top of page
Logo

პოლიტიკა, სპორტი და კულტურა

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ პოლიტიკა, სპორტი და კულტურა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. თუმცა, ასეთი საუბრები, როგორც წესი, სწორედ პოლიტიკოსებისგან მოდის და მხოლოდ მაშინ, როცა ეს მათ სჭირდებათ, მაგალითად, ომის დროს ან ომის კონტექსტში. უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში? უნდა იარონ თუ არა ქართველმა მუსიკოსებმა მოსკოვში ფესტივალებზე? ისეთი მუსიკოსებიც არიან, რომლებიც გამუდმებით იღებენ მოწვევებს რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომში იქ გამგზავრებაზე დემონსტრაციულად განაცხადონ უარი და ამით საზოგადოებაში ქულები დაიწერონ.


ადამიანთა ურთიერთობები რთული და კომპლექსური საკითხია. პოლიტიკაში სოციალური თანაცხოვრების სხვადასხვა ასპექტის გამოყენება კი დღევანდელობის არსებითი შემადგენელი ნაწილია. ვითარება იქამდეც კი მივიდა, რომ ჩვენი მეგობარი ამერიკელები რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში გვეუბნებოდნენ, რომ ზედმეტად ბევრი რუსი ყიდულობს ბინებს საქართველოში და ეს პროცესი უნდა აღგვეკვეთა. სავარაუდოდ, ჩვენს მეგობრებს ამერიკიდან ის აწუხებდათ, რომ თავად ვეღარ ახერხებდნენ იმ ბინების შეძენას, რომლებსაც რუსები ყიდულობდნენ.

 

მედიაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა უსირცხვილო კამპანიამ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის გათეთრებასა და საზოგადოების მოსალოდნელი ზავისთვის მომზადებას ისახავს მიზნად, კარგად დაგვანახა, თუ რა უნდა იყოს საქართველოს პოზიცია. ბოლო პერიოდში უტიფრად ვრცელდება ამბები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით გვიჩვენებს, თუ როგორი „ნორმალურია“ რუსეთთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დავწერეთ კიდეც. [იხ. წყარო]. თუმცა, პედოფილი ვუდი ალენის ეპიზოდი არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა — ისე, როგორც მას აწყობს.


ბ-ნი ალენი მოსკოვში იმყოფებოდა კინოფესტივალზე დასასწრებად. როდესაც გააკრიტიკეს, მან განაცხადა, რომ პოლიტიკოსების ქმედებების მიუხედავად, ხელოვანების ერთმანეთთან ურთიერთობისთვის ხელის შეშლა სასარგებლო არ არის. [იხ. წყარო]. ცხადია, ბ-ნი ალენი ამ სიტყვებს ომის დასაწყისში ვერ იტყოდა, ვინაიდან მაშინ ეს იმ ძალებს არ აწყობდათ, რომლებმაც მას დღეს ამის თქმა დაავალეს. მაშინ არათუ რუსული ფილმის ფესტივალზე დასწრება, არამედ ომს გამოქცეული რუსი ტურისტებიც კი მიუღებლები იყვნენ. „რამდენი რუსი იღებს საქართველოში ბინადრობის ნებართვას?“ — გაჰყვიროდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები. სავარაუდოდ, აქაც, ისინი წუხდნენ იმაზე, რომ რუსი ტურისტები მათ ადგილებს დაიკავებდნენ ჩვენს რესტორნებსა და ბარებში.

 

27 აგვისტო, 2025

Comments


bottom of page