აბორტი, აკადემია და სხვა ფრაქციები
- Gocha Okreshidze
- Sep 24, 2024
- 3 min read
დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 24 სექტემბერი
ამ 400-მილიონიანი ქვეყნის ეროვნული გასართობი, როგორც ჩანს, იმის გარშემო კამათია, თუ რას ამბობს აბორტზე მე-18 საუკუნის ერთი თხელი, ნახევარსაათიანი საკითხავი დოკუმენტი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დიადი და რთული იურიდიული პრობლემის იარლიყი აქვს მიკრული. ყოველწლიურად ქვეყნდება სტატიებისა და წიგნების ახალ-ახალი მთა დოქტრინალურ ძვრებზე, იმართება კონფერენციები და ჰაერიდან იგონებენ ახალ თეორიებს. სამართლის სადოქტორო პროგრამის ერთ-ერთ სემინარზე შეცდომა დავუშვი და ამ თემაზე წამიერი გასხივოსნება საჯაროდ გამოვხატე. განვაცხადე, რომ თუ იურისტს კონსტიტუციის წაკითხვის შემდეგ არ შეუძლია, დამაჯერებლად თქვას, რას ამბობს ის აბორტზე, ალბათ, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლას უნდა დაუბრუნდეს. ან, სულაც, პროფესია შეიცვალოს. როგორც აღმოჩნდა, ეს აზრი ოთახში პოპულარობით არ სარგებლობდა.
ამ ეროვნულ ნევროზს კი ის კვებავს, რასაც დამფუძნებლები „ფრაქციებს“ უწოდებდნენ. ეს ფაქტი დღეს საღამოს, სტუდენტებისთვის გამართულ ფაკულტეტის ვახშამზე გამახსენდა. დავაგვიანე. როცა დასწრება დავადასტურე, რატომღაც გამომრჩა, რომ ვახშამი ლექციას ემთხვეოდა. საბედნიეროდ, ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორ პიგუს ასისტენტმა, გულმოწყალედ მომანიჭა მთელი ათწუთიანი საშეღავათო პერიოდი. დღემდე ვერ მოვსულვარ გონს ამხელა გულუხვობისგან.
გზა ჩემი პრეისტორიული ველოსიპედით გავიარე – ცივი ომის დროინდელი მოძრავი ექსპონატით, რომელიც ძველ საბჭოთა „დესნას“ მოგაგონებდათ, ფეხის მუხრუჭებითა და საოცრად უშნო ჩარჩოთი. ეს ჩემი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რადგან ყველა სხვა ველოსიპედი, რაც კი მყოლია, ამ პატარა ქალაქში მომპარეს. მისვლისთანავე ჩემი ძველი, მაგისტრატურის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორის პირდაპირ დავიკავე ადგილი. მცირე საუბარი გავმართეთ მნიშვნელოვან თემებზე. ვუთხარი, რომ ევროპელები თავიანთ კონსტიტუციებს ისეთი რელიგიური მოწიწებით არ ეპყრობიან, როგორც ამერიკელები-მეთქი. ის შეყოვნდა, შემდეგ კი „გერმანიით“ მიპასუხა. ხმამაღლა არ მითქვამს, მაგრამ გავიფიქრე, რომ გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლო, მგონი, ახალ-ახალ უფლებებს ჰაერიდან იგონებს. ჩემს საჭმელს ვჩიჩქნიდი, იმ კითხვაზე ფიქრით შეპყრობილი, რომელიც მთელი წელია მღრღნის: აქ რას ვაკეთებ?
გონებით მის ლექციას დავუბრუნდი. დღის თემა საქმე „რო უეიდის წინააღმდეგ“ იყო. პროფესორმა მოწვეული სტუმარი მოიყვანა: კალიფორნიელი მოსამართლე, ჩინური წარმოშობის ამერიკელი, საპაექრო სიტყვასავით გამხდარი, სადღაც 40-დან 50 წლამდე და მტკიცე კონსერვატორი. მან „რო“ დეტალურად დაშალა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ მას არანაირი მყარი, ფუნდამენტური თეორია არ ედო საფუძვლად. პირდაპირ თქვა, საფუძვლად საერთოდ არაფერი უდევსო. ეს იყო იურიდიული კრიტიკის მასტერკლასი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ საზოგადოებრივი აზრის ინჟინერიის გარკვეული წინასწარმეტყველება, რომელმაც წლების შემდეგ შვიდი შვილის დედა მოსამართლეს ეს საქმე შემოატრიალებინა.
მაგრამ ლექციის დასაწყისში მოსამართლემ ერთი შეხედვით უმარტივესი კითხვა დასვა, რამაც აუდიტორია გააქვავა. „რა არის ფრაქციები, – იკითხა მან, – და რატომ გვაფრთხილებდნენ მათ წინააღმდეგ დამფუძნებელი მამები?“ არავინ განძრეულა. იქნებ არ იცოდნენ, ან იქნებ უბრალოდ არ უნდოდათ, პასუხის გამცემები ისინი ყოფილიყვნენ. „ფედერალისტის წერილები“ წაკითხული მქონდა, ამიტომ ხელი ავწიე. საქრესტომათიო პასუხი გავეცი და „ფედერალისტი #10“-დან ჯეიმს მედისონის მოსაზრებაც მოვიშველიე. მგონი, კარგად გამომივიდა. და სწორედ ასე, ჩემი, როგორც საკონსტიტუციო სამართლის ორატორის, კარიერა იმწამსვე დასრულდა. მოსამართლეს კითხვით ჩემთვის აღარასდროს მოუმართავს.
მაინტერესებდა, რატომ. ჩემი აქცენტის ბრალი იყო? თუ არაამერიკელების დისკუსიაში ჩაურთველობის რაიმე ჩუმი პოლიტიკა? მისი მხრიდან ეს განსაკუთრებით მწარე ირონია გახლდათ. ამიტომ, ხელის აწევა შევწყვიტე. სანამ ჯგუფი აბორტის დიად და რთულ იურიდიულ საკითხზე კამათობდა, მე უბრალოდ ტელეფონში ფეხბურთს ვუყურებდი.
მეხსიერებიდან ვიღაცის ხმამ გამომაფხიზლა. „მაშ ასე, ორი საინტერესო ამბავი შენ შესახებ?“ საძულველი „თიმბილდინგის“ სავარჯიშოს მსხვერპლი გავმხდარიყავი. რაღაც ჩავიბურტყუნე, არც კი მახსოვს, რა, მაგრამ საკუთარმა პროფესორმა უმალვე გამაჩუმა. მითხრა, ეგ ამბები შენზე უკვე ვიციო. ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო იმის ფონზე, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, ჩემი სახელის გახსენებაც კი უჭირდა, ახლა კი უცებ ჩემი პირადი ანთოლოგიის ექსპერტი გამხდარიყო. ნეტავ ჩემი ცხოვრებაც იმავე ზედმიწევნითი ყურადღებით შეემოწმებინა, როგორითაც მოგვიანებით სადილის ანგარიშს აკვირდებოდა, მას შემდეგ, რაც გადახდა ვაჟკაცურად ითავა.
შემდეგ კი – სიუჟეტის მოულოდნელი შემობრუნება. პროფესორმა, ვისაც ვესაუბრებოდი, თავისი ორი საინტერესო ფაქტი გაგვიზიარა. პირველი: ადრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან პიცა დაჰქონდა. მეორე: აქ ნიუ-იორკიდან ჩამოვიდა შემცირებულ ხელფასზე. ღმერთმა იცის, რამ ათქმევინა ეს ყველაფერი თავისი კოლეგების წინაშე. ამერიკული აკადემიური სტილი ხომ ჩუმად ყოფნასა და პოკერის სახის (ან, როგორც დღეს იტყვიან, ChatGPT-ის სახის) შენარჩუნებას მოითხოვს, რათა წრიდან არ მოგკვეთონ. მაგრამ იქნებ მასაც ისევე ყელში ჰქონდა ამ ადგილის უკანონობა, როგორც მე.




Comments