top of page
Logo

შენიშვნები პროექტ „საქართველოს დაბადება“-ზე

გირჩის და იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა, „საქართველოს დაბადება“, ძალიან საინტერესო პროექტია. თუმცა, ამ ბლოგში მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ასპექტზე, რომელიც ყოველთვის თვალში მხვდებოდა და ბოლოდროინდელი ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ განსაკუთრებით არ მასვენებს.


საუბარი მერაბ რაფავასთან ძალიან უცნაური იყო, რომელიც ჩვენს სხვა ბლოგში გავაზიარეთ. [იხ. ლინკი]. მან დეტალურად მოყვა ყველა ის ასპექტი, რაც სამხედრო გადატრიალების დაწყებას უკავშირდება. საკუთარი თვალით უნახავს, თუ როგორ ამოვიდა ქაშვეთის ეკლესიის მხრიდან ოცამდე შეიარაღებული მებრძოლი და ააფეთქა მეეზოვე ქალი, რომელიც ხელყუმბარის მოხვედრისას მყისიერად ნაფლეთებად იქცა.

 

ამ გადაცემაში განსაკუთრებით ორი რამ მომხვდა თვალში, რამაც ძალიან დამაფიქრა. პირველი იყო იაგო ხვიჩიას განწყობა, ანუ პოზა, რომელიც თავიდანვე აგრესიული და ცივი მეჩვენა, თუნდაც იმიტომ, რომ საუბრის დასაწყისშივე მან რამდენიმეჯერ უხეშად გააწყვეტინა წამყვანს და მოუწოდა, რომ საუბარი სხვა მიმართულებით განევითარებინა. იმეორებდა ეს საკითხები ჩემთვის ცნობილია, თქვენ სხვა რამეზე ისაუბრეთო. თუმცა, ის, რაც შემდგომ, საუბრის მეორე ნაწილში მოხდა, კიდევ უფრო უცნაური იყო. მერაბ რაფავას თითქოს არ სურდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე საუბარი და ადამიანი უბრალოდ ვერ უყრიდა თავს სიტყვებს. იქექებოდა მასალებში, რომელთა დედნები პროკურატურის არქივში ინახება, ხოლო ასლები მან თან წამოიღო. აბა, სად უნდა ინახებოდეს დედნები?! მაგრამ გამუდმებული ნერწყვის ყლაპვა, თავშეკავება, სახეზე ახლო კადრი და პირდაპირი სატელეფონო კავშირი ზვიად გამსახურდიასთან, რომელთანაც მას ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის დეტალები უნდა შეეთანხმებინა (თურმე), მხოლოდ აძლიერებდა იმ გრძნობებს, რომლებიც მე ამ საუბრის მიმდინარეობისას მქონდა. თუმცა, საუბრის დასასრულს ველოდებოდი ამ სიტყვის წარმოთქმას: ამერიკა! და მან ეს გააკეთა. ამის შემდეგ ამომიტივტივდა მათივე ნათქვამი, რომ მერაბ რაფავას გამოკითხვა გიორგი გამსახურდიას მოწოდება იყოო. თუ ამ საქმეს ვერ ვიძიებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მეოხებით, მინიმუმ ის მაინც უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთელმა ქვეყანამ იცოდეს სიმართლე, იქნება ეს მოწამლული ღვინო თუ მაყუჩიანი იარაღიდან გასროლა.

 

საერთოდ, დროა, მთელმა ერმა ენის მოჩლექის პოლიტიკა შევცვალოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ისინი ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში თავიანთი „ჩათ ჯიპიტის“ სახეებით და გვიმტკიცებენ, რომ დემოკრატიას უჭერენ მხარს, სინამდვილეში კი მხოლოდ სისხლს, შუღლს, არეულობას, განხეთქილებას და მტრობას ნერგავენ. ეს ერთი.

 

მეორე ის, რომ ეს ისტორიის მიმომხილველი ლექციების ციკლი თითქოს ლუსტრაციის კანონის შემცვლელია. თუკი ეს ასეა, მაშინ მეც ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგი იყო. მართლა, მთელ ქვეყანას ხომ ვერ ამოამწყვდევ საკანში?! გაკვეთილი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: ჩვენი მმართველები ურთულეს პირობებში უძღვებიან ქვეყანას. მტრები ყველგან არიან: გარეთ, შიგნით, მიწის ზემოთ და მიწაში. ამიტომ, მთელი საზოგადოების ვალდებულებაა, ძალა მოიკრიბოს, ნება იბოძოს, აზრზე მოვიდეს, მოთმინებით აღიჭურვოს, შეწყვიტოს „იდიოტობანას“ თამაში, თვალი გაუსწოროს სიმართლეს და იაროს ასე, როგორც ტანჯულ, დანაწევრებულ, ნაწამებ, სისხლით მორწყულ ქვეყანას და მის პატარა შვილებს შეეფერებათ.

 

25/08/2025

Comments


bottom of page