ნაიკიზაცია
- Gocha Okreshidze
- Oct 14, 2024
- 1 min read
დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 14 ოქტომბერი
დღეს ფაკულტეტის ვორქშოფზე თავი ძლივს მივათრიე. ის იმგვარი სავალდებულო ღონისძიებების რიგს განეკუთვნება, რომლებიც გულზე დიდად არ მეხატება. მთელი პროფესურა იკრიბება ხოლმე სხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული მეცნიერის დასახვედრად, რომელიც თავის ნაშრომს გვაცნობს.
ყოველთვის უხერხული გარემოა. ჩვენთვის, JSD-ის სტუდენტებისთვის, ეს დიდი გაკვეთილია, ამიტომ ძირითადად ჩუმად ვსხედვართ და ვუსმენთ. პროფესორები კი კითხვებს სვამენ და დისკუსიაშიც ერთვებიან. ჩვეულებრივ, სადმე უკანა რიგში ვიკავებ ადგილს და ვცდილობ, თავი ისე დავიჭირო, თითქოს ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებს.
მაგრამ დღეს... დღევანდელი შეხვედრა სხვანაირი იყო. მომხსენებელი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ „ისაკუთრებენ“ დიდი კორპორაციები დღესასწაულებსა და ფესტივალებს. საუბარია ფენომენზე, როცა კომპანიები ცდილობენ, ინტელექტუალური საკუთრების უფლება მოიპოვონ ისეთ დეტალებზეც კი, როგორიცაა ფესტივალის ფერები — და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღონისძიებას აფინანსებენ.
უკვე თვლემა მერეოდა, როცა მისი ნათქვამი ყურში ცუდად მომხვდა. მან თქვა, რომ კომპანიები არა მხოლოდ კულტურის ნაწილი არიან, არამედ მის „შემოქმედებადაც“ გვევლინებიან.
უცებ სკამზე გავსწორდი. „რაა?“
კულტურა ყოველთვის რაღაც ორგანული მეგონა — ის, რასაც ადამიანები ქმნიან. ინდივიდები: მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები. „ნაიკი“ ან „ამაზონი“ „ხელოვანებად“ არასდროს მომიაზრებია.
იმის წარმოდგენა, რომ კორპორაცია — ეს სამართლებრივი ფიქცია, მოგებაზე დაგეშილი მანქანა — ისევეა „კულტურის ნაწილი“, როგორც ცოცხალი ადამიანი, ჩემთვის ადვილი არ აღმოჩნდა. მართლა იმას ვამტკიცებთ, რომ მარკეტინგული კამპანია ისეთივე „ნაწარმოებია“, როგორც ფერწერული ტილო ან სიმღერა?
კიდევ მესმის იმის თქმა, რომ კომპანიები გავლენას ახდენენ კულტურაზე (რაც ცხადია), მაგრამ იმის მტკიცება, რომ ისინი ქმნიან მას? რომ თავად არიან კულტურა? ეს უკვე მეტისმეტია.
ამან ნამდვილად შემაშფოთა. მთელი დღეა, ეს აზრი თავიდან არ ამომდის. მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს ღონისძიება ვორქშოფი კი არა, „ჯობთოქი“ იყო. კარგად არც მახსოვს.




Comments