top of page
Logo

მიესალმე ჩემს პატარა მეგობარს

დღიურის ჩანაწერი: 2025 წლის 15 მაისი


სამართლის სკოლაში დილის და შუადღის ლექციებს შორის მკვდარი დრო განსაკუთრებული სახის განსაწმენდელია. ჩვეულებისამებრ, უმიზნოდ დავხეტიალობდი დერეფნებში და სარდაფში აღმოვჩნდი, სადაც სტუდენტების პირადი სათავსოებია. სულ ბოლოში, ყველაფრისგან მიყრუებულ ადგილას, საჯარო კომპიუტერების ოთახის გვერდით, JSD-ის ოთახია.


სკოლამ, თავისი უსაზღვრო სიბრძნით, გენიალური გამოსავალი მოიფიქრა. ერთი მხრივ, თავის ძვირფას უცხოელ დოქტორანტებს მეცადინეობისთვის ცალკე სივრცეს უთმობს, რითაც იერსახეს ინარჩუნებს. მეორე მხრივ კი, ოთახი ისე შორს გადამალა, რომ ადგილობრივმა სტუდენტებმა არ დაინახონ, რა პრივილეგიებით სარგებლობენ „უცხოელები“ და შურით არ აღივსონ. სოციალური ინჟინერიის ნამდვილი შედევრია, ვერაფერს იტყვი.


ბოლოს და ბოლოს, ჩვენ, უცხოელები ვართ, ამ სკოლას, და ალბათ მთელ ქალაქსაც, ფინანსურად რომ ვინახავთ. ადგილობრივი ეკონომიკა უცნაურ საწვავზე მუშაობს: ჩინეთიდან, ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების მიერ გადახდილ ასტრონომიულ სწავლის საფასურზე. ამ მიტოვებულ, პოსტაპოკალიპტურ ქალაქს მოვაწყდით, მის მომხიბვლელ მოსახლეობას – უსახლკარო ზომბებს – შორის გზას ვიკვალავთ, და ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ვიყიდოთ ქაღალდის ნაგლეჯი, რომელიც ნათელ მომავალს გვპირდება. და მაინც, აშკარად გრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს აქ ყოფნას უბრალოდ იტანენ.


თბილისში ძველ მეგობართან ლაპარაკი ახალი დამთავრებული მქონდა, გარე რეკლამასთან დაკავშირებულ ბიზნესგეგმას ვხარშავდით. ჩანთის ასაღებად კომპიუტერების ოთახში დავბრუნდი, დავჯექი და შემდეგი ლექციისთვის მზადება დავიწყე. ვერც შევამჩნიე, რომ მაგიდებისა და მონიტორებისგან აგებული ტიხრის მეორე მხარეს ორი თუ სამი ამერიკელი სტუდენტისგან შემდგარი პატარა ბუდე მდუმარედ იჯდა. სწორედ ამ დროს, დერეფანს ჩემი ირანელი ნაცნობი სტუდენტი გამოუყვა JSD-ის ოთახისკენ. მე ვერ შემამჩნია, მაგრამ ამერიკელები დაინახა და, როგორც ცივილიზებულმა ადამიანმა, უბრალოდ „გამარჯობა“ უთხრა. ერთ-ერთმა ამერიკელმა სალამი დაუბრუნა.


ეს ტიპი ვიცანი — ერთ-ერთ საგანს ერთად გავდიოდით, სადაც, სემესტრის უმნიშვნელო სქოლიოს სახით მივუთითებ, რომ ფინალურ გამოცდაზე აკადემიურად უბრალოდ მიწასთან გავასწორე. თუმცა, ეს ალბათ სხვა დროისთვის მოსაყოლი ამბავია.


ირანელი სტუდენტი JSD-ის ოთახში გაუჩინარდა. კარის გაჩხაკუნებისთანავე, იმავე ამერიკელმა, რომელმაც წამის წინ სალამი შეაგება, მეგობრების გასაგონად ჩაიბურტყუნა: „ჰო, წადი შენი დედაც“. დანარჩენებმა ჩაიცინეს, თითქოს რაღაც გამანადგურებლად მოსწრებული ხუმრობა ეთქვას.


ადგილობრივი შარმით მართლა უნდა აღფრთოვანდე. ეს ადგილი მართლაც ყველაზე ფერმკრთალი სივრცეა მთელს საერთო სამართლის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში.

Comments


bottom of page