top of page
Logo

პასუხი არ არის

დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 6 დეკემბერი


ურბანა-შამპეინში ის გარდამავალი სეზონი იდგა, გვიანი ზაფხულის მძიმე ხვატსა და ადრეული შემოდგომის სუსხს შორის რომ გაიჭედება ხოლმე. პროფესორ პიგუს „მძღოლობის“ პერიოდი ჰქონდა — დაჟინებით მოითხოვდა, მანქანით თვითონ გამომივლიდა და კარგ რესტორნებში წამიყვანდა, სადაც ვახშმობისას გაკოტრების საქმეების ნიუანსებს დაწვრილებით განვიხილავდით.


ჩვენი კომუნიკაცია კი უფრო „შეცდომების კომედიას“ ჰგავდა. მე ჯიუტად ვამბობდი უარს ამერიკული ნომრის აღებაზე, ის კი ასევე ჯიუტად არ აღიარებდა, რომ ჩემს ძველ, ქართულ „იაკუძა“ ნომერზე გამოგზავნილი სმს კონტაქტის ლეგიტიმური ფორმა იყო.


ის დღე მკაფიოდ მახსოვს. მაკკინლის ჯანმრთელობის ცენტრში ვიყავი და საკუთარ თავს ვიწესრიგებდი, როცა „იაკუძამ“ გაიზუზუნა. პროფესორი პიგუ. Wassap yo! — გავიფიქრე, ცხადია.


— „როდის შევხვდეთ?“


გონება სწრაფად ამიმუშავდა. კლინიკაში ვიყავი გაჭედილი; ექიმთან ვიზიტი იწელებოდა, მას კი პასუხი სჭირდებოდა, თანაც — დაუყოვნებლივ. მეთხოვა, იქვე მოეკითხა? გამორიცხული იყო; იგი სახლთან გამოვლის რიტუალს ზედმიწევნით იცავდა.


მგზავრობისთვის დრო მჭირდებოდა. საბედნიეროდ, ველოსიპედი მყავდა — ჩემი ფრთოსანი რაში. მაგრამ უცებ შიშმა შემიპყრო: გარეთ ჰაერი მძიმე, სქელი და ნოტიო იყო. როგორ იმოქმედებდა ეს ჩემს ფორებზე ამ შეშლილი სპრინტისას? პროფესორ პიგუს ოფლში გაწურული ვერ წარვუდგებოდი — ეს ნამდვილი ბიოლოგიური კატასტროფა იქნებოდა.


გადავწყვიტე, პუნქტუალურობის გამო სიცოცხლე გამერისკა. პედლებს გამწარებული ვატრიალებდი, ქუჩებს ლანდივით მივაპობდი, მანქანებს ვუსწრებდი და ისეთ საშიშ მანევრებს ვაკეთებდი, საგზაო მოძრაობის წესებს რომ უტიფრად არღვევდა. სახლში სუნთქვაშეკრული, კუნთებდაჭიმული მივვარდი და ველოსიპედი აფორიაქებულმა დავაპარკინგე.


სახლში შევვარდი და ტანსაცმელი გავიხადე. მთელ ფსონს დროის წინააღმდეგ თამაშზე ვაკეთებდი: ორწუთიანი შხაპი. პანიკაში ვიხეხავდი, ვივლებდი და ვიმშრალებდი სხეულს. როგორც კი გამოვედი — სუფთა, მაგრამ გულაჩქარებული — ტელეფონი ისევ განათდა.


— „ლეო, სახლთან ვარ.“


გადავრჩი, შეტყობინება ორი-სამი წუთით ადრე მოსულიყო. თავი ხელში ავიყვანე, ტანსაცმელი გადავიცვი, კარი გავაღე და მანქანაში, მგზავრის სავარძელში ჩავხტი.


— „გამარჯობა, ლეო.“


— „გამარჯობა, პროფესორო.“


— „როგორ ხარ? როგორ მიდის დღე?“


— „ძალიან კარგად, გმადლობთ, პროფესორო. თქვენ როგორ ბრძანდებით?“


— „კარგად, კარგად. წავედით?“


— „დიახ.“


შემომხედა და შეყოვნდა.


— „დიდი ხანია მელოდები?“


— „არა, ახლა გამოვედი. თქვენი სმს ახლა ვნახე.“


— „აჰ, მიიღე ჩემი სმს?“


— „დიახ.“


— „ოკ... ვიფიქრე, იქნებ შხაპის მიღება გჭირდებოდა ან რამე?“


გული გამიჩერდა.


— „არა, არა, კარგად ვარ.“


— „ჯანმრთელობის ცენტრიდან რომ მოდიოდი, ალბათ ძალიან ცხელოდა გარეთ.“


— „დიახ.“ უხერხულად გავუღიმე; თან ვცდილობდი, არ შემემჩნია, რომ სისველისგან ლამის ვიწურებოდი.


— „ჰოდა, თუ დრო გჭირდება, შეგვიძლია დაველოდოთ.“


— „არა, არა, უკვე მივიღე შხაპი. კარგად ვარ.“


— „ოჰ, უკვე მიიღე შხაპი? მაშინ კარგი, წავედით.“


და ახლა, როგორ ავუხსნა ეს სიტუაცია დეკანს? საერთოდ სჭირდება მას ამ უსიამოვნო დეტალების მოსმენა? მას შემდეგ, რაც კორნელის კონფერენციის ნაშრომზე თანამშრომლობის შეთავაზებით პროფესორ პიგუს იმეილი გავუგზავნე, მთელმა კვირამ ფუჭად ჩაიარა. შემიძლია, პირდაპირ ვუთხრა: ერთი კვირაა, პროფესორ პიგუს მივწერე და ხმა არ გაუცია-მეთქი. ვითომ გამოეპარა ჩემი იმეილი? ეჭვი მეპარება. იქნებ ძალიან დაკავებულია? სიმართლე გითხრათ, დიდად არც მადარდებს. იქნებ უბრალოდ არ აქვს სათანადო ცოდნა საერთაშორისო საჯარო სამართალსა და ფილოსოფიაში, რომ ამ კონფერენციისთვის ხელმძღვანელობა გამიწიოს? სავსებით შესაძლებელია. მაგრამ პასუხის ღირსადაც რომ არ ჩამთვალა?


ჯანდაბას, მოდი, სტრატეგიას შევცვლი. იქნებ დეკანს ვკითხო, შეიძლება თუ არა, ჩემი ხელმძღვანელის ნაცვლად სხვა პროფესორს ვთხოვო დახმარება?


09:52 სთ

19/11/2024

Comments


bottom of page