top of page
Logo

X

დღიურის ჩანაწერი: 21 იანვარი, 2025


და აი, დადგა ჩემი დიადი კაპიტულაციის დღეც. გადავწყვიტე, ამერიკული ნომერი ავიღო. პროფესორ პიგუს შეუძლია, ბოლოს და ბოლოს, მშვიდად დაისვენოს; მისი პირადი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც ჩემი ჩამოსვლის დღიდან არ შეუწყვეტია, დასასრულს უახლოვდება.


მახსოვს პირველი ზალპი გვიან ზაფხულს. ბურგერ-ბარში მიმაბრძანებდა – როგორც ჩანს, გაკოტრების ნატიფი დეტალების განსახილველად ეს ერთადერთი შესაფერისი ადგილია – როცა თავისი საყვარელი ქადაგება წამოიწყო: ადგილობრივი ნომრის სახარება.


ვცადე, ამეხსნა ჩემი ღრმა მიჯაჭვულობა ძველი ნომრისადმი. ის ხომ ხელოვნების ნიმუში იყო, იაკუძას ნუმეროლოგიაზე აგებული ულამაზესი რიცხვების მიმდევრობა. კი ბატონო, ზარებს ვერ იღებდა, მაგრამ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა-მიღება ხომ შეეძლო? თანაც რაღაცნაირი საერთაშორისო ბურუსით დაფარულის. ეს ჩემი იდუმალებით მოცული კაცის ნომერი იყო და დასათმობად მზად არ ვიყავი. ის კი „კომუნიკაციის სანდო წყაროს“ აუცილებლობაზე იყო ჩაციკლული. კინაღამ ჩამოვუთვალე დაკავშირების ყველა სხვა საშუალება – იმეილი, Facebook-ი, Messenger-ი, LinkedIn-ი, X, Instagram-ი, WhatsApp-ი, Telegram-ი და, რა თქმა უნდა, თვითონ SMS-ის სერვისი, რომელიც ასე სძულდა – მაგრამ უკვე მისიით შეპყრობილი კაცის იმ გაყინული, ჩაკეტილი მზერით მიყურებდა, რომელსაც ვეღარ გადაასხვაფერებ.


ჩემი გაჯიუტების ნამდვილი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ის ყოველთვიური 40-დოლარიანი ხარკი იყო, რომელიც ამერიკულ ფიჭურ სივრცეში არსებობის პრივილეგიისთვის უნდა გადაიხადო. საფასური, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ინტერნეტის „სანდო“ რაოდენობას არც კი მოიცავს.


მაგრამ ბოლო წვეთი სამსახურის განაცხადები აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში დასაქმების იმედიც კი ვერ გექნება, თუ არ გაგაჩნია 10-ციფრიანი იდენტიფიკატორი, რომელიც ადასტურებს, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ. ჰოდა, მომავალი, ჰიპოთეტური ხელფასების ხათრით, ჩემი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად გავეშურე.


და, თითქოს თვითონ კოსმოსმა მოამზადაო იდეალური დასასრული, ტელეფონების მაღაზია დაკეტილი დამხვდა.


შინ დავბრუნდი. როგორც ჩანს, ეს მისია ხვალ გაგრძელდება.

Comments


bottom of page