top of page
Logo

რა მქვია?

დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 23 აგვისტო


ბარის სახელი არ მახსოვს, მაგრამ იქაური თევზის ბურგერი პატარა გამოცხადება იყო, კარტოფილი კი – სიხრაშუნის სრულყოფილი ეტიუდი. პროფესორ პიგუსთან საუბრისას, სანამ თევზის ფარფატა არქიტექტურას ჩემი კბილებისკენ გზას ვუკვალავდი, გონება გამეხსნა და იმ დაუჯერებელ ბილიკს გავუყევი, აქამდე რომ მომიყვანა. რაც მეტს ვფიქრობდი იურიდიული პრაქტიკიდან აკადემიის კორომებში ჩემს გადასახლებაზე, მით უფრო ვრწმუნდებოდი ამ გადაწყვეტილების სისწორეში. არა, იმას კი არ ვამბობ, რომ სასამართლო დარბაზის თეატრში ან ხელშეკრულების შედგენის ფაქიზ ხელოვნებაში გარკვეული ხიბლი არ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ყელში ამომივიდა. იმ მოოქროვილ გალიაში ჩემი კარიერის დასასრულს, სახეებმა ერთმანეთში არევა დაიწყეს და უსახელო კოლეგების გალერეად გადაიქცნენ. ხანდახან, ოფისის ზუზუნში, კოლეგას მოჩვენებასავით ჩავჩურჩულებდი:


„დეივ, იმ პარალეგალს რა ქვია?“


ის, ოსტატური მანევრით, სულ სხვა წითელპერანგიან ბიჭზე მიმითითებდა.


„არა, ის არა — მაგის გვერდით მდგომ ქალზე გეუბნები“.


„აა. ეგ პარალეგალი კი არა ნოტარიუსია. აქციონერთა კრებაზეა მოსული“.


შესანიშნავია. ადამიანის სახელის არცოდნაზე დამამცირებელი მხოლოდ მისი სახეობის ფუნდამენტურად შეცდომით გაგებაა.


პროფესორი პიგუ პირველად 2016 წელს გავიცანი, როცა ილინოისში, ამერიკის უკიდეგანო შუა დასავლეთში გზააბნეული, სამართლის მაგისტრატურის რიგითი სტუდენტი ვიყავი. ყოველთვის უნაკლოდ ჩაცმულმა, ღიმილით, რომელიც ერთდროულად გულწრფელიც ჩანდა და პროფესიულად მოზომილიც, პირველივე წუთიდან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მე უკვე ვანგარიშობდი, ვგეგმავდი, როგორ მოვხიბლავდი პოტენციურ მენტორს, როგორ ჩავუყრიდი საფუძველს ჩემს მომავალ სადოქტორო კვლევას და როგორ დავსპეციალიზდებოდი აკადემიური პატრონაჟის ფაქიზ ხელოვნებაში.


ვიცოდი, რომ ხელმძღვანელი მთავარი იყო — შენი რჩეული დისციპლინის ცის კაბადონზე მოციმციმე ჩრდილოეთის ვარსკვლავი. ნამდვილი მენტორი მზა პასუხებს არ გაძლევს; ის პროფესიის დაფარული ხელნაწერებისკენ გინათებს გზას. ის თავს იკავებს, საქმე შენს ნაცვლად გააკეთოს, რადგან ხომ ჩვენ ბრძოლასა და შეცდომებში გამოწრთობილი არსებები ვართ. მენტორი მხოლოდ მიმართულებას გაძლევს და უდაბნოში კომპასის როლს ასრულებს. ასეთი გზამკვლევით სწავლის ლაბირინთი დაძლევადიცაა და პროდუქტიულიც. სამართალში, კიდევ შეიძლება, რისკი დიდი არ ჩანდეს; ბოლოს და ბოლოს გონებაში მცდარი არგუმენტების განხილვით ბევრს ვერაფერს დაკარგავ. მაგრამ სხვა სფეროებში, უნარების თავიდანვე სწორი კოდიფიცირება უმნიშვნელოვანესია, რადგან ხარვეზიანი საძირკვლის ხელახლა აშენება თითქმის შეუძლებელია. შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა: მე ვიპოვე კაცი, რომელიც სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელის პლატონურ იდეალს განასახიერებდა.


მაგრამ აქ ნება მიბოძეთ ცოტა საკუთარი თავიც შევიქო. რამდენადაც პროფესორი პიგუ თავისი საქმის ოსტატი იყო, იმდენად ჩემი დამსახურებაა მისი გულმოდგინედ შერჩევა. მე საკუთარ თავს კარგად ვიცნობდი. არ მჭირდებოდა მენტორი, რომელიც მამობას გამიწევდა, როგორც ამას ბევრი სხვა სტუდენტის შემთხვევაშიც ვხედავთ. დისერტაციის დაწერა და დაცვა საკუთარი ძალებითაც შემეძლო. ამიტომ, ჩემს თავს მკაფიო დირექტივა მივეცი: „ლეო, თავი აარიდე განდეგილ, სოციალურად მოუქნელ აკადემიკოსებს, გენიალურებს, მაგრამ უცნაურებს. ეძებე კაცი, რომელიც იღიმის, რომელიც დახვეწილია, რომელიც კეთილგანწყობას ასხივებს“. ეს იყო ჩემი ალგორითმი და მან პროფესორ პიგუსთან მიმიყვანა. იმას არ ვამბობ, რომ ის გენიალურ უცნაურებზე ნაკლები მეცნიერი იყო; არ არის საჭირო, იურიდიული ექსპერტობა, მისი ინტელექტუალური სიღრმე რომ დაინახო. მისი ბიოგრაფია თავად არის მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების საუკეთესო მტკიცებულება.


როცა საბოლოოდ დავტოვე პრაქტიკა, ღმერთის, ან რომელიმე სხვა ზებუნებრივი ძალის, უხილავი ხელის კარნახით, მას გრძელი წერილი მივწერე და რჩევა ვთხოვე. ბევრს არაფერს ველოდი, იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, მის მეხსიერებაში ჩემი არსებობის ნაპერწკალი მაინც თუ იყო შემორჩენილი. თუმცა, მისი პასუხი მაშველი რგოლი აღმოჩნდა: ორგვერდიანი წერილი, რომელშიც არა მხოლოდ ვახსოვდი, არამედ ჩემს ახალ წამოწყებასაც მიწონებდა და მომავალი გზის უმნიშვნელოვანეს დეტალებსაც მიზიარებდა. მისი სიტყვები დღესაც ჩაბეჭდილი მაქვს გონებაში – წინასწარმეტყველება, რომ შესანიშნავი შანსი მქონდა, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში გაკოტრების სამართლის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი გავმხდარიყავი. და მისი მხარდაჭერა მას შემდეგ არასდროს მოდუნებულა; ის მუდმივ დინებად იქცა. როცა მის სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენა ხდებოდა, ის ცდილობდა, მეც რაღაც ფორმით მისი ნაწილი ვყოფილიყავი.


ასე მერგო პატივი, – ვირტუალურად, – დავსწრებოდი მისი ერთ-ერთი უდიდესი აკადემიური მიღწევის ცერემონიას: სახელობითი პროფესორის თანამდებობაზე მის კურთხევას. კათედრა ვიღაც ბუნდოვნად სომხური გვარის მქონე ქველმოქმედის მიერ იყო დაფინანსებული, რომელმაც სოლიდური თანხა გადაიხადა, რომ საკუთარი სახელი პრესტიჟული უნივერსიტეტისთვის სამუდამოდ მიეჭედებინა. ეს არის ფუფუნება, რომელიც, როგორც ჩანს, საკმარისი კაპიტალის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. გრანდიოზული საღამო იყო, აუდიტორია აკადემიკოსებით, საპატიო სტუმრებითა და ოჯახის წევრებით იყო სავსე. მე, რა თქმა უნდა, იქ არ ვიყავი, რადგან დაახლოებით 14,000 მილის დაშორებით, თბილისში ვიმყოფებოდი. წარმოგიდგენიათ, ძვირფასო მკითხველო, ჩემი გაოცება, სიხარულის ელდა, როცა მოსაწვევი მეილით მივიღე? ალბათ, ვერა. ამ საინტერესო რიტუალის უსხეულო მოწმე უნდა გავმხდარიყავი „ზუმის“ საშუალებით. პროფესორი პიგუ საკუთარი სამყაროს ნაწილს მიზიარებდა, მაძლევდა საშუალებას, თავი მეგრძნო აკადემიური ოჯახის წევრად, რომელიც იმდენად შორს იყო და, ამავდროულად, ეკრანის მეშვეობით, იმდენად ახლოს.


და ამ ყველაფრის მწვერვალი? მან ჩემი სახელი ახსენა. სიტყვით გამოსვლისას შეყოვნდა, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩართული სტუდენტებისთვის, მოწაფეთა თანავარსკვლავედისთვის, მადლობა გადაეხადა. და მათ შორის ყველაზე შორს, – გამოაცხადა მან, – ლეო იყო, თბილისიდან. თუ ვიღაც ჩინეთიდან? იქნებ ჯინეთიდან?


ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წამი იყო. უსაზღვრო სიხარულს ვგრძნობდი, მის ტექნიკურ გუნდსაც კი ვუმადლოდი, რომელმაც ასეთი რთული კავშირის დამყარება უზრუნველყო. კავშირი, რომელიც პროფესორ პიგუს სიტყვის დასრულებისთანავე გაწყდა. დრო იმდენად ზუსტად იყო შერჩეული, თითქოს „დასრულების“ ღილაკზე თითის დაჭერის გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული – დროის ეფექტურობის ნამდვილი მასტერკლასი. უბრალოდ, საჭირო იყო, შესაფერის მომენტს დალოდებოდი მის შესასრულებლად. მთავარი ყოველთვის პაუზაა.


სწორედ ამ იმედმა და გამხნევებამ დამარწმუნა, რომ აკადემიური მოგზაურობა უნდა დამეწყო – პილიგრიმობა, რომელსაც ჩემი ცხოვრების ხუთი წელი, ინტელექტუალური ენერგია და მთელი დანაზოგი შევწირე.


ამერიკაში მგზავრობა თავისთავად შეფერხებებისა და გართულებების ოდისეა იყო. ბილეთების ბოლო წუთს შეძენა დანიშნულების ადგილას საშინლად დაგვიანებით ჩასვლასა და ფინანსურ კრახს შორის არჩევანს ნიშნავდა. მე ეს უკანასკნელი ვარჩიე და ორმოცსაათიან განსაწმენდელს შევუდექი, რომელმაც თურქეთიდან დანიაში, შემდეგ კი ისლანდიაში გამატარა, სანამ ჩიკაგოში აღმოვჩნდებოდი. მოგზაურობა გამოფიტული ჰაერისა და გაცვეთილი განცხადებების გაბმული ფუგა იყო. ო’ჰარადან ურბანა-შემპეინისკენ ბოლო მონაკვეთი ჭრიალა, მოგუგუნე მატარებლით გავიარე, რადგან პირდაპირი ავტობუსები არ არსებობდა. შოკისმომგვრელია, მაგრამ ქვეყნის შიგნით მგზავრობა თითქმის ისეთივე დამქანცველი და ხანგრძლივი აღმოჩნდა, როგორც კავკასიიდან ამერიკის კონტინენტამდე ფრენა.


დაღამებისას ჩავედი და ნაქირავებ ბინამდე ფეხით, გაუნათებელი ქუჩებით მომიწია მისვლა. სახლი ვიპოვე, მაგრამ აქაც დიდი ბრძოლების გადატანა მომიწია. მეორე დღეს, დეკანატიდან შევიტყვე, რომ პროფესორ პიგუს უკვე მოვუკითხივარ. „დიახ“, – უთხრეს მას, – „ის აქ არის“.


იმ დროს შემპეინში ბინის ქირაობა უცნაური გამოწვევა იყო. ბაზარს მხოლოდ კომპანიები მართავდნენ, რომლებიც ერთწლიან კონტრაქტს მოითხოვდნენ, რაც ცალსახად პრერიული კოლექტივიზმის რაღაც გაუგებარ გამოვლინებას წარმოადგენდა. წმინდა წყლის გამართლებით, სამსაძინებლიან ბინაში ერთი ოთახი ვიპოვე.


ეს ყველაფერი ბარში, კოკა-კოლის სისინის, მაიონეზში ჩამხტარი კარტოფილის ხრაშუნა კბეჩის, ხელებისა და ტუჩების ხელსახოცით განუწყვეტელი წმენდის რიტუალის ფონზე, ერთიან კასკადად ჩამეღვარა გონებაში. მაგრამ შემდეგ, თავის ქალაში უცნაური, დაჟინებული კაკუნი დამეწყო – ტკივილი არა, უფრო რიტმი, დაუსრულებელი შინაგანი მშენებლობის ხმა, რომელსაც ვერაფრით ვხსნიდი. არ მაწუხებდა, უბრალოდ, ის იქ იყო.


ამ მდგომარეობიდან მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როცა პროფესორ პიგუს ტელეფონი სახიდან რამდენიმე სანტიმეტრში აღმოჩნდა. შეცბუნებულმა შევხედე. ხელი გამოეშვირა და ეკრანი ჩემკენ მოემართა, როგორც ერთი, მანათობელი დრაკონის თვალი.


„ეს შენი სახელია?“ – გავიგონე მისი კითხვა, უკვე მეორედ.


„ჰა?“ – სიტუაციის აზრს ვერ ვწვდებოდი. მერე გამინათდა: ის ტელეფონის ნომერს მიცვლიდა. ეს კოლეგიალობის მნიშვნელოვანი ჟესტი იყო, ნაბიჯი, რომელსაც ცოტა პროფესორი თუ გადადგამდა თავის სტუდენტთან ურთიერთობაში. მისთვის ჩვეული სიფრთხილით, ჩემი სახელი აეკრიფა და ეკრანი ჩემკენ მოებრუნებინა, მართლწერის დასადასტურებლად.


და სწორედ ამას მოჰყვა შეკითხვა; პაუზა, რომელმაც უეცრად ორაკულის სიმძიმე შეიძინა; რომელიღაც მივიწყებული პოპ-შედევრის მისამღერი. რა მქვია?

Comments


bottom of page