top of page
Logo

თანამედროვე ტრანზიტის სასწაულები

დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 4 სექტემბერი


შეგიძლიათ, ეს ჩანაწერი გამოტოვოთ. იგი იურისპრუდენციაზე არაა, თუ არ ჩავთვლით სამყაროს გაუგებარ სამართლებრივ სისტემას, რაც, თავისთავად, სულ სხვა ისტორიაა.


თუ როგორ ანაწილებს ყოვლისშემძლე თავის ძალაუფლებას, კოსმოსური ბიუროკრატიის უაღრესად საინტერესო ნიმუშია. ბრძენკაცები ამ ორგანიზაციული სქემის შედგენას ცდილობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას რაღაც სასწაულებრივი ნიჭი და ერთგვარი ღვთაებრივი „მოფერება“ სჭირდება, რაც ჩემს კომპეტენციას აშკარად სცდება.


ჩემი დღე დილის ჰაერთან ხანმოკლე, გამამხნევებელი საუბრით დაიწყო. გარეთ გავედი, მისი ყინულივით სუსხიანი ქადაგება ჩავისუნთქე და მაშინვე უკან შემოვბრუნდი. ბარგის ჩალაგებას ვაპირებდი, როცა გვიან ღამით მოსული იმეილი გამახსენდა. მავანს ჩემს გრანდიოზულ გამგზავრებამდე გასაუბრება სურდა. ჩემი პასუხი დიპლომატიის უმაღლესი პილოტაჟი იყო: „არა, ჩიკაგოში მივდივარ და ჩემი თანაგრძნობის უნარი ამჟამად ნულის ტოლია“. ეწყინებათ? ალბათ, კი. განვიცდი ამის გამო? მოდით, ასე ვთქვათ, სინდისი არ მქენჯნის.


გაქცევის ლოჯისტიკა, ბუნებრივია, რთული იყო. წარსულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მე და ჩემი ველოსიპედი ერთი მთლიანობა ვართ. როგორც შენ, ჩემო ერთგულო მკითხველო, კარგად იცი, ამ კეთილშობილი რაშის შეურაცხყოფა იოლად არავის შერჩება. ჩვენ ერთად ვრჩებით, სანამ ურთიერთსიყვარული — და ფიზიკის კანონები — ამის საშუალებას მოგვცემს. ამან ტროტუარის ბალეტის საკმაოდ ელეგანტური ნიმუში წარმოშვა: მე ველოსიპედზე ვიჯექი და ჩემს ბარგს მოვათრევდი, რომელიც უკან მომსდევდა თავის პაწაწინა ბორბლებზე, როგორც დაფეთებული შინაური ცხოველი. ეს იდეალურად სტაბილური სისტემა იყო, იმ პირობით, თუ არ გავჩერდებოდი ან მოხვევას არ ვეცდებოდი, რა დროსაც ჩემი ბარგი დრამატულ, თავდაყირა გულისწასვლას გაითამაშებდა ხოლმე.


ქალაქის ცენტრალურ სადგურთან მივედი — ბრწყინვალე მონუმენტთან, იმის მაგალითთან, თუ როგორი უნდა იყოს ავტობუსებისა და მატარებლების ნამდვილი სადგური. მას ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა ჰქონდა, ერთადერთი წვრილმანის გარდა: თანამშრომლები, რომლებიც ბილეთებს ყიდიან. ტრანზიტის ამ ტაძარში ყოველგვარი კომერცია ონლაინ, ინტერნეტის ღმერთებთან ხორციელდება. ავტომატური კარები სტუმართმოყვრული სისინით გაიღო და ლამაზად დაპროექტებულ, მაგრამ ფუნქციურად გამოუსადეგარ შენობაში შემიპატიჟა.


ურბანა-შემპეინს რომ ვტოვებდი, ვერ ვიშორებდი შეგრძნებას, რომ თავად ქალაქი ცდილობდა ჩემი ნაადრევი აღსასრულის ორკესტრირებას და მე მის კლანჭებს ძლივს დავუსხლტი. ეს პარანოია სადგურის შესასვლელთან დამაჯერებლად დადასტურდა. ჟღალთმიანი კაცი, რომელიც ველოსიპედების სადგომთან გუშაგად იდგა, ქადაგებდა ვიღაცაზე, ვინც „პატარა ჩანთებს დაატარებს“ და „შორს ვერ წავა“. იმ წამიდან ქუჩაში მოსმენილი ყოველი შემთხვევითი ფრაზა კოდირებულ შეტყობინებად იქცა. FBI-ს, ცხადია, ჩემთვის ფარული აგენტების მორიგე ჯგუფი გამოეყო, რომლებიც გზად იდუმალ გაფრთხილებებს მიგდებდნენ.


გახსოვთ ველოსიპედის დიადი ქრონიკები. პირველი მომპარეს — ტრაგედია, რომელსაც ჩემი ახლანდელი, უფრო საგულდაგულოდ დაცული რაშის შეძენა მოჰყვა. შემდეგ იყო დაპირისპირება ილინოისის წიგნის მაღაზიის შიდა ტირანთან, რომელიც მის ძალადობრივ კონფისკაციას შეეცადა. მთელ სამყაროს ვამცნე, რომ მე და ჩემს ველოსიპედს ვერავინ დაგვაშორებდა. და, რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი, ამ მოჩვენებებივით, ზომბი-აპოკალიფსის ქალაქ / დაბა / სოფელ / სასაფლაოსთვის მიმეცა უფლება, ჩემი ველოსიპედი თავის შხამიან მიწაში ჩაეთრია. ეჭვი არ მეპარება, ადგილობრივი მიცვალებულები მის შეჭმასაც კი შეეცდებოდნენ. ასე რომ, ისიც ჩემთან ერთად მოდიოდა.

გარეთ დავაყენე და თავად ხელუხლებელ, თანამშრომლებისგან დაცლილ სიცარიელეში შევედი. ადამიანის ძიებამ ერთ უნიკალურ ეგზემპლართან მიმიყვანა: დაცვის თანამშრომელთან. დაახლოებით ოცდაათი წლის ახალგაზრდა კაცი იყო, უბრალო ლურჯ ფორმაში გამოწყობილი, გამაჯანსაღებლად თავისუფალი იმ ტაქტიკური პერფორმანსებისგან, ზოგიერთ ოფიცერს რომ უყვარს. კართან მომეგება, ნეტარ უმეცრებაში მყოფი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მის უშუალო სიახლოვეს. ის ამ ავტომატიზირებული სალხინებლის ერთადერთი მცველი იყო.


ვკითხე, როგორ შეიძლებოდა ჩიკაგოში მოხვედრა. მაცნობა, რომ 11:00 საათზე ავტობუსი გადიოდა და ონლაინ ბილეთი იყო საჭირო. ამან უზარმაზარი პრობლემა შექმნა, რადგან სადგური — 21-ე საუკუნის სამოგზაურო კვანძი — რა თქმა უნდა, ინტერნეტისგან თავისუფალი ზონა იყო.


ვკითხე, რა უნდა ექნა მგზავრს ინტერნეტის გარეშე.


„არაფერი“, — მხრების აჩეჩვით მიპასუხა.


„ანუ, რომ დავაზუსტო“, — ვუთხარი მე, — „ქალაქის ოფიციალური პოლიტიკაა, რომ ყველა, ვისაც მობილური ინტერნეტი არ აქვს, მუდმივი მაცხოვრებელი ხდება?“


მის სახეზე სიჩუმის ხანმოკლე, მშვენიერი წამი დადგა. ვხედავდი, როგორ ჭრიალებდა მის გონებაში აბსურდის მექანიზმი. როცა მიხვდა, რომ მისი მინიმალისტური პასუხები ჩემს მისიას ვერ აფერხებდა, დანებდა: „მძღოლს დაელაპარაკეთ“.


„და სად შეიძლება ვიპოვო ეს მითიური მძღოლი?“


„ავტობუსს ხედავთ? ახლა მოდის. გარეთ გადით“.


გარეთ გავვარდი, რომ იაფფასიან ფორმაში გამოწყობილ კაცს შევგებებოდი. იქ რეალური, სამგზავროდ მომზადებული ადამიანების მოკლე რიგში დგომის შემდეგ მძღოლს მივუახლოვდი და ჩემი კარგად რეპეტირებული „ნაღდი ფულით მოსიარულე, გაოცებული უცხოელის“ როლი მოვირგე. ჩემი მოკლე სამსახიობო პერფორმანსი მისმა პროფესიულმა გულგრილობამ ისევე აისხლიტა, როგორც რეზინის ბურთი აგურის კედელმა. ქვის თვალებით მითხრა, წადი და ბილეთი იყიდეო. 10:54 საათი იყო. დრო იწურებოდა.


სირბილით დავბრუნდი ჩემს ერთადერთ მოკავშირესთან, ბატონ მცველთან. იმით, რასაც მხოლოდ ნებისყოფის საოცარი ძალა შეიძლება ეწოდოს, ვაიძულე, ჩემს ტელეფონზე რაღაც იდუმალი რიტუალი შეესრულებინა და Wi-Fi კავშირი გაეცოცხლებინა. ზუსტად 10:59-ზე ბილეთი ჩემი იყო. უკან გავვარდი და ავტობუსის კარზე დავაკაკუნე, რითაც მძღოლი შევაშინე. შემომხედა, ხელით პატარა ჟესტი გააკეთა და კარი კვნესით გაიღო. ნიკაპი ამიწია — არავერბალური თავიდან მოშორების უმაღლესი პილოტაჟი.


„ბილეთი ავიღე! ჩიკაგოში მივდივართ!“ — გამოვაცხადე ისე, თითქოს ლატარია მოეგოს.


ზოგიერთი ადამიანი კარგ ამბებს უბრალოდ ვერ აფასებს. კარები უკვე დაკეტილიაო, იბუზღუნა, მაგრამ საბოლოოდ უძლური აღმოჩნდა ნაყიდი ბილეთის წმინდა საიდუმლოს წინაშე.


ავტობუსი ჩააქრო, გადმოვიდა და საბარგული გახსნა. ჩანთები შიგნით შევყარე. როგორც კი ველოსიპედის თემის წამოჭრას ვაპირებდი, ბილეთის ჩვენება მომთხოვა. შესანიშნავი კითხვა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ბილეთი მხოლოდ იმ ციფრულ ეთერში არსებობდა, რომელიც ახლახან დავტოვე. მან დროზე დაიწყო წუწუნი. ერთი წუთით ვიფიქრე, რომ ჩიკაგო დაკარგული საქმე იყო. მაგრამ შემდეგ მოხდა სასწაული: ბილეთი მოულოდნელად, აუხსნელად, ჩემს ეკრანზე ჩაიტვირთა. მან შტრიხკოდი დაასკანერა, დეტალები გადაამოწმა და მიხვდა, რომ მე, ფაქტობრივად, კანონიერი მგზავრი ვიყავი.


და ველოსიპედი? ხომ არ გეგონათ, დამავიწყდა. ეს უბრალოდ ტექნიკის საკითხი იყო. ავუხსენი, რომ ჩემი „პატარა“ ველოსიპედი თითქმის არავითარ ადგილს არ დაიკავებდა. როგორც კი მის უზარმაზარ ავტობუსში აღმოჩნდა, მძღოლმა კი დაიწუწუნა, არც ისე „პაწაწა“ ჩანს, როგორც აღწერეო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის კლასიკური სიტუაციური ჩიხის მსხვერპლი გახდა. ველოსიპედი ჩიკაგოში მიდიოდა.


***


ჩემი ჩასვლა ჩიკაგოში მშვიდი იყო. აქ ადრეც ვყოფილვარ, ჩემი LL.M. პროგრამის დროს, ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში უაზრო, დროისმკარგველ საორიენტაციო ვიზიტზე. კორპორატიული ცათამბჯენები მართლაც საცოდავად გამოიყურებიან, არა? ამჯერად სხვანაირად იყო. სადგურში შევედით და მაშინვე ვიგრძენი ყარაულის შეცვლა. ჩემმა ურბანა-შემპეინის FBI-ს რაზმმა მორიგეობა დაასრულა და მას ჩიკაგოს განყოფილება ჩაენაცვლა.


სადგური დავტოვე და სიცხეში გავედი, ჩემი შავი „ჯორდანის“ მეთევზის ქუდი მზისგან მიცავდა — გაკვეთილი, რომელიც შემპეინში მწარე გამოცდილებით ვისწავლე. სხვათა შორის, მას ისევ უბრალოდ „შემპეინს“ ვეძახი. უფრო შესაფერისად ჟღერს ადგილისთვის, რომელიც ორნაწილიან სახელს ბოლომდე არ იმსახურებს. ჩიკაგოს ქუჩებმა თანდათან თავი გამოაჩინეს: კუთხეებში შეკრებილი კაცების ჯგუფები საუბრობდნენ, კარტს თამაშობდნენ. ტვინმა, რა თქმა უნდა, მაშინვე სტანდარტული კადრები მომაწოდა: ან რეკრეაციულ ნარკოტიკებს შემომთავაზებდნენ, ან ჩემი მიწიერი ქონებისგან გამათავისუფლებდნენ.


ნებისმიერი დიდი ქალაქის მსგავსად, ჩიკაგოც უფასო Wi-Fi წერტილებითაა დაქსელილი — პატარა ციფრული კუნძულები ბეტონის ოკეანეში. როგორც ნებისმიერმა გამოცდილმა მოგზაურმა იცის, არიან კარგი პროვაიდერები და არიან „უსინდისო“ პროვაიდერები. ეს უკანასკნელნი შენს იმეილს, ტელეფონის ნომერს და პირველი შვილის დაბადების წონას ითხოვენ. დროთა განმავლობაში კეთილგანწყობილების ტალღებზე სრიალს სწავლობ.


მე მოგზაურობის დაგეგმვის „ბედნიერი შემთხვევის“ სკოლის მიმდევარი ვარ, რაც უბრალოდ იმის ლამაზი სახელია, რომ არაფერს ვგეგმავ. წარმოდგენა არ მქონდა, სად ვრჩებოდი. ჩემი შიმშილი კი ბევრად უფრო ორგანიზებული მოგზაური აღმოჩნდა. რესტორანი შევნიშნე, რომელიც, როგორც ჩანდა, ქალაქის მოკაშკაშე გულში მდებარეობდა. იდეალური ადგილი იყო — იქვე სასტუმრო, ყველგან სათვალთვალო კამერები. ყველაზე უსაფრთხო ადგილი დედამიწაზე. ჩემი კეთილშობილი რაში დავაპარკინგე და ჰოსტელის საპოვნელად წავედი.


ერთ საათზე ნაკლებ დროში დავბრუნდი.


ველოსიპედი, რომელმაც, როგორც ჩანს, არსებობის უმაღლეს საფეხურს მიაღწია, გამქრალიყო.


გახსოვთ, რომ ვთქვი, ჩემს ველოსიპედს ვერავინ წამართმევს-მეთქი? ჩიკაგომ ეს 45 წუთში მოახერხა. იქვე მდგარ დაცვის თანამშრომელს, ძენის სტილში დაკვირვების ოსტატს, არაფერი შეუნიშნავს. პოლიციელებმა, რომლებსაც დაველაპარაკე, თავაზიანად ამიხსნეს, რომ სანომრე ნიშნის გარეშე ჩემი ველოსიპედი ფილოსოფიური კონცეპტი იყო და არა სისხლის სამართლის საქმე.


მადლობა, ჩიკაგო.

Comments


bottom of page