top of page
Logo

უსაფუძვლო გამდიდრება კოლიზიურ სამართალში [ნაწილი I]

ავტორის შენიშვნა

 

ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,

რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.

–      გალაკტიონი, გურიის მთები

 

წინამდებარე სტატია არის ნაწილი კოლიზიური სამართლის სტატიათა ციკლისა, რომლის წერაც დავიწყე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ამ საგნის სწავლებისას. დაკვირვებული მკითხველის თვალს არ გამოეპარება, რომ სტატიები ძირითადად ეყრდნობა კოლიზიური სამართლის სახელმძღვანელოს – Peter Hay, Patrick J. Borchers, Symeon C. Symeonides, Christopher A. Whytock, Conflict of Laws (Hornbook) (6th ed., 2018) – რომელიც გამიზიარა ჩემმა თეზისის ხელმძღვანელმა, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორმა რალფ ბრუბეიკერმა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა კანონმდებელმა ჯერ კიდევ 1998 წელს შეძლო ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის შემუშავება, რომელიც ამოქმედდა 1998 წლის 1 ოქტომბერს, დღემდე ეს დარგი მეტწილად რჩებოდა აკადემიური ყურადღების მიღმა. გარდა იმისა, რომ კოლიზიურ სამართალში მოღვაწე იურისტების სიმწირეს განვიცდით, დღემდე ვერ მოხერხდა სრულყოფილი სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც სტუდენტებს მისცემდა შესაძლებლობას გაცნობოდნენ დარგის თანამედროვე ტენდენციებს. კოლიზიური სამართლის სტატიათა ციკლი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავდა მიზნად. მისი ლოგიკური დასრულება, იმედი მაქვს, იქნება სახელმძღვანელოს შექმნა.


6 იანვარი, 2025

ურბანა-შემპეინი, აშშ

 

შესავალი

 

ქართველმა კანონმდებელმა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონი“ („სკს“) შექმნა „ევროპულ საერთაშორისო კერძო სამართლის კანონებთან სამართლებრივი შედარების საფუძველზე.“[1] ამაში იგულისხმება შვეიცარიული, გერმანული და იტალიური სამართალი, ისევე როგორც კოლიზიური სამართლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კონვენციები.[2] 

გარკვეულ მუხლებთან მიმართებით ცნობილია, თუ კონკრეტულად რომელ სამართალს დაეყრდნო კანონმდებელი. მაგალითად, 1980 წლის რომის კონვენციის[3] ნორმები „თითქმის უცვლელად არის გადატანილი პროექტის 27-31 და 35-38-ე მუხლებში.“[4] ასევე, ვიცით, რომ საპროცესო ნაწილში  სკს „ეყრდნობა შვეიცარულ და იტალიურ მოდელს.“[5] უშუალოდ უსაფუძვლო გამდიდრების ნაწილში ამგვარ მითითებას საკანონმდებლო მასალები არ შეიცავს. მართალია, მუხლი შინაარსობრივად ემსგავსება დღეს მოქმედ გერმანულ ანალოგს, თუმცა ამგვარი რეგულირება გერმანულ სამართალში არ არსებობდა ქართული კანონის მიღების დროს. ამავდროულად, სკს 41-ე მუხლის ანალიზისთვის, ასევე, საინტერესოა ევროპულ და ამერიკულ სამართალთან შედარებაც.

სტატიის პირველი ნაწილი აღწერს გერმანულ სამართალს, მეორე ნაწილი შეეხება ევროპულ სამართალს, მესამე ნაწილი შეეხება ამერიკულ სამართალს, ხოლო მეოთხე ნაწილი წარმოადგენს სკს 41-ე მუხლის კომენტარს.

 

I.          გერმანული სამართალი

 

EGBGB 38. უსაფუძვლო გამდიდრება (1) უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნები, რომლებიც წარმოიშობა შესრულებისგან, რეგულირდება იმ სამართლით, რომელიც არეგულირებს საფუძვლად არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელთანაც დაკავშირებულია შესრულება. (2) უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნები, რომლებიც წარმოიშობა დაცული სიკეთის ხელყოფისგან რეგულირდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ხელყოფა მოხდა. (3) სხვა შემთხვევებში უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნები რეგულირდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც გამდიდრება მოხდა.

 

გერმანული კანონის განხილვამდე უნდა აღინიშნოს ის, რომ 1998 წლისათვის, როცა სკს იქნა მიღებული, გერმანული კოლიზიური სამართალი უსაფუძვლო გამდიდრებას, ძირითადად, სასამართლო პრაქტიკაში არეგულირებდა. EGBGB - გერმანიის სამოქალაქო კოდექსის შესავალი ნაწილი, რომელიც კოლიზიური სამართლის საკითხებს არეგულირებს - უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელ ნორმებს არ შეიცავდა.[6] ამდენად, ცხადია, ქართველი კანონმდებელი გერმანული კანონით, პირდაპირ, ვერ იხელმძღვანელებდა. თუმცა, დღეის მდგომარეობით გერმანული EGBGB 38-ე და სკს 41-ე მუხლები სტრუქტურულად და შინაარსობრივად ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რაც, სავარაუდოდ, არ უნდა იყოს შემთხვევითობა. ცნობილია, რომ ქართველ იურისტებს სამოქალაქო კოდექსის და კერძო სამართლის სხვა კანონების დაწერისას გერმანელი ექსპერტები ეხმარებოდნენ. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველმა კანონმდებელმა, ზოგადად, გაიზიარა გერმანული სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის მიდგომები.

 

I.1.      მსგავსება სკს 41 და EGBGB 38 მუხლებს შორის

 

ქართული კანონი გერმანულს ემსგავსება როგორც სტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად. სტრუქტურულად, როგორც გერმანული, ისე ქართული კანონი სამი ნაწილისაგან შედგება. ამავდროულად,  სამივე ნაწილი, ძირითადად, შინაარსობრივად იდენტურია, მათ შორის დამაკავშირებელი ფაქტორებიც.

 

I.1.1.  სამნაწილიანი აგებულება

 

პირველი აშკარა მსგავსება გერმანულ და ქართულ ნორმებს შორის შეეხება მათ ზოგად სტრუქტურას. ორივე ნორმა მსგავსი აგებულებისაა და შედგება სამი ნაწილისაგან. ამისგან განსხვავებით, რომი II რეგულაციის მე-10 და ამერიკული კოლიზიური სამართლის მე-2 კოდიფიკაციის 221-ე მუხლები აბსოლუტურად განსხვავებული აგებულებისაა და ეს შინაარსშიც ვლინდება. შესაბამისად, აშკარაა, რომ ქართველმა კანონმდებელმა, ნორმის ზოგადი სტრუქტურის თვალსაზრისით, გერმანული მოდელი გაიზიარა. 

 

I.1.2.  ნაწილების მსგავსი შინაარსი და დამაკავშირებელი ფაქტორები

 

სტრუქტურულ მსგავსებასთან ერთად მუხლებს შორის შინაარსობრივი მსგავსებაც არის, ვინაიდან სამივე ნაწილი, არსებითად, ერთნაირ ურთიერთობებს აწესრიგებს. გარდა სტრუქტურული და შინაარსობრივი მსგავსებისა, ქართველმა კანონმდებელმა გერმანული კანონის იდენტური დამაკავშირებელი ფაქტორები გამოიყენა. რა თქმა უნდა, ესეც პირდაპირ გამოწვეულია ნაწილების შინაარსობრივი მსგავსებით, თუმცა შესაძლებელია, რომ ქართველ კანონმდებელს ისე გაეზიარებინა გერმანული მოდელის სტრუქტურა და შინაარსი, რომ იდენტური დამაკავშირებელი ფაქტორები არ გამოეყენებინა. მაგალითად, ხელყოფის კონდიქციის შემთხვევებში ნაცვლად ხელყოფის ადგილის სამართლისა, გამოეყენებინა ხელმყოფი ქმედების განხორციელების ან შედეგის დადგომის სამართალი, რითიც შეინარჩუნებდა ზოგად სტრუქტურას, თუმცა დამაკავშირებელი ფაქტორის ცვლილებით.

 

I.1.2.1.          სკს 41(1) და EGBGB 38(1) მუხლები

 

სკს 41(1) მუხლის თანახმად, თუკი უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის საფუძვლად სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს, მაშინ გამოიყენება ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართალი. გერმანული EGBGB 38(1) მუხლიც აწესრიგებს უსაფუძვლო გამდიდრების ისეთ შემთხვევებს, როცა შესრულების საფუძვლად არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. მართალია, ქართულისგან განსხვავებით გერმანული ნორმა აწესრიგებს „შესრულების კონდიქციის“ შემთხვევებს, ქართული კი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, თუმცა, ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას გერმანული და ქართული მატერიალური (და არა კოლიზიური) სამართლის განსხვავებით.  სკს 41(1) მუხლის თანახმად დამაკავშირებელ ფაქტორად განხილულია “საფუძვლად არსებული ურთიერთობა”, რომლის სამართალიც, ასევე, აწესრიგებს უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნას. მსგავსი მიდგომაა გატარებული EGBGB 38(1) მუხლშიც. 

 

I.1.2.2.          სკს 41(2) და EGBGB 38(2) მუხლები

 

სკს 41(2) მუხლი აწესრიგებს ხელყოფის კონდიქციის შემთხვევებს და უკავშირებს მათ „იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ეს ხელყოფა მოხდა.“ ამის მსგავსად, EGBGB 38(2) მუხლიც შეეხება „ხელყოფის კონდიქციის“ შემთხვევებს და უკავშირებს მათ ხელყოფის ადგილის სამართალს. სკს 41(2) მუხლი შეეხება უსაფუძვლო გამდიდრების ისეთ შემთხვევებს, რომელიც გამომდინარეობს სიკეთის ხელყოფისგან, ანუ დელიქტიდან. ასეთ დროს უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნები ექვემდებარება „იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ეს ხელყოფა მოხდა.“ ხელყოფის ადგილი, როგორც დამაკავშირებელი ფაქტორი, გამოყენებულია EGBGB 38(2) მუხლშიც.

 

I.1.2.3.          სკს 41(3) და EGBGB 38(3) მუხლები

 

სკს 41(3) მუხლი არის ფართო შინაარსის ნორმა, რომელიც მოიცავს უსაფუძვლო გამდიდრების ყველა სხვა შემთხვევას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წინა პარაგრაფების პირობებს. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება გამდიდრების ადგილის სამართალი. იდენტური მოწესრიგებაა გერმანულ კანონშიც, ვინაიდან EGBGB 38(3) მუხლიც ეხება უსაფუძვლო გამდიდრების „სხვა შემთხვევებს“ და უკავშირებს მათ გამდიდრების ადგილის სამართალს. სკს 41(3) მუხლი შეეხება უსაფუძვლო გამდიდრების ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ვერ თავსდება წინა ორი პარაგრაფის მოქმედების სფეროში. ასეთ დროს კანონმდებელმა დამაკავშირებელ ფაქტორად აირჩია გამდიდრების შედეგების დადგომის ადგილი. იგივე მიდგომა არის გატარებული EGBGB 38(3) მუხლშიც.

 

I.2.      განსხვავება სკს 41 და EGBGB 38 მუხლებს შორის

 

ქართულ და გერმანულ ნორმებს შორის ორი ძირითადი განსხვავებაა: (1) EGBGB 38(1) მუხლი არეგულირებს „შესრულების კონდიქციის“ შემთხვევებს, ხოლო სკს 41(1) აწესრიგებს ყველა სახის შემთხვევას, მათ შორის, „შესრულების კონდიქციასაც“, რომლის საფუძვლად არის მიჩნეული დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა; და (2) გერმანულ სამართალში არსებობს დამცავი EGBGB 41-ე მუხლი, რომლის მსგავსიც ქართულ სამართალში არ გვხვდება.

 

I.2.1.  სკს 41(1) მუხლი და შესრულების კონდიქცია

 

სკს 41(1) და EGBGB 38(1) მუხლებს შორის ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ EGBGB 38-ე მუხლი ფორმულირებულია გერმანული უსაფუძვლო გამდიდრების სისტემის შესაბამისად და იმეორებს კონდიქციური მოთხოვნების დაყოფას შესრულების, ხელყოფისა და სხვა სახის კონდიქციებად.[7] ამის საპირისპიროდ, სკს 41(1) არ შემოიფარგლება, მხოლოდ, შესრულების კონდიქციით. თუმცა, ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას გერმანული და ქართული უსაფუძვლო გამდიდრების მატერიალური სამართლის განსხვავებით. კერძოდ, მართალია ქართული უსაფუძვლო გამდიდრების სამართალიც იცნობს შესრულების კონდიქციას,[8] თუმცა გერმანულ სისტემას სრულად არ იზიარებს და „წარმოადგენს თითქმის უცვლელ ასლს 1981 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორის დეტლეფ კონიგის მიერ შემუშავებული პროექტისა,“ რომელიც თავად გერმანიაშიც არ შესულა ძალაში.[9] გერმანული მოდელი სპეციფიკურია და მისი უცვლელად კოპირება არ შეეძლო, მაგალითად, არც ევროპელ კანონმდებელს რომი II რეგულაციაში, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების გერმანული დაყოფა ევროპის სხვა ქვეყნებში არ არსებობს.[10] თუმცა, უსაფუძვლო გამდიდრების კლასიფიკაცია შესრულების, ხელყოფის და სხვა სახის კონდიქციებად არ არის მხოლოდ გერმანული კოლიზიური სამართლის ექსკლუზივი.[11]

 

I.2.2.  დამცავი ნორმა: EGBGB 41-ე მუხლი

 

დამატებით განსხვავებას ქმნის EGBGB 41-ე მუხლი, რომელიც ერთგვარ დამცავ ფუნქციას ასრულებს და და ადგენს „უფრო მჭიდროდ“ დაკავშირებული სამართლის გამოყენებას.[12] მსგავსი კორექციის ფუნქციის მქონე ნორმა ქართულ კანონში არ არსებობს. როგორც აღინიშნა, სკს 41-ე მუხლის შინაარსის ფორმულირებისას ქართველი კანონმდებელი ვერ იხელმძღვანელებდა გერმანული კანონით, ვინაიდან მსგავს ნორმას EGBGB არ ითვალისწინებდა. თუმცა, მეორეს მხრივ, აშკარაა მსგავსება დღეს მოქმედ EGBGB 38-ე მუხლის შინაარსთან, რომელიც 1999 წლის ცვლილებების შედეგად დაემატა გერმანულ კანონს.  

 

II.         ევროპული სამართალი

 

რომი II 10. უსაფუძვლო გამდიდრება (1) თუკი არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც წარმოიშობა უსაფუძვლო გამდიდრებისგან, მათ შორის შეცდომით თანხის გადახდა, უკავშირდება მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას, როგორიცაა ხელშეკრულებიდან ან დელიქტიდან წარმოშობილი ურთიერთობა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული უსაფუძვლო გამდიდრებასთან, იგი უნდა მოწესრიგდეს იმ სამართლით, რომელიც არეგულირებს დაკავშირებულ ურთიერთობას. (2) როცა გამოსაყენებელი სამართლის დადგენა შეუძლებელია პირველი პარაგრაფის შესაბამისად და მხარეებს აქვთ საცხოვრებელი ადგილი ერთი და იმავე ქვეყანაში, იმ მომენტისათვის, როცა უსაფუძვლო გამდიდრების გამომწვევი მოვლენა მოხდა, გამოიყენება ამ ქვეყნის სამართალი. (3) როცა გამოსაყენებელი სამართლის დადგენა შეუძლებელია პირველი და მეორე პარაგრაფების შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც გამდიდრება მოხდა. (4) როცა საქმის ყველა გარემოებებიდან ნათელია, რომ უსაფუძვლო გამდიდრებისგან წარმოშობილი არასახელშეკრულებო ვალდებულება უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული პირველ, მეორე და მესამე პარაგრაფებში მითითებულისგან განსხვავებულ ქვეყანასთან, მაშინ გამოიყენება ამ სხვა ქვეყნის სამართალი.

 

ევროპულ სამართალში მოქმედებს რომი II რეგულაცია, რომელიც არეგულირებს არასახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის საკითხებს. უშუალოდ უსაფუძვლო გამდიდრებას ეხება მე-10 მუხლი. რეგულაციამ უარი თქვა უსაფუძვლო გამდიდრების სისტემაზე და აქცენტი დამაკავშირებელ ფაქტორებზე გააკეთა. რეალურად, ევროპელმა კანონმდებელმა ერთ მუხლში გააერთიანა კოლიზიური უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ფაქტორები. 

 

II.1.     უპირატესი გამოყენების ნორმა: 10(4) მუხლი

 

როგორც შინაარსიდანაც ჩანს რომი II რეგულაციის 10(4) მუხლი უპირატესი გამოყენებისაა, ხოლო მუხლის პირველ სამ ნაწილს შორის იერარქიული მიმართებაა.[13] რეგულაციის 10(4) მუხლის მიხედვით კავშირი უნდა იყოს აშკარად უფრო მეტად მჭიდრო.[14] ამ დანაწესით ევროპელმა კანონმდებელმა ხაზი გაუსვა მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას, რაც რეგულაციის სხვა მუხლებშიც გვხვდება [კონკრეტულად კი 4(3), 5(2), 11(4) და 12(2)(c) მუხლები]. 

 

II.2.     რომი II რეგულაციის 10(1) მუხლი

 

თუკი სახეზე არ არის 10(4) მუხლით გათვალისწინებული აშკარად უფრო მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყანა, მაშინ უპირატესობა ენიჭება რომი II რეგულაციის 10(1) მუხლს და გამოიყენება საფუძვლად არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართალი.[15] ფაქტობრივად, რომი II რეგულაციის 10(1) მუხლი სკს 41(1) მუხლის იდენტური შინაარსისაა. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ რომი II რეგულაციის 10(1) მუხლი აკონკრეტებს გარკვეულ შინაარსობრივ საკითხებს: (1) მითითებულია, რომ მოთხოვნა უნდა იყოს „არასახელშეკრულებო“, რაც ქართულ რეალობაში ავტომატურად ნაგულისხმევია უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნების არსებობისას; (2) მეორე დაკონკრეტება ეხება შესრულების საგანს - მითითებულია, რომ იგულისხმება, ასევე, შეცდომით მიღებული თანხის შემთხვევებიც. სკს 41(1) მუხლი მოიცავს, მათ შორის, თანხის შეცდომით გადახდასაც; (3) მესამე დაკონკრეტება შეეხება საფუძვლად არსებულ ურთიერთობას - მითითებულია, რომ საფუძვლად არსებული ურთიერთობა შეიძლება იყოს ხელშეკრულება ან დელიქტი. სკს 41(1) მუხლიც მოქმედებს ამგვარი შემთხვევების მიმართ; (4) მეოთხე დაკონკრეტება ეხება იმას, რომ საფუძვლად არსებული ურთიერთობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნასთან. მართალია ამგვარ მითითებას ქართული კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა ეს შინაარსობრივად გამომდინარეობს სკს 41(1) მუხლიდან.[16] 

 

II.3.     რომი II რეგულაციის 10(2) მუხლი

 

თუკი სახეზე არ არის ამგვარი დაკავშირებული ურთიერთობა, მაშინ რომი II რეგულაციის 10(2) მუხლის შესაბამისად გამოიყენება საერთო საცხოვრებელი ქვეყნის სამართალი (Lex Domicilii Communis).[17] საერთო საცხოვრებელი უნდა არსებობდეს იმ მომენტში, როცა მოხდა უსაფუძვლო გამდიდრების წარმომშობი ქმედება და საცხოვრებლის შემდგომი ცვლილება უმნიშვნელოა.[18]

 

II.4.     რომი II რეგულაციის 10(3) მუხლი

 

რომი II რეგულაციის 10(3) მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა სამართლის დადგენა შეუძლებელია სხვა ნაწილების საფუძველზე. ასეთ დროს გამოსაყენებელი სამართალი „უნდა იყოს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც უსაფუძვლო გამდიდრება მოხდა.“ ეს დანაწესი დამაკავშირებელი ფაქტორით ეხმიანება სკს 41(3) მუხლს.

 

III.        ამერიკული სამართალი[19]

 

III.1.    კოლიზიური სამართლის პირველი კოდიფიკაცია

 

§ 221 უსაფუძვლო გამდიდრებისგან წარმოშობილი ვალდებულება როდესაც პირის მიმართ წამოყენებულია პრეტენზია მის უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით, გამდიდრების ადგილის ქვეყნის სამართალი განსაზღვრავს არის თუ არა იგი ვალდებული უკან დააბრუნოს ის, რითიც გამდიდრდა.

 

ამერიკული კოლიზიური სამართლის პირველი კოდიფიკაცია გამოირჩეოდა შედარებით ხისტი რეგულირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კოდიფიკაცია ცალსახად ადგენდა დამაკავშირებელ ფაქტორს და მოსამართლეს არ უტოვებდა დისკრეციას, ან არჩევანს რამდენიმე ალტერნატივიდან. მეორე კოდიფიკაციამ ეს მიდგომა შეცვალა და აირჩია მოქნილი რეგულირების მეთოდი, როცა ხისტი ნორმები ჩანაცვლებულია მოქნილი პრინციპებით, რაც სასამართლოს მეტ დისკრეციას ანიჭებს. 

უსაფუძვლო გამდიდრებასთან მიმართებით პირველმა კოდიფიკაციამ არჩია გამდიდრების ადგილის სამართლის გამოყენება. ეს მიდგომა მხარდაჭერილი იყო იმ დროინდელ ფრანგულ, ბელგიურ და ინგლისურ იურიდიულ ლიტერატურაში.[20] პირველი კოდიფიკაცია თავიდანვე დიდი კრიტიკის საგანი გახდა. ამ წესის კრიტიკოსები ყოველთვის მიუთითებდნენ მის ბუნდოვანებაზე, ვინაიდან კარგად არ ჩანდა, აქ იგულისხმება ქმედების განხორციელების თუ გამდიდრების ადგილის სამართალი.[21] ასევე, წესი არადამაკმაყოფილებელი იყო განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მხარეებს შორის არსებობდა წინარე სამართლებრივი ურთიერთობა და ამგვარად არჩეულ სამართალს ურთიერთობასთან ნაკლები კავშირი ჰქონდა.[22] შედეგად, ეს მიდგომა მეორე კოდიფიკაციაში შეიცვალა.

 

III.2.    კოლიზიური სამართლის მეორე კოდიფიკაცია

 

§ 221 რესტიტუცია (1) რესტიტუციის მოთხოვნებში, მხარეთა უფლებები და მოვალეობები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რეგულირდება იმ ქვეყნის ადგილობრივი სამართლით, რომელსაც საკითხთან მიმართებით აქვს ყველაზე მჭიდრო კავშირი შემთხვევასთან და მხარეებთან მე-6 სექციაში დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. (2) დამაკავშირებელი ფაქტორები, რომელიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მე-6 სექციაში დადგენილი პრინციპების გამოყენებისას, რათა დადგინდეს მარეგულირებელი სამართალი, მოიცავს: (a) ადგილს, სადაც მხარეთა ურთიერთობის ცენტრი მდებარეობდა, იმის გათვალისწინებით, რომ გამდიდრების მიღება არსებითად დაკავშირებული იყო ამ ურთიერთობასთან, (b) ადგილს, სადაც სარგებელი ან გამდიდრება იქნა მიღებული, (c) ადგილს, სადაც სარგებლის ან გამდიდრების გამომწვევი ქმედება განხორციელდა, (d) დომიცილს, საცხოვრებელს, ეროვნებას, რეგისტრაციის ადგილს და მხარეთა ბიზნესის ადგილს, და  (e) ადგილს, სადაც ფიზიკური ნივთი, როგორიცაა მიწა ან მოძრავი ქონება, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული გამდიდრებასთან, მდებარეობდა გამდიდრების მომენტისათვის.

 

ეს დამაკავშირებელი ფაქტორები უნდა შეფასდეს კონკრეტულ განსახილველ საკითხთან მათი შედარებითი მნიშვნელობის საფუძველზე.

 

III.2.1.            მოქნილი რეგულირება

 

მეორე კოდიფიკაციამ შეიმუშავა უსაფუძვლო გამდიდრების მოქნილი რეგულირება, რაც გულისხმობს მოსამართლისთვის ფართო დისკრეციის მინიჭებას.[23] ნაცვლად წინასწარ ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული სამართლისა, შემუშავებულია სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს გამოსაყენებელი სამართლის არჩევისას.[24] ამით შეიცვალა პირველი კოდიფიკაციის ხისტი მიდგომა, რომლის 453-ე სექციაც უსაფუძვლო გამდიდრების ყველა შემთხვევას გამდიდრების ადგილის სამართალს უქვემდებარებდა. პირველი კოდიფიკაცია მხარს უჭერდა სარგებლის გადაცემის ადგილის სამართლის გამოყენებას.[25]

 

III.2.2.            მე-6 სექცია და სახელმძღვანელო პრინციპები

 

გარდა 221-ე სექციაში ჩამოთვლილისა, ამერიკული მოდელის მიხედვით არსებობს ზოგადი ხასიათის მე-6 სექციაც, რომელიც უნივერსალურად გამოიყენება სამართლის არჩევის ყველა ნორმის მიმართ. მეორე კოდიფიკაციის 6(2) სექცია ჩამოთვლის შვიდ სახელმძღვანელო პრინციპს, რომლებიც მოსამართლემ მხედველობაში უნდა მიიღოს გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრისას: 

 

(1)       შტატთაშორისი და საერთაშორისო სისტემების საჭიროებები;

(2)       განმხილველი ქვეყნის სამართლის რელევანტური მიზნები;

(3)       სხვა დაინტერესებული ქვეყნების სამართლის რელევანტური მიზნები და ამ ქვეყნების ინტერესები კონკრეტული საკითხის გადაწყვეტაში;

(4)       ლეგიტიმური მოლოდინების დაცვა;

(5)       კონკრეტული სამართლის დარგის საფუძვლად არსებული პრინციპები; 

(6)       სიცხადე, წინასწარ განჭვრეტადობა და შედეგების უნიფიცირება; და 

(7)       მარეგულირებელი სამართლის დადგენისა და გამოყენების გაადვილების მიზნები.

 

მეორე კოდიფიკაციის მე-6 და 21-ე სექციებში ჩამოთვლილი პრინციპებიდან რესტიტუციის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შტატთაშორისი და სახელმწიფოთაშორისი ინტერესები. როგორც წესი, დაინტერესებულ ქვეყნებს შემთხვევასთან ან მხარეებთან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე სახის კავშირი აქვთ. ასევე, მნიშვნელოვანია განმხილველი ქვეყნის ადგილობრივი სამართლის მიზნები, სხვა დაინტერესებული იურისდიქციების მიზნები, ასევე, სამართლის გამოყენების და დადგენის გაადვილების მიზნები. ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგალითად, ლეგიტიმური მოლოდინების დაცვა.


სქოლიო


[1] სკს განმარტებითი ბარათი, გვ. 431.

[2] იქვე.

[3] 1980 წლის რომის კონვენცია „სახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე.“ [https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/HTML/?uri=CELEX:41998A0126(02)]. 

[4] სკს განმარტებითი ბარათი, იხ. ზემოთ, სქოლიო 1, გვ. 431. ნორმების დასათაურება შემდეგნაირია: სკს 27-31 [გარიგებანი], სკს 35 [სამართლის არჩევა მხარეების მიერ], სკს 36 [სამართლის გამოყენება, როცა მხარეებს არ აურჩევიათ ესა თუ ის სამართალი], სკს 37 [მოთხოვნის გადასვლა სხვა პირზე], სკს 38 [სოციალური დაცვის იმპერატიული ნორმები].

[5] იქვე.

[6] MüKoBGB/Junker, 8. Aufl. 2021, EGBGB Art. 38 Rn. 24.

[7] იქვე, Rn. 3.

[8] სუსგ №ას-1530-2022, 22/03/2023, ¶22. [„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია.“].

[9] გიორგი რუსიაშვილი, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის სარეფორმო წინადადება (2020) 7.

[10] Junker, იხ. ზემოთ, სქოლიო 6, Rn. 3. ზოგადად, სამართლებრივი ნორმების რეცეფციასთან დაკავშირებით იხ. Alan Watson, Legal Transplants: An Approach to Comparative Law (1974).

[11] ერთ-ერთი ავტორი ინგლისური სამართლის პერსპექტივიდან მიუთითებს, რომ რესტიტუციური მოთხოვნები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: (ა) შესრულების შემთხვევები, მაგალითად, თანხის გადახდა; (ბ) ხელყოფის შემთხვევები, მაგალითად, იგივე disgorgement of profits; და (გ) მოთხოვნები, რომლებიც ეფუძნება სანივთო უფლებებს, მაგალითად, constructive trust. პირველი კატეგორიის მოთხოვნები ითვლება უსაფუძვლო გამდიდრებად, თუმცა მეორე და მესამე კატეგორიის მოთხოვნების კვალიფიკაცია სადავოა ინგლისურ სამართალში. Adeline Chong, Choice of Law for Unjust Enrichment/Restitution and the Rome II Regulation, 57 Int. Comp. L. Q. 863, 865 (2008); Richard Plender, Michael Wilderspin, The European Private International Law of Obligations (2009) 687, ¶24-021.

[12] გერმანული კანონის 41-ე მუხლი შემდეგნაირად არის ფორმულირებული:

 

EGBGB 41. არსებითად უფრო მჭიდრო კავშირი (1) თუკი არსებობს არსებითად უფრო მჭიდრო კავშირი სხვა ქვეყანასთან, რომელიც არ არის 38-დან 40(2) მუხლების შესაბამისად განსაზღვრული ქვეყანა, მაშინ გამოიყენება ამ სხვა ქვეყნის სამართალი.  (2) არსებითად უფრო მჭიდრო კავშირი შეიძლება დაეფუძნოს, მაგალითად:  1. სპეციალურ სამართლებრივ ან ფაქტობრივ ურთიერთობას მხარეთა შორის ვალდებულებასთან მიმართებით, ან  2. 38(2)-(3) და 39-ე მუხლების შემთხვევაში იმ ფაქტს, რომ მხარეებს შესაბამისი მოვლენების განხორციელებისას საცხოვრებელი ადგილი ქონდათ ერთი და იმავე ქვეყანაში; მუხლი 40(2) მეორე წინადადება გამოიყენება mutatis mutandis.

 

[13] Peter Huber (ed.), Rome II Regulation (2011) 292-293.

[14] იქვე, გვ. 299.

[15] Stephen Pitel, Rome II and Choice of Law for Unjust Enrichment, in John Ahern (ed.), William Binchy (ed.), The Rome II Regulation on the Law Applicable to Non-Contractual Obligations (2009) 238.

[16] Plender & Wilderspin, იხ. ზემოთ, სქოლიო 11, გვ. 706, ¶24-092.

[17] Huber, იხ. ზემოთ, სქოლიო 13, გვ. 296.

[18] იქვე.

[19] ძირითადი სახელმძღვანელო ამერიკულ კოლიზიურ სამართალში არის Peter Hay, Conflict of Laws (2018). გარდა ამისა, ამერიკული კოლიზიური სამართლის კოდიფიკაციები და მისი ოფიციალური კომენტარები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, მათ შორის, სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

[20] Ernst Rabel, Conflict of Laws (1964) 378.

[21] Saul Cohen, Quasi-Contract and the Conflict of Laws, 31 L.A. Bar Bull. 71, 77 (1956). იხ. ციტირება: Hay, იხ. ზემოთ, სქოლიო 19, გვ. 1187.

[22] John Morris, The Choice of Law Clause in Statutes, 62 L.Q. Rev. 170, 182-183 (1946) [“რაც შეეხება კოდიფიკაციას, საყოველთაოდ ცნობილია კოლიზიური სამართლის დარგის სპეციალისტებისათვის, რომ კოდიფიკაციის ხელმძღვანელი მეტისმეტად გატაცებული იყო ტერიტორიული თეორიებით ... გამდიდრების ადგილს, შესაძლოა, მაგალითად, ჰქონდეს მხოლოდ შორეული კავშირი ვალდებულების არსებობის რეალურ ადგილთან, როგორიც არის შემთხვევა, როცა თანხის გადახდა განხორციელდა შაბათ შუადღეს ნიუ ჯერზის გოლფის კლუბში, თუმცა ტრანზაქცია, რომლის ფარგლებშიც არსებობდა თანხის გადახდის ვალდებულება, სრულად ნიუ იორკის ტრანზაქცია იყო.”]. იხ. ციტირება: Hay, იხ. ზემოთ, სქოლიო 19, გვ. 1187.

[23] ხისტი და მოქნილი რეგულირების საკითხთან დაკავშირებით იხ.: ალექსანდრე იოსელიანი, მოქნილი მეთოდის უპირატესობა ხისტ მეთოდთან შედარებით სახელშეკრულებო საკოლიზიო სამართალში (2010). [http://press.tsu.ge/data/image_db_innova/Disertaciebi/aleqsandre_ioseliani.pdf]. 

[24] Pitel, იხ. ზემოთ, სქოლიო 15, გვ. 234-235.

[25] Hay, იხ. ზემოთ, სქოლიო 19, გვ. 1187.

Comments


bottom of page