ჩება ჰატის სენდვიჩები
- Gocha Okreshidze
- Oct 24, 2024
- 2 min read
დღიურის ჩანაწერი: 2024 წლის 24 ოქტომბერი
დღევანდელმა დღემ მცირე გასართობი შემომთავაზა. პროფესორს მის კაბინეტში ვესტუმრეთ, მიმდინარე ემპირიული პროექტის განსახილველად, რომელიც ერთი შეხედვით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანს — კლიმატის ცვლილებას — ეხებოდა. როგორც თემა, კლიმატის ცვლილება სრულებით არ მხიბლავს; მივიჩნევ, რომ ეს პოლიტიკური აფიორაა. კაცობრიობა მართლაც რომ მონუმენტური, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგეს, განა კონსენსუსი უნივერსალური არ იქნებოდა? ამ დაპირისპირების სიცოცხლისუნარიანობა იმაზე მიანიშნებს, რომ სასწორზე სხვა რამ დევს. და მაინც, როგორც ემპირიული მეთოდების დაუფლების სავარჯიშო, პროექტს თავისი ღირსებები გააჩნია.
დილით მივედი და პროფესორის კაბინეტის გარეთ დავიწყე ლოდინი, თბილ ქურთუკში გახვეული, ქუდითა და ნიღბით — ჩემი სტანდარტული თავდაცვა გარემომცველი ბაქტერიების წინააღმდეგ. ბოლოს სხვა სტუდენტებიც გამოჩნდნენ და შესვლის ნებაც დაგვრთეს. ჩვენ ჩვენი კითხვები დავსვით; პროფესორმა ჩვეული, მინიმალისტური სტილით გვიპასუხა. მე ცოტას ვლაპარაკობდი, არ მსურდა გამემჟღავნებინა ის უხეში, დაბოხებული ხმა, რომელიც ვირუსებმა დამიტოვა. უბრალოდ ვიჯექი, როგორც თვალშისაცემი, მდუმარე სხეული.
მალევე წამოვედით და დერეფანში მე დანარჩენ სტუდენტებს გავუსწარი. ჩემს ზურგს უკან მომავალი სტუდენტების ჩურჩული ჩამესმა. ერთ მომენტში ყური მოვკარი ფონეტიკურ ფორმას, რომელიც ჩემს სახელს წააგავდა, შესაძლოა, მიხმობდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია. გზა განვაგრძე.
შუადღისას სხვა პროფესორისგან მოულოდნელი იმეილი მომივიდა, თავის ოფისში მიხმობდა. ეს გამოძახება ცოტა უცნაურად მეჩვენა, განსაკუთრებით იმავე პროფესორისადმი ჩემი უპასუხო იმეილებისა და შეკითხვების ფონზე. მისი მიზნის შესახებ თეორია უკვე ჩამომიყალიბდა, თუმცა მთლად დარწმუნებული არ ვიყავი.
სახლში ხანმოკლე შესვენების შემდეგ უნივერსიტეტში დავბრუნდი და მეორე სართულზე ავედი მისი კაბინეტის გარეთ დასაცდელად. ორიოდე წუთის შემდეგ დავაკაკუნე და აღმოვაჩინე, რომ კარი უკვე ღია იყო — ჩარჩოდან სინათლის თხელი ზოლი იპარებოდა. შიგნიდან ხმამ მითხრა, დამეცადა. ფუსფუსი გავიგონე — ქაღალდების შრიალი, ან შესაძლოა, ტანსაცმლის.
მალევე შიგნით მიმიპატიჟეს. პროფესორმა სკამი აიღო და პირდაპირ შემოსასვლელთან დადგა, შემდეგ მეორეზე, მის წინ მდგომზე მიმითითა. დავსხედით. ვიგრძენი, როგორ ჩამაჩერდა სახეში, მისი ანალიტიკური მზერა თვალებს მიბურღავდა.
მან პროცედურული თავაზიანობით დაიწყო — როგორ ვიყავი, საქმეები როგორ მიმდინარეობდა. დაინტერესდა, კმაყოფილი ვიყავი თუ არა იმ ჯგუფური პროექტით, რომელსაც დილით ნანახი პროფესორი ხელმძღვანელობდა. დეზორიენტირებული ვიყავი, ვცდილობდი საუბრის ნამდვილი ვექტორი გამეშიფრა, მაგრამ მგონია, რომ საბოლო ოჯამში თავი სათანადოდ გავართვი.
სათანადოდ, თუკი ერთ დეტალს თუ არ ჩავთვლით. არ შემეძლო მზერა მუდმივად გამესწორებინა. ეს ჩემი, ორიოდე წლის წინანდელი ავტოავარიის სამწუხარო გადმონაშთია; იმ მომენტიდან, თავის მაღლა, გასწორებულ მდგომარეობაში ჭერა ჩემთვის ნამდვილი გამოცდაა. ეს მწვავე ტკივილს და დაძაბულობას იწვევს თვალებსა და თავში. მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ ეს ფიზიკური შეზღუდვა მისი ანატომიის სხვა ნაწილებზე მალულ თვალის შევლების მცდელობად არ ჩამეთვლებოდა.
დაბოლოს, ეს უცნაური აუდიენციაც დასრულდა. „კარგი, მიხარია, რომ ყველაფერი რიგზე გაქვს და კარგად ხარ“, — ან რაღაც ამდაგვარი ბანალურობა შემომთავაზა პროფესორმა და მეც წამოვედი.
სახლისკენ მიმავალმა „ჩება ჰატის“ სენდვიჩები და პეპსი ვიყიდე და საღამოს ულუფად შინ წამოვიღე.




Comments