საველე ჩანაწერები კვირა დღეს
- Gocha Okreshidze
- May 18, 2025
- 2 min read
დღიურის ჩანაწერი: 2025 წლის 18 მაისი
შემპეინში მეზობლებმა წვეულების კარავი ისევ გაშალეს. გაზონზე გართობის დროებით საკონსულოსავით წამოჭიმულა და ღამის სიბნელეში უგემოვნო ჰანგებს აფრქვევს. რამდენჯერმე ტელეფონიც მივუშვირე — მინდოდა, Shazam-ს მათი შეკრების ოფიციალური ჰიმნი ამოეცნო, მაგრამ ალგორითმი დაიბნა. წესით, დიპლომატიური პროტოკოლის თანახმად, ახლა მანდ უნდა შევსულიყავი, აკრედიტაცია წარმედგინა და რაიმე მსუბუქ, ამერიკული ყაიდის რომანში გავბმულიყავი. თუმცა, ამის ნაცვლად, გარე დამკვირვებლობა ვარჩიე. აივნის კარს მივეყუდე და სანახაობისთვის მოვემზადე.
ამ საღამოს ჩემი პროგრამა სოლო ექსპედიციით შემოიფარგლებოდა. მარშრუტი ჯერ ქალაქის ცენტრის მდუმარე სიცარიელეში ხეტიალს მოიცავდა, შემდეგ კი კულინარიულ თავგადასავალს — იაფფასიანი ლუდითა და ფასდაკლებული ტკბილეულით. საღამოს გრანდიოზული ფინალი ჩინური რესტორანი იყო, სადაც ჩილის ზეთი ინგრედიენტზე მეტად, გამოწვევაა ხოლმე. ჩემი გემოს რეცეპტორები დღესაც გმირულად დამარცხდნენ.
მეზობლის ეზოში ატუზული ხიდან ციყვი ჩამოცოცდა. პირში რაღაც ყვავილი გაეჩარა და თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა.
„ბოტანიკური ჰობისადმი“ ჩემი ერთგულება ცხოვრების ყველა სხვა ასპექტზე კვლავაც სტაბილურად უარყოფითად აისახება. ეს მუდმივი ტვირთია სხეულის, გონებისა და საფულისთვის. და მაინც, სწორედ ამას ეძახიან თავისუფლებას — მაცდურსა და აბსტრაქტულს. ერთი შეხედვით, ფასდაუდებელია, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, მის შენარჩუნებას საოცრად სოლიდური თანხები სჭირდება. მშვენიერი იდეაა, უბრალოდ ძალიან ძვირი სააბონენტო გადასახადი აქვს.
სამაგიეროდ, თავის საქმეს აკეთებს. იღვიძებ იმაზე ადრე, ვიდრე ქალაქს თავისი სახელი გაახსენდება. მიფორთხავ სააბაზანოსკენ — სახსრები გტკივა, სუნთქვა მიგდებულია და სადღაც, ცივ კაფელსა და ონკანიდან ჩამოვარდნილ დაღლილ წვეთს შორის ამჩნევ, რომ გულში სუფთა, აუხსნელი სიხარული გეღვრება. ბედნიერება, რომელიც ყოველგვარი გაფრთხილებისა და მიზეზის გარეშე მოვიდა. ცოტა აბსურდულადაც გეჩვენება: წინ საქმიანი შეხვედრა გაქვს, სამსახური თავისი მღრღნელი რუტინით გელოდება და წესით, ასეთ დილას სამყარო უნდა გძულდეს. მაშ, რამ გაგახარა? საწოლისკენ მობრუნებულს, მაგიდაზე დარჩენილი ანარეკლი თვალს გჭრის: კოსმიური მტვრის უკანასკნელი ნარჩენი, რომელიც გუშინ ღამით ჰერკულესისებრი თავშეკავებით (ან უბრალოდ იმიტომ, რომ ჩაგეძინა) ხელუხლებელი დატოვე. აი, თურმე რა ყოფილა ის უეცარი ეუფორიაც. არ შემცდარხარ — მეხსიერებამ უბრალოდ საკუთარი დაპირება იცნო და გაბრწყინდა. ერთ ამოსუნთქვაში შეიგრძნობ. სითბო სწრაფ დინებად გეღვრება მკერდში. მატრასზე ეშვები ისე, როგორც მზეზე მიფიცხებული კატა. დღისით მკვდარი ხარ და ნაშუადღევამდე ვეღარაფერი გაგაცოცხლებს. ჯანდაბაშიც წასულა ყველა საქმე.
სადღესასწაულო კარავი კი ათასფერად ანათებს და მუსიკის ხმები ოხშივარივით იფანტება ჰაერში. ცოტა შემცივდა და აივნის კარი გამოვიხურე.
ჩემი ოთახის მეზობელი თავისი მოჩვენებისებური გრაფიკით ცხოვრობს — ფანტომი, რომლის ხმაც მესმის, მაგრამ იშვიათად ვხედავ.
ახლა სახლიდან მორიგ ფულად გზავნილს ველოდები; ოფიციალურად — პროდუქტებისთვის, მაგრამ რეალურად ამ თანხას სიმბარათისკენ ვამისამართებ. ამ „ველურ დასავლეთში“ სამსახურზე სანადიროდ იარაღი ხომ მაინც გჭირდება. თუ ეს ნადირობაც უშედეგოდ დასრულდა, ალბათ დროა, მთელი ეს ექსპერიმენტი ჩავარდნილად გამოვაცხადო, ცალმხრივი ბილეთი ვიყიდო და ვნახო, მერე რა მოხდება.




Comments