმავლობაში მის გვერდით იჯდა ხოლმე – მოჩვენებითი მზრუნველობით მიაშტერა.
– „შეგიმჩნევიათ, ბიჭებო, როგორ დაგვიმძიმდა ჩვენი მეგობარი ბოლო დროს?“ – იკითხა მან ისე, თითქოს მაღალი კაცი იქ არც იჯდა. – „თითქოს ჩვენი ჰაერი აღარ ჰყოფნის. ისეთი ჩაფიქრებულია... მგონი, მეოთხე პალატა მეტისმეტად პატარა გახდა მისი ბუმბერაზი ფიქრებისთვის.“
– „ალბათ, ჩვენი საუბრები აღარ აინტერესებს,“ – ჩაიხითხითა ჯუჯა კაცმა, რომელიც აქამდე თვალს თეფშს არ აშორებდა და თვალი ოთახის კუთხისკენ, სულიკოს საწოლისკენ გააპარა, – „ან იქნებ... უფრო ჩუმი საზოგადოება ურჩევნია.“
დანარჩენმა კაცებმაც ყრუდ ჩაიცინეს და ერთმანეთს გადახედეს. მაღალ კაცს ხმა არ ამოუღია. ის თავდახრილი იჯდა, ფაფას კოვზით უაზროდ ურევდა და თვალებს ნერვიულად ახამხამებდა.
– „ნუ გავამტყუნებთ,“ – ამოიოხრა მთავარმა პაციენტმა და თავისი ფინჯანი ისე გადასცა ჯუჯას, რომ ძველი მესაიდუმლისთვის არც კი შეუხედავს. – „თუ ურჩევნია, რომ სხვა ოთახში გადავიდეს, ჩვენ ხელს არ შევუშლით.“
მომდევნო დღეებში პალატაში ჰაერი უხილავი, მაგრამ სულის შემხუთავი რიტუალებით დაიმუხტა. ერთ დღეს, შუადღისას, როცა მთავარი პაციენტი ფანჯარასთან სავარძელში იჯდა, მაღალმა კაცმა ჩვეულებისამებრ ცხელი ჩაით სავსე ჭიქა მიუტანა. ის დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა ამ რიტუალს. მაგრამ მთავარმა პაციენტმა ჟურნალიდან თვალი არ ასწია. მან ისე განაგრძო ფურცვლა, თითქოს მის წინ ადამიანი კი არა ჰაერი იყო. მაღალი კაცი რამდენიმე წამის განმავლობაში იდგა გამოწვდილი ხელით, სანამ ჭიქიდან ამოსული ორთქლი არ გაქრა. შემდეგ მიტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
ამ დროს ზურგიდან ჯუჯა კაცი გამოძვრა. ხელში შალის პლედი ეჭირა. მან ფრთხილად, თითქმის მონური მოწიწებით მოახვია პლედი მთავარ პაციენტს მხრებზე.
– „დერეფანში ორპირია, არ გაცივდეთ,“ – ჩაიჩურჩულა ჯუჯამ.
მთავარმა პაციენტმა ჟურნალი დახურა, ჯუჯას თბილად გაუღიმა და პლედის კიდეს ხელი მოჰკიდა.
ერთ საღამოს, როცა პალატა დასაძინებლად ემზადებოდა, მაღალი კაცი სარკის წინ იდგა და თმას ივარცხნიდა. ჯუჯა კაცი მას მიუახლოვდა და ზუსტად მის უკან, სარკის ანარეკლში დადგა.
– „ნეტავ, ღამე რაზე ფიქრობენ ხოლმე ადამიანები, როცა ძილი არ ეკარებათ?“ – ხმამაღლა, მთელი პალატის გასაგონად იკითხა ჯუჯამ და სარკეში მაღალი კაცის დაღლილ თვალებს მიაშტერდა. – „შეხედეთ, როგორ ჩაშავებია თვალის უპეები. ალბათ, სინდისი აწუხებს... ან იქნებ რამე ახალი გეგმები აქვს, რომლებსაც ჩვენ არ გვიმხელს.“
მაღალმა კაცმა სავარცხელი სარკის წინ დადო, თუმცა პასუხი არ გაუცია. იგი თავის საწოლთან მივიდა და საბანი თავზე გადაიფარა. მთავარი პაციენტი თავისი საწოლიდან ამ სცენას მშვიდად, ოდნავი ირონიული ღიმილით ადევნებდა თვალს.
დერეფანში სეირნობის რიტუალიც შეიცვალა. ახლა მთავარი პაციენტი წინ მიაბიჯებდა ჯუჯასთან ერთად, მკლავგაყრილი. ისინი ხმადაბლა ჩურჩულებდნენ და დროდადრო უკან, მარტო მომავალი მაღალი კაცისკენ იხედებოდნენ, რასაც ხმამაღალი სიცილი მოჰყვებოდა ხოლმე. მაღალი კაცი მათგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მიათრევდა ფეხებს, თითქოს უხილავი ჯაჭვით იყო მობმული ამ ტოქსიკურ სამეულზე, სადაც მისი ადგილი, როგორც ჩანდა, უკვე აღარ არსებობდა.
ამ გაუგებარი, ჩუმი ომის ფონზე სულიკო სრულიად განცალკევებულ კუნძულად რჩებოდა. ის თავის საწოლზე, ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა და კროსვორდებს ავსებდა, ან რადიატორთან გაზეთს კითხულობდა. მისთვის ეს გადაჩურჩულებები, სარკესთან გათამაშებული სცენები და ჩაის ჭიქების ირგვლივ ატეხილი დრამები აბსოლუტურად უცხო და უინტერესო იყო. ქალი უბრალოდ სუნთქავდა და პალატის შიდა ფაქტურის რღვევაში მონაწილეობას არ იღებდა.
ჰოსპიტალის ცხოვრება გარეგნულად ისევ იმავე, მონოტონურ რიტმს მიჰყვებოდა, მაგრამ ამ მოჩვენებითი სიმყარის ქვეშ რაღაცეები შეუმჩნევლად გადაადგილდებოდა. ურთიერთობები და გავლენები იცვლებოდა, ძველი როლები კი ნელ–ნელა იფშვნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთი რამ გახდა საგულისხმო: დირექტორი, რომელიც აქამდე რეგულარულად ჩნდებოდა და თავის ბრტყელ, საზეიმო ფრაზებს პალატას ახვევდა თავს, უეცრად გაქრა. რამდენიმე ხანს ეს მხოლოდ ბუნდოვან შეგრძნებად რჩებოდა, სანამ ერთ დღეს ვიღაცამ იგი ხმამაღლა არ გამოთქვა.
– „დირექტორი აღარ ჩანს ბოლო დროს,“ – შენიშნა ერთმა კაცმა ჩურჩულით.
– „ალბათ ძალიან დაკავებულია,“ – უპასუხა მეორემ ირონიით.
– „გახსოვთ, ადრე როგორ მოდიოდა ხოლმე და გვიკითხავდა ლექციებს?“ – თქვა ვიღაცამ.
– „ჰო,“ – უპასუხა სხვამ, – „მაგრამ აქ ყველას თავისი საქმე აქვს.“
– „ჩემო მეგობრებო!“ – გაიმეორა ვიღაცამ დაცინვით.
* * *
მომდევნო დღეებში დაძაბულობამ ახალი, უფრო მკაფიო ფორმა მიიღო. ის, რაც აქამდე ჩურჩულად, ირიბ შენიშვნებად და ნახევრად გათამაშებულ სცენებად არსებობდა, ახლა თითქმის ყოველდღიურ რიტუალად იქცა.
ყოველ დილით, როცა სულიკო ფანჯარასთან იდგა და ფინჯანში ჩაის ურევდა, ჯუჯა კაცი სარკესთან დგებოდა და თმის ვარცხნისას ხმამაღლა, მთელი პალატის გასაგონად იწყებდა:
– „ნეტავ, ზოგიერთებს საერთოდ თუ აქვთ სირცხვილის გრძნობა? სხედან აქ, კაცების ზურგს ამოფარებულები და ჰგონიათ, რომ ეს ქალობაა.“
სადილობისას, როცა სულიკო თავის ულუფას შეექცეოდა, ჯუჯა თეფშს ხმაურით გასწევდა გვერდზე და ჭერს ახედავდა:
– „ჰაერი აღარ მყოფნის. ზოგიერთი თავისი გაბარიტებით მთელ ჟანგბადს ისრუტავს, თითქოს მარტო თვითონ არსებობდეს ამ ოთახში.“
ერთ დღესაც პალატაში ისევ ის ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომელი კაცი გამოჩნდა. ამჯერად იგი პირდაპირ მთავარი პაციენტის საწოლთან მივიდა, მაგრამ ისე საუბრობდა, რომ სულიკოსაც აშკარად ესმოდა.
– „ჩვენს განყოფილებას ყოველთვის ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა,“ – თქვა მან მშვიდად.
შემდეგ მზერა სულიკოსკენ გააპარა.
– „ძალიან უხერხულია, როცა პაციენტი რეალურად არ ეკუთვნის ჰოსპიტალს, მაგრამ მაინც რჩება.“
მან საქაღალდე გახსნა.
– „რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ვაძევებთ. ეს ცუდი ტონი იქნებოდა.“
კაცმა ერთ ფურცელს თითი დაადო.
– „მაგრამ არსებობს მარტივი გამოსავალი.“
მან ფურცელი ტუმბოზე დადო.
– „ნებაყოფლობითი გაწერის ფორმა მზად არის. ნებისმიერ დროს შეიძლება მისი ხელმოწერა.“
მან თბილად გაუღიმა მთავარ პაციენტს.
– „ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ თავად უნდა მიხვდეს.“
ეს თქვა თუ არა ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომელი კაცი პალატიდან გავიდა. რამდენიმე წამი სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
მსგავსი რეპლიკები რამდენიმე კვირა გაგრძელდა, თუმცა სიტყვები ჰაერში უკვალოდ ქრებოდა. სცენები კი სულ უფრო და უფრო დაძაბული ხდებოდა. ერთ შუადღეს, დერეფნის ვიწრო გასასვლელში, ჯუჯა კაცი პირდაპირ სულიკოს გზაზე დადგა. როცა სულიკომ მისთვის გვერდის ავლა სცადა, კაცმა მოულოდნელად მხრები შეკუმშა, კედელს აეკრა და ისეთი ხმით წამოიყვირა, თითქოს იარაღს უმიზნებდნენ:
– „ასე რატომ მიყურებთ?! გზას სპეციალურად მიკეტავთ, რომ დამაშინოთ?! გგონიათ, რადგან ტანით დიდი ხართ, უნდა შევშინდე და კედელში შევძვრე?!“
შეშინებული და დაბნეული სულიკო ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილზე, შემდეგ ფანჯრის რაფასთან თავის ადგილს დაუბრუნდა.
ამ დროს სავარძელში მჯდომმა მთავარმა პაციენტმა ჟურნალი მუხლებზე დაიდო, სათვალე ცხვირზე შეისწორა და დაღლილი, უკიდურესად შეწუხებული ხმით ამოიოხრა:
– „ღმერთო ჩემო, ისევ დაიწყეთ?“ – მან თავი გადააქნია და ჯერ ჯუჯა კაცს, მერე კი სულიკოს გადახედა, თითქოს ორი ცელქი ბავშვის დაშოშმინებას ცდილობდა. როგორც ნამდვილი ცისფერჩაფხუტიანი – „ნუთუ არ შეგიძლიათ, თუნდაც ერთი დღე გაძლოთ ერთმანეთის წყენინების გარეშე? ყოველ დილით ეს გაუთავებელი კინკლაობა და დაძაბულობა... უკვე გაუსაძლისია. ორივემ უნდა ისწავლოთ ემოციების მართვა. ჩვენც დაგვინდეთ, დავიღალეთ უკვე თქვენი ამდენი ჩხუბით.“
ამ მოჩვენებითმა, დამრიგებლურმა ტონმა ვერაფერი შეაჩერა. პირიქით, სწორედ ამის შემდეგ დატრიალდა ის, რასაც პალატაში ყველამ ერთხმად უწოდა დიდი ტრაგედია — და რომელიც, მათი თქმით, პაციენტთა კინკლაობის პირდაპირი შედეგი იყო.
ჯუჯა კაცი დერეფნის შუაგულში გაშეშებული იდგა. მისი მკერდი სწრაფად, სპაზმურად იკუმშებოდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. მან სავარძელში მჯდომ მთავარ პაციენტს გადახედა. მთავარ პაციენტს თავი არ აუწევია; მან ჟურნალის ფურცელი ნელა გადაშალა და კითხვა განაგრძო. ამ დროს ჯუჯა კაცმა მთელი სხეულით წინ წაიწია. ტუჩები თხელ ხაზად შეკუმშა, მოკლე, სწრაფი ნაბიჯებით ადგილიდან მოსწყდა და პირდაპირ რადიატორთან მჯდომი სულიკოსკენ დაიძრა. მისი გაფართოებული თვალები მხოლოდ ქალის წინ გაშლილ გაზეთს უმიზნებდა. ბოლო ნაბიჯების გადადგმისას მან მარჯვენა ხელი მკვეთრად შემართა ჰაერში, თითები დაძაბა და ოდნავ წინ გადაიხარა, რაც იმას ნიშნავდა, რომ, თუკი ამ ინერციას შეინარჩუნებდა, მასსა და სულიკოს ხელში გაშლილ გაზეთს შორის შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა.
თუმცა მოვლენები კვლავ გაუთვალისწინებელი მიმართულებით განვითარდა. იმ დღეს დერეფანში ქლორის მკვეთრი, გრილი სუნი ტრიალებდა. სანიტარს სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ გაესვა იატაკზე სველი ტილო. სულიკომდე ორი ნაბიჯი იყო დარჩენილი, როცა, შემართული ხელის დაშვებამდე, ჯუჯა კაცის რეზინისძირიანი სანდლები ახლად მოწმენდილ ლინოლეუმზე თხილამურივით გასრიალდა. მან წონასწორობა დაკარგა, ფეხები ჰაერში აყარა, დასარტყმელად გამზადებული ხელები უმწეოდ გაასავსავა, თითქოს სიცარიელეს ეჭიდებოდაო, და მთელი სიმძიმით დაენარცხა იატაკზე.
ტკაც. ტკაც. ტკაც. ტკაც.
საბედისწერო მშრალი ხმები ერთმანეთს მიეწყო. წამიერი სამარისებური სიჩუმე კი გამყინავმა კივილმა დაარღვია. ჯუჯა კაცი იატაკზე იკლაკნებოდა. მისი მარჯვენა ფეხი და ორივე მაჯა მახინჯი, არაბუნებრივი კუთხით იყო გადაგრეხილი.
სულიკომ გაზეთი მაშინვე საწოლზე მოისროლა. მისი სტოიკური სიმშვიდე წამში გაქრა. სკამიდან წამოვარდა და მაშინვე მოკრუნჩხულ, მყვირალა ჯუჯა კაცთან გაჩნდა. მან ორივე ხელი წინ გასწია, რათა როგორმე დაეჭირა, წამოდგომაში დახმარებოდა, ან უბრალოდ შეემოწმებინა, რამდენად მძიმე იყო ტრავმა. მაგრამ როგორც კი მას მიუახლოვდა, ჯუჯა კაცმა თვალები დააჭყიტა. ტკივილისგან სახედასრესილმა, დამტვრეული მაჯების მიუხედავად, სხეულით უკან, კედლისკენ სცადა გახოხება და ისტერიულად აკივლდა:
– „არ მომეკარო! ნუ მეხები! მომშორდი აქედან!“
ამ დროს სავარძლიდან წამოჭრილი მთავარი პაციენტი უკვე მათთან გაჩენილიყო. მან იატაკზე დაჩოქილ სულიკოსა და მყვირალა ჯუჯა კაცს შორის ჩადგა ტანი, ქალს მხარში ორივე ხელი მთელი ძალით ჰკრა და უკან გადააგდო.
– „ხედავთ, რა დღეში ჩააგდეთ?!“ – იყვირა მან და მრისხანე, აელვებული თვალებით ახედა ფეხზე წამომდგარ სულიკოს. მერე ხელი ჰაერში გაიქნია და რადიატორისკენ გაიშვირა. – „აქ რომ არ მჯდარიყავით, ჩასაფრებულივით, ეს არ მოხდებოდა! თქვენ შეაშინეთ! სპეციალურად დადექით იქ, სადაც სველი იყო, რომ ფეხი დასცდენოდა!“
სულიკო სიტყვის უთქმელად იდგა. იგი ტკივილისგან დაკეცილ ჯუჯა კაცს უყურებდა, რომელიც ახლა მთავარი პაციენტის კალთაში მალავდა სახეს.
* * *
მეორე დილით ტანდაბალი კაცი პალატაში დააბრუნეს – თაბაშირში ჩასმული ორივე ხელითა და ჰაერში გამოკიდებული, გადახვეული მარჯვენა ფეხით. ის საწოლზე უძრავად იწვა და ყოველ ჩასუნთქვაზე მძიმედ ოხრავდა.
მთავარი პაციენტი მის საწოლს მიუახლოვდა და ჩამოჯდა. მან კაცის ოფლიან შუბლზე ნაზად გადაუსვა ხელი.
– „ჩემო საწყალო... რა დღეში ჩაგაგდო ამ გარემომ,“ – ჩაიჩურჩულა მან და თავი ახლოს დაუხარა. – „მაგრამ აღარ ინერვიულო. დღესვე ვეტყვი სანიტრებს, რომ შენი საწოლი ჩემს გვერდით გადმოიტანონ. ზუსტად ჩემს მარჯვნივ. პირადად მე მოგივლი.“
– „ოჰ, როგორი კარგი მოსაზრებაა, მეც მაგის თქმას ვაპირებდი!“ – დაეთანხმა ჯუჯა, რომელსაც ტკივილისგან ცრემლები სდიოდა, თუმცა მთავარი პაციენტის სიტყვების გაგონებაზე მის დაღრეჯილ, ფერმკრთალ სახეზე ნეტარმა, გამარჯვებულმა ღიმილმა გაიელვა.
* * *
მეოთხე პალატაში დრო კი არ გადიოდა, არამედ გროვდებოდა – მძიმედ და დახუთულად, როგორც მტვერი გაუნიავებელ ოთახში. როცა სულიკოს სავალდებულო იზოლაციის პირველი წელი ამოიწურა, სამედიცინო საბჭო ჰოსპიტალის რომელიღაც შორეულ, უხილავ ფრთაში შეიკრიბა და მისი იქ ყოფნის ვადა უვადოდ გაახანგრძლივა. არც ახალი დიაგნოზი დასმულა და არც ოფიციალური განხილვა შემდგარა – უბრალოდ, დილის შემოვლისას მორიგი ბეჭდიანი ქაღალდი შემოიტანეს, რომელიც მის მდგომარეობას ქრონიკულად აფასებდა და მასზე უსასრულო დაკვირვების აუცილებლობაზე მიუთითებდა.
თუმცა, ამ გახანგრძლივებას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ჰოსპიტალი, თავისი ვრცელი, ჩახლართული იერარქიითა და დაუსრულებელი, ჩაბნელებული დერეფნებით, დიდი ხანია აღარ იყო მხოლოდ თავშესაფარი – ის მისთვის მთელ სამყაროდ ქცეულიყო.
კრიზისი, რამაც ის აქ მოიყვანა – უცხოელი კაცი, საოჯახო საბჭო, ციხის გარდაუვალი საფრთხე – ახლა წარსული ცხოვრებიდან შემორჩენილ ჭორს უფრო ჰგავდა. პალატის მტანჯველმა დრამამ, ფსიქოლოგიურმა ომმა და საღი გონების შესანარჩუნებლად წარმოებულმა ყოველდღიურმა ბრძოლამ გარე სამყარო მთლიანად დაჩრდილა. ქალაქში ჩასაფრებული საფრთხე აორთქლდა, ჰოსპიტალის ინტენსიურმა და კლაუსტროფობიულმა რეალობამ კი სულიკო სრულად შთანთქა.
კაცები, რომლებიც ოდესღაც მისი ცხოვრების ჯოჯოხეთად გადაქცევას ცდილობდნენ, ახლა საწოლებს შორის მოხეტიალე მოჩვენებებს ჰგავდნენ. ისინი სულიკოსგან წინააღმდეგობას ელოდნენ, თუმცა მზად არ აღმოჩნდნენ მისი სტოიციზმისათვის რაიმე დაეპირისპირებინათ. მთავარი პაციენტი, ოდესღაც დამაფრთხობელი და გავლენიანი ფიგურა, ბოღმიან, ჩუმ მოხუცად ქცეულიყო, რომელიც დაორთქლილ ფანჯრებს უაზროდ მისჩერებოდა.
ერთ ჩვეულებრივ დილას, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა გარდა იმისა, რომ სულიკომ ასე მოისურვა, მან ამ უცნაური თამაშის დასრულება გადაწყვიტა.
განცხადება არ დაუწერია და არც გაწერის საბუთი მოუთხოვია. უბრალოდ საწოლიდან წამოდგა, მის ქვეშ ხელი შეყო და თავისი ყვითელი ზურგჩანთა გამოიღო. პალატაში მყოფი კაცებისთვის თვალიც არ შეუვლია, ისე ჩაიცვა პალტო. რკინის საწოლების რიგებს შორის ვიწრო გასასვლელი გაიარა, მძიმე ორფრთიანი კარი შეაღო და დერეფნისკენ გაემართა. კაცებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ის მიდიოდა.
სულიკო უკვე მიმღებში იყო და მთავარი გასასვლელის მბრუნავ კარს უახლოვდებოდა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და ქალაქის სუსხიან ჰაერზე, თავისუფალ სამყაროში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ამ დროს დერეფანში ხმაური ატყდა. მთავარი პაციენტის წინამძღოლობით, მეოთხე პალატის მკვიდრი ყველა კაცი ისტერიული მარშით მოემართებოდა პირდაპირ ადმინისტრაციის ფრთისკენ. ისინი სულიკოს თვალწინ, მიმღების დახლთან შეჩერდნენ, სადაც მთავარი ექიმი იდგა და სრულიად მოულოდნელი, კატეგორიული ულტიმატუმი წაუყენეს:
– „ან ეგ ქალი დატოვებს ჰოსპიტალს, ან ჩვენ ყველანი მივდივართ! მასთან ერთ სივრცეში გაჩერება ყოვლად შეუძლებელია! აირჩიეთ: ან ის, ან ჩვენ!“ – იკივლა მთავარმა პაციენტმა და სახეზე ტრიუმფალური ღიმილი გადაეფინა.
სულიკო გასასვლელთან იდგა, ჩანთა ძირს ედო, ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო და ამ სცენას ჩუმად აკვირდებოდა. აყალმაყალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. მთელი ჰოსპიტალის მზერა მათკენ იყო მიმართული. მთავარი ექიმი თავიდან გაოგნებული იდგა და ამ სანახაობას მდუმარედ აკვირდებოდა, თუმცა მალევე გამოერკვა და სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშ მოაქცია.
საქმე ის იყო, რომ კაცებს ერთი რამ არ გაუთვალისწინებიათ: ჰოსპიტალის ბიუროკრატიული მანქანა ურჩობას ვერ იტანდა, შანტაჟი კი მისთვის პირდაპირი შეურაცხყოფა იყო. თუკი ჰოსპიტალი მცირე ინტრიგებსა და კორუფციულ გადაცდომებს არ იმჩნევდა, ეს იმიტომ კი არა, რომ ვერ ხედავდა, არამედ იმიტომ, რომ უმთავრესი ღირებულება – სიჩუმე – დაურღვეველი რჩებოდა. ხოლო როდესაც ეს სიჩუმე კაცთა ისტერიულმა რევოლუციამ დაარღვია, ჰოსპიტალმა მაშინვე გამოიღვიძა.
მთავარმა ექიმმა კაცებს ცივი, უემოციო მზერა შეავლო და ადმინისტრაციის დაუნდობელი ლოგიკით უპასუხა:
– „ჰოსპიტალის დაშანტაჟება კატეგორიულად მიუღებელია! ჩვენ ულტიმატუმის ენით არ ვსაუბრობთ. რადგან აქ დარჩენა არ გსურთ, კარი ღიაა. თქვენი კოლექტიური გაწერის საბუთები ახლავე გამზადდება.“
ჩამოვარდა სამარისებური დუმილი. სულიკომ დაინახა, როგორ შეეცვალათ კაცებს სახეები, როგორ ჩამოეხსნათ ტრიუმფალური ნიღბები და როგორ გადაიქცა მათი ამბოხი მყისიერ კაპიტულაციად. სანიტრები მაშინვე კაცების მიმართულებით დაიძრნენ, რათა ნივთების ჩასალაგებლად უკან, პალატაში გაერეკათ. სულიკომ მბრუნავი შუშის კარისკენ გაიხედა, რომლის მიღმაც გულგრილი ქალაქი გადაშლილიყო. შემდეგ კი ისევ აფორიაქებულ, შოკირებულ კაცებს შეავლო თვალი, რომლებიც თავიანთ ერთადერთ, უსაფრთხო თავშესაფარს სამუდამოდ ტოვებდნენ.
სულიკომ ჩანთას ხელი დაავლო. პალტოს ღილები აუჩქარებლად, მშვიდად შეიხსნა, გაიხადა და მიმღების საკიდზე ჩამოკიდა. ის იყო სრულიად ჯანმრთელი ქალი, რომელმაც სიგიჟეს პირდაპირ თვალებში ჩახედა.



Comments