მბრუნავი დანები
- Gocha Okreshidze
- Oct 4, 2024
- 2 min read
Updated: Nov 19
დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 4 ოქტომბერი
დღეს JSD-ის სემინარი გვქონდა. აუდიტორიაში დიდი ინტერესით შევედი, გულში ვფიქრობდი: „კარგი, ახლა მაინც გავიგებ, რატომ არის ქოუზის ნაშრომი ისტორიაში ყველაზე ციტირებადი-მეთქი.“
თუმცა, საკითხავი მასალა მარტო ქოუზს არ ეხებოდა; გვქონდა ქოუზის „სოციალური ხარჯის პრობლემა“ და კალაბრეზისა და მელამედის „საკუთრების წესები, პასუხისმგებლობის წესები და გაუსხვისებლობა: კათედრალის ერთი ხედვა.“ პროფესორმა მცირე მიმოხილვა დაგვირიგა, გეგმა კი ის იყო, რომ ეს ნაშრომები ერთად უნდა განგვეხილა.
პროფესორმა ქოუზით დაიწყო. მისი თქმით, ქოუზის ნამდვილი რევოლუცია არა მხოლოდ გარიგების თეორემაში, არამედ მიზეზშედეგობრიობის ინოვაციურ ხედვაში მდგომარეობდა. მთავარი სათქმელი შემდეგი იყო: ქოუზი სრულად ახლებურად განსაზღვრავს მიზეზშედეგობრიობას. კლასიკურ მაგალითში, ხმაურიანი კონდიტერი ექიმს აწუხებს. ჩვეულებრივ, ვიტყოდით, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კონდიტერია, მაგრამ პროფესორმა აგვიხსნა, რომ ქოუზისეული „ჭეშმარიტებით“, პრობლემა ორმხრივია. საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ კონდიტერი ხმაურობს, არამედ ისიც, რომ ექიმი ფიზიკურად ისე ახლოსაა, რომ ამან შეაწუხოს. „ზიანი“ რომ არსებობდეს, ორივე მხარეა საჭირო.
ამას რომ ვისმენდი, ვხვდებოდი, რომ ვერაფერს ვიგებდი. ... რა? ეს რა რევოლუციაა? ეს უფრო სიტყვებით თამაშს ჰგავს.
მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. სემინარის ნახევარი ამ აბსურდულ და არაპრაქტიკულ ჰიპოთეტურ მაგალითებზე დავხარჯეთ. პროფესორმა ახსენა კაცი, რომელსაც ქუჩაში მბრუნავი ალესილი დანები დააქვს და ეშმაკის ბორბალივით ატრიალებს. თუ ის ვინმეს დაჭრის, ვინ არის პასუხისმგებელი?
ყველამ ერთხმად წამოვიძახეთ: „ცხადია, ის ტიპი, ვინც დანებს ატრიალებს!“
მაგრამ პროფესორი არ ნებდებოდა: „რას იტყოდა ქოუზი?“ მინიშნება ის იყო, რომ ხალხიც პრობლემის ნაწილია. რატომ დგანან ისინი ალესილი, მბრუნავი დანების გზაზე? რატომ არ გადაუხდიან „დანებიან კაცს“ საკმარის ფულს, რომ გაჩერდეს?
ბოდიში, მაგრამ ეს ყველაზე სულელური და შეურაცხმყოფელი რამაა, რაც კი ოდესმე აკადემიურ გარემოში მომისმენია. მსხვერპლს იმის გამო ადანაშაულებ, რომ არსებობს? ეს როგორ შეიძლება იყოს „სამართლისა და ეკონომიკის“ ინტელექტუალური საფუძველი?
ალბათ სახეზე მეწერა უკმაყოფილება, რადგან პროფესორმა გამიღიმა და თქვა: „ვიცი, გიჟურად ჟღერს. მაგრამ მარტო არ ხარ მაგ სკეპტიციზმში. კარგ კომპანიაში მოხვდი.“
შემდეგ მან მოგვიყვა ცნობილი ისტორია იმაზე, თუ როგორ წარადგინა ქოუზმა ეს თეორია ჩიკაგოს უნივერსიტეტში. პროფესორის თქმით, როცა ქოუზმა პირველად ჩამოაყალიბა თავისი არგუმენტი, მთელი ფაკულტეტი დასცინოდა. ეგონათ, რომ ჭკუიდან შეიშალა. მაგრამ ქოუზი მათ საათობით ეკამათა და ბოლოს ოთახში მყოფი უკლებლივ ყველა ადამიანი დაარწმუნა, რომ მართალი იყო.
პროფესორი ამ ამბავს ისე ჰყვებოდა, თითქოს გენიოსის ტრიუმფი ყოფილიყო. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი... ეს უფრო მასობრივ ფსიქოზს ჰგავს. ეს ხომ არ ცვლის „მბრუნავი დანის“ არგუმენტის მორალურ და ლოგიკურ კრახს?!
ჰოდა, ახლა ისევ ჩემს ოთახში ვარ. ხელში მიჭირავს სამართალში ყველაზე ციტირებადი ნაშრომი, რომელიც, როგორც ჩანს, ამტკიცებს, რომ თუ მბრუნავი დანებით შეიარაღებული ტიპი დაგჭრის, ნაწილობრივ შენი ბრალია, მასთან რომ არ ივაჭრე. და ნობელის ლაურეატების მთელი ჯგუფი ამას დაეთანხმა!
ვერ ვხვდები. ეს ყველაფერი უბრალოდ... სრული სისულელეა.




Comments