top of page
Logo

გაკოტრებისა და სხვა წვრილმანი თაღლითობებისათვის

დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 26 აგვისტო


დღეს ღრმად პატივცემულ პროფესორ პიგუსთან „გაკოტრების“ პირველი დღე გათენდა. ჩემმა ორგანიზმმა, ფინანსური კრახის პერსპექტივით აშკარად აღტაცებულმა, ჩათვალა, რომ დღის დასაწყებად დილის ექვსი საათი საუკეთესო დრო იყო. ძილს, როგორც ჩანს, სასწავლო პროგრამა არ ითვალისწინებდა. Excel-ის ცხრილებში სემესტრის გეგმის გაწერასთან ამაღელვებელი ბრძოლის შემდეგ კი საბოლოოდ დავრწმუნდი: გაკოტრება ჩემი ბედისწერა იყო. ჩემი მოწოდება. აღფრთოვანება ხელშესახები გახლდათ.


ბუნებრივია, პირველ რიგში დავიკავე ადგილი, პირდაპირ პიგუს წინ, მისი ხედვის არეალში. ბოლოს და ბოლოს, გულმოდგინე სტუდენტის როლი ხომ უნდა ითამაშო – სცენის ცენტრში, პროჟექტორების შუქქვეშ, მარად მზადმყოფი. ყველაფერი ხომ გარეგნულ ეფექტზეა გათვლილი. გარდა ამისა, ამ კონკრეტულ ამერიკულ აკადემიას ადგილების დაკავების მომხიბვლელად ხისტი პოლიტიკა აქვს: პირველ დღეს სადაც ჩაერჭობი, მთელი სემესტრი იქიდან უნდა იფოტოსინთეზო. პროფესორს ხომ სჭირდება თავისი პატარა სქემა, სახეებისა და სახელების რუკა, რომ მოულოდნელი გამოკითხვებით ჩაგისაფრდეს. ასე რომ, დიახ, მე და ეს პირველი რიგის ადგილი, შეიძლება ითქვას, ოფიციალურად ხანგრძლივ ურთიერთობაში შევედით.


სწორედ მაშინ, როცა ლეპტოპითა და ჩანაწერებით ვეწყობოდი, გვერდით ერთი ჯგუფელი გამიჩნდა. რამდენიმე მორიგე ფრაზა გავცვალეთ და მალევე ცხადი გახდა, რომ ისიც პიგუს ერთ-ერთი რჩეული იყო. ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ დაყნოსა, ახალი JSD-ის სტუდენტი რომ ვიყავი, და კონტაქტის დამყარება გადაწყვიტა. ნეთვორქინგი, გაკოტრების ლექციაზეც კი, სისხლიანი სპორტია.


მკითხა, საიდან ხარო, რასაც, რა თქმა უნდა, სავალდებულო გეოგრაფიის გაკვეთილი მოჰყვა. „არა, შტატი არა. ის პატარა, ბუნდოვნად ევროპული ჟღერადობის ქვეყანა, შავი ზღვის პირას, თურქეთსა და რუსეთს შორის რომ არის მოქცეული.“ კლასიკაა. იფიქრებდი, რუკა მაინც ექნებათო.


შემდეგ კი, ისეთი უდარდელი იერით, თითქოს ამინდზე ლაპარაკობდაო, თავის შეყვარებულზე ერთი „საინტერესო ამბის“ მოყოლა დაიწყო. თურმე, გოგონა უკრაინელი ყოფილა და, რადგან სავიზო განაცხადში „არასაკმარისი თანხების“ მცირე პრობლემას წასწყდომია, გადაუწყვეტია, საკითხი მცირეოდენი „კრეატიული დაფინანსებით“ მოეგვარებინა. მეგობრებისა და ოჯახის დახმარებით თანხები უსესხებია, ყალბი საბანკო ამონაწერი გაუჩალიჩებია, საელჩოსთვის წარუდგენია და, ვუალა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკაში! მისივე თქმით, გოგონა „ორი კაპიკით“ ჩამოსულა, მაგრამ ამბიციებით სავსე გულით. მისი რჩევა, რომ კარიერა ფინანსებში გაეკეთებინა – სფეროში, სადაც „კრეატიული ბუღალტერიის“ თანდაყოლილი ნიჭი ნამდვილად გაიბრწყინებდა – მისდა საუბედუროდ, უგულებელყოფილ იქნა. გოგონამ იურიდიულზე ჩაბარება დაიჟინა. დასანანია, რომ ირონიის აღქმის უნარი, როგორც ჩანს, არც ერთს არ აღმოაჩნდა.


რა გამომაცოცხლებელია, როცა ადამიანის გაცნობიდან ხუთ წუთში ფედერალური თაღლითობის შესახებ უდარდელ აღიარებას ისმენ. გაცნობისთვის უკეთესს ვერ ინატრებდი. მაინტერესებს, ეს ამბავი სხვისთვისაც თუ მოუყოლია.


ასე რომ, დიახ. პროფესორ პიგუს სემინარზე უცნაური ამბები მწიფდება.

Comments


bottom of page