top of page
Logo

გალა

Updated: Nov 18

დღიურის ჩანაწერი: 2017 წლის 21 მაისი

 

დღეს საღამოს „დაჯილდოების ცერემონია“ გაიმართა. ქალაქის ცენტრში, დიდ, ოფიციალურ რესტორანში ტარდებოდა, ისეთში, სამეჯლისო დარბაზს რომ უფრო ჰგავს. თეთრი სუფრები, ბროლის ჭიქები და ჭერიდან გადმოკიდებული მძიმე ჭაღები. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს უცხო ხალხის ქორწილში მოვხვდი.


ჯგუფები მყისიერად ჩამოყალიბდა: ამერიკელები ამერიკელებთან იდგნენ და ხმამაღლა ხუმრობდნენ; უცხოელები — უცხოელებთან, შედარებით ჩუმად საუბრობდნენ. ვცადე, სადღაც შუაში დავმჯდარიყავი, მაგრამ მაგიდების განლაგება ამის საშუალებას არ იძლეოდა. ბოლოს მაინც ჩემიანების მაგიდასთან აღმოვჩნდი.


შემდეგ დაჯილდოება დაიწყო. არიგებდნენ სერტიფიკატებს „აკადემიური წარმატებისთვის“, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ შემდეგ გადავიდნენ ისეთ ნომინაციებზე, როგორიცაა „გუნდური სულისკვეთება“ და „კარგი იუმორი“. დღემდე არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს „კარგი იუმორი“ სამართლის სკოლის კონტექსტში.


უცნაური დინამიკა იგრძნობოდა. ჩვენ, უცხოელები, ტაშს ვუკრავდით ყველას. თუ ამერიკელი იმარჯვებდა, ვუკრავდით ტაშს. თუ რომელიმე ჩვენგანი იმარჯვებდა, მაინც ვუკრავდით ტაშს. ამერიკელები კი, სამაგიეროდ, მხოლოდ სხვა ამერიკელებს უმაგრებდნენ მხარს. როცა რომელიმე ჩვენგანი გადიოდა ჯილდოს ასაღებად, ისინი უბრალოდ გვიყურებდნენ. ტაშს ტაშით არ გვიბრუნებდნენ. მხოლოდ ზრდილობიანი ღიმილით შემოიფარგლებოდნენ. თითქოს მათი ოჯახური შეკრების მაყურებლები ვიყავით.


საჭმელი ძვირად ღირებული და ადვილად დასავიწყებელი იყო. როგორც კი თეფშები აალაგეს, სმა დაიწყო. ჰაერი დამძიმდა და ხმაურით გაიჟღინთა. კაცებს სახეები წამოუწითლდათ, მაგიდებს შორის ერთმანეთს რაღაცეებს გადასძახებდნენ ხოლმე, ქალების სიცილი კი უფრო წვრილი და გამჭოლი გახდა. თითქოს ყველაფერი ერთ დიდ ხმაურში იშლებოდა.


პროფესორებს გავხედე, საკუთარ მაგიდასთან რომ ისხდნენ. ისინიც იღიმოდნენ – ყალბი, ამაყი, ცარიელი ღიმილით.


ცოტა ხანში ავდექი და წამოვედი. არავის გავუჩერებივარ. დარწმუნებულიც კი არ ვარ, ვინმემ შენიშნა თუ არა ჩემი წასვლა.


გარეთ ღამის გრილი და სუფთა ჰაერი დამხვდა. რესტორანს გავშორდი, ჩემი ფეხსაცმლის ხმა ტროტუარზე ხმამაღლა ბრახუნობდა. მათი სიცილი კი თავში ისევ ექოსავით ჩამესმოდა.

Comments


bottom of page