გამოსაშვები
- Gocha Okreshidze
- May 13, 2017
- 2 min read
დღიურის ჩანაწერი: 2017 წლის 13 მაისი
დღეს გამოშვება იყო.
დილით საერთო ცერემონიაზე არ წავსულვარ – სტადიონზე რომ იმართებოდა, მანტიებითა და საზეიმო მარშით. ამბობდნენ, ობამა ან ჰილარი ჩამოვაო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ჩამოსულან. მათ ნაცვლად სცენაზე ვიღაც უცნობი კაცი ავიდა და შესაძლებლობებსა და გამბედაობაზე ჩვეული, ბრძნული ფრაზები გადმოაფრქვია. მე ეს არ მინახავს. თავს ვერ დავაძალე წასვლა.
სამაგიეროდ, ქალაქში ვსეირნობდი – უბრალოდ დრო გამყავდა. ჰაერი თბილი იყო, ხეები უკვე ფოთლებით დამძიმებულიყვნენ. სადაც არ უნდა გამეხედა, ყველგან მანტიებში გამოწყობილ ოჯახებს ვხედავდი. სურათებს იღებდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, ტიროდნენ. თავს უცხოდ ვგრძნობდი, თითქოს სხვის ზეიმზე მოვხვედრილიყავი. ცოტა ხნით კაფეში შევედი, მერე პარკში ვისეირნე, ვუყურებდი, როგორ ირეკლავდა შადრევნის წყალი მზის სხივებს. ვცდილობდი, არაფერზე მეფიქრა.
საღამოს ჩვენი ფაკულტეტის ცერემონიაზე წავედი, რომელიც ქალაქის ცენტრში, დიდ ოპერის თეატრში იმართებოდა. ლამაზი შენობა იყო, დაისის ფონზე თეთრად კიაფობდა – თითქოს რაღაც ფილმის კადრი ყოფილიყოს.
კამერა ამოვიღე, აივანზე პატარა შტატივზე დავაყენე და ჩაწერა დავიწყე. ობიექტივში ყურება მშველოდა – შემეძლო, ყველაფრისთვის მცირე დისტანციიდან, დამკვირვებლის როლიდან მეყურებინა.
ცერემონიაც დაიწყო. სახელებს კითხულობდნენ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამერიკელებისას. რა საოცარი გამოცდილება იყო! ჩვენ – საერთაშორისო სტუდენტები – აბსოლუტურად ყველას ვუკრავდით ტაშს. ამით თითქოს მთელ მსოფლიოს ვეუბნებოდით: „გილოცავთ!“ და მალევე გაირკვა, რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ზეიმის საკუთარი, არაჩვეულებრივი სტილი ჰქონიათ. ისინი თავიანთ მეგობრებს ისეთი მონდომებითა და ვნებით უკრავდნენ ტაშს! როცა რომელიმე მათგანის სახელს აცხადებდნენ, დარბაზის ის მხარე სიხარულისგან ხმაურობდა! ხოლო როცა რომელიმე ჩვენგანის სახელი ისმოდა, ისინი სამაგალითო, პატივისცემით სავსე სიჩუმეს იცავდნენ და გვაცლიდნენ ჩვენი მომენტით დატკბობას. მშვენიერი, ძლიერი განწყობა სუფევდა – ყველა ერთად ვზეიმობდით, თუმცა თითოეული ჩვენგანი – თავისებურად.
მერე ჩვენი ჯერიც დადგა. სცენაზე გავედი, პროფესორს ხელი ჩამოვართვი და საქაღალდე ავიღე. თხელი და მსუბუქი მეჩვენა. ჩემს ადგილს დავუბრუნდი. პროფესორები თავიანთ რიგში ისხდნენ, გვიყურებდნენ, სახეზე კი ისევ ის გამომეტყველება ქონდათ, გალა-საღამოდან რომ მახსოვდა. ამაყი, სერიოზული, ცარიელი.
ბოლო სახელის გამოცხადებას ტაშის ფინალური ქუხილი მოჰყვა და ყველაფერი დასრულდა. ხალხი ფეხზე წამოდგა, ირეოდა, ისევ სურათებს იღებდა. მე ჩემს კამერას მივუბრუნდი, ჩაწერა შევწყვიტე და ჩავალაგე.
როგორც ჩანს, სულ ეს იყო ჩვენი გამოშვება.




Comments